…დაიარება დღეს ქვეყანაზე


დაიარება დღეს ქვეყანაზე 
უკეთურება, ურჩი სიავე,
ადამის ძეო, წელგამართულო, 
ავაზაკობა რაღად იაზრე?

სულ იმ მონეტებს და იმ ქაღალდებს 
მოაქვთ ყოველი უბედურება,
რომ მოგვაჩეჩეს და შეგვაყვარეს 
ადრე ჭკვიანმა უბადრუკებმა,

ვერ გვისწავლია ორად გაყოფა, 
ცოტა მოთმენა, ცოტას დათმობა,
ყველას გაფრენა გვინდება ბოლოს, 
მაგრამ გამოვა მხოლოდ ქათმობა,

ასე ამბობენ: არავის უთხრა, 
თუ შენ ქვიშაში წყაროს მიაკვლევ,
არვის გაუყო, თუ რამე ჰპოვე 
და ქვეყანაზე რამეს მიაგენ,

გარეთ ხმამაღლა “მე” ისმის მხოლოდ,
მხოლოდ “მე” არის დღეს ვაჟკაცობა,
იმას აქებენ დღეს, ვისაც ბოლოს 
კარგად გამოსდის ქილის დაცობა,

ნუთუ ესაა დღეს ყველას ჰიმნი, 
ნუთუ ეს არის დღეს სიამაყე?
ვეღარ არჩევენ თვალდაბინდულნი, 
ეს სიხარბეა თუ სილამაზე,

სილამაზე კი ის არის მხოლოდ,
შენს ერთ ნამცეცს რომ ცხრა ძმას გაუყოფ,
თუ ძმა არა გყავს, შენნაირ მაშვრალ,
დაქანცულ სტუმარს საწოლს დაუთმობ,

გადაიფრენდა ღიმილი სახეს, 
გაინავარდებს ცის კამარაზე,
გულს რომ სიმშვიდე შეიპყრობს მხოლოდ,
მაშინ იქნება ეს სილამაზე,

ამაოება, კვლა და სიავე
დაიარება დღეს ქვეყანაზე,
ადამის ძეო, ძეო ღვთისაო, 
ავაზაკობა რად გაიაზრე?

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი