ქარბუქი ეზოში
ფანჯრებს სუსხიანი ქარი დაჰყვება და ბზუის, მინაზე ნახატებს ტოვებს. მისი ქროლვის ხმაც კი სიცივის მომგვრელია. უმატებს და უმატებს, ცდილობს შემოანგრიოს ფანჯარა და დაიკავოს ჩემი პატარა ოთახი. ოთახი, რომელშიც წლებია ვცდილობ რაღაც ახალი შემოვიტანო. ყოველი კარის გაღებისას იმედი მაქვს, რომ რაღაც ახალს და განსხვავებულს ვნახავ. მინდა ახალი კორიდორი დამხვდეს, ახალი გასასვლელებით. სამწუხაროდ, ის არ იცვლება, უფრო სწორად - ძველდება. კედლებზე ახალი ლაქები და ნაპრალები ჩნდება, ცოტახანში ჭერიდან წვიმის წვეთებიც ჩამოვა. მაინც მინდება ხელი შევავლო, ხან ერთ კედელს მივვარდები, ხან მეორეს. ამ რემონტის განმავლობაში უფრო და უფრო კრიტიკული ხდება მდგომარეობა მიუხედავ ადგილებში. დღეს დავინახე, თუ როგორ შელეწა ქარმა ხის ძველი ფანჯარა მოპირდაპირე კორპუსში. ბინის ბნელმა კუთხეებმა კიდევ უფრო საზარელი სახე მიიღეს. ეს სხვა სიბნელე იყო - გაყინული, მიუხედავი, დაკარგული. თითქოს ოთახი გარესამყაროს ნაწილი გამხდარიყო და ამას ხელს ვეღარავინ უშლიდა. ბავშვობიდან ერთი უცნაური ჩვევა მქონდა. ფანჯარას ხშირად არ ვაღებდი. მეშინოდა - სადღაც შორიდან მოსული გრიგალი ყველაფერს დამინგრევდა. ყველანაირ მოქმედებას თავს ვარიდებდი და ჩახუთული ჰაერის სუნთქვას ვამჯობინებდი. უცნობ ჭირს ისევ ნაცნობი არ სჯობია? მიუხედავად ამისა, ღია ფანჯრის დაკეტვაც არ მიყვარდა. ცივ ქარბუქს ვეღარ ვგრძნობდი, მის ქროლვაში ვიკარგებოდი. სიგრილე ჩემი ცხოვრების ნაწილი ხდებოდა, ვეჩვეოდი, მაგრამ ცოტახნის შემდეგ, როცა თითებში გაყინულ ძვლებს ვიგრძნობდი, დაბუჟებული ხელებით ფანჯრის დაკეტვა ძალიან მიჭირდა. ვაწვებოდი და ვფიქრობდი: ახლა ეს დამაკეტინა და სხვა დროს აღარ გავაღებ-მეთქი. ყოველკვირა, ყოველთვე, ყოველ წელს იგივე მეორდება… და გათენდა ის საშინელი დღე… ჯობდა იმ ღამით მომვკვდარიყავი… თვალის გახელამდე ქარის ხმით მივხვდი ყველაფერს… წამოვხტი, გარეთ გავიხედე და დავინახე… ყველა ფანჯარა, დიდი თუ პატარა, ხისა თუ ფოლადის, ძველი თუ ახალი, განადგურებულიყო. ზოგს ცალი მხარე საერთოდ შენგრევია, ზოგს მინები ჩაემსხვრევია, ზოგი კი ბოლომდე გადეყლაპა ამ ჯოჯოხეთურ ქარბორბალას. მიწაზე კორპუსიდან გადმოცვენილი უამრავი რამ ეყარა… ნივთები, რომლებიც ამდენი ხნის განმავლობაში ხალხს ერთმანეთთან აკავშირებდა, მათ მოგონებებთან ასოცირდებოდა. ოთახები, რომლებსაც ასე უვლიდნენ, ერთი დიდი სივრცის უმნიშვნელო წევრები გამხდარიყვნენ. ისინი პატრონებს აღარ ეკუთვნოდნენ, ყველა მათგანი ერთმანეთს ჰგავდა, ყველა მათგანში ცივი ქარი დაქროდა, კედლებზე მხიარულად ბზუოდა. კმაყოფილი ქარი ბოროტი ხმით დამცინოდა… ჰა ჰა ჰა! რა საცოდავი ხარ!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი