ეკლები


ტანზე საბანმოხვეული მაგიდას მივუჯექი და ცარიელ ფურცლებს ცქერა დავუწყე. ზოგადად, მსგავს სიტუაციას ძალიან საინტერესო რამ ახასიათებს. რაღაც ბავშვური და ამავდროულად სერიოზული ხალისი გიჩნდება. გინდება შენს წინ არსებული სიცარიელე რაღაცით შეავსო, რაღაც შენეულით. 

მეც მინდა ახლა ფუნჯი მოვიმარჯვო და ფურცლებზე ის გამოვსახო, რაც დღეს ღამე არ დამაძინებს. მინდა, მაგრამ ჯერ ხელი ვერ მოვიშუშე... 

“ვინ არ ყოფილა მიჯნური, ვის არ სახმილნი სდებიან,
ვის არ უნახვან პატიჟნი, ვისთვის ვინ არა ბნდებიან?
მითხარ, უსახო რა ქმნილა, სულნი რად ამოგხდებიან?
არ იცი, ვარდნი უეკლოდ არავის მოუკრებიან!”

ვიცი, მაგრამ ვარდის საკრეფად წასულს მხოლოდ დასერილი ხელები და შიგ ღრმად ჩასობილი ეკლები შემრჩა. შედარებით მარტივად მოსაშორებლებს ყიველდღე გამალებით ვიჩიჩქნი. თითოეულ წამოქაჩვაზე მახსენდება ვარდების მდელოს ამბები - ნაზი, წითელი ყვავილების უხეში მწვანე ღეროები, რომლებთან კონტაქტიც წარმოუდგენლად მტკივნეულია. ეგ არაფერი, ცოტას მოითმენს კაცი, მაგრამ ეს ეკლები რომ არ მთავრდება? 
 
იქნებ ამ პატარა და საზიზღარმა ნაწილებმა ჩემს სისხლსა და ხორცში იდეალური თავშესაფარი იპოვეს? ფესევები გაიდგეს და აღარსად მიდიან? ჩემში ნახეს ის, რაც მათ დებს არ აქვთ მდელოზე? ნამდვილად ასეა. ვგრძნობ, ნელ-ნელა და ტკივილით იზრდებინ მთელს ტანში. 

ცოტახანში გონებას ახალი ვარდების მდელო ფარავს, რომლის სურნელზე ფიქრიც კი საკმარისია განცდილი ტკივილის  დასაფარად. ეს ლამაზი არსებები გიპყრობენ და გატყვევებენ, ყოველგვარ გასაქცევ გზას გირაზავენ. 

რატომ? ამაზე პასუხი, ალბათ, პირველი ვარდის მომყვანსაც არ აქვს. 

ახლა ვიღებ ფუნჯს - ფურცელს სისხლისა და ცრემლის საღებავით ვაფერადებ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი