ჩემს იასამნისფერ ოცნებას (ლიკას)


დღეს ვინიშნავ მნიშვნელოვან თარიღებს,
რადგან ირგვლივ უშენობა წრიალებს,
დაწერილი ლექსები გავს განრიგებს
როცა სულში ვიოკებდი იარებს,

დღენაკლულთა ხვედრი ისე მამხნევებს,
დღიურებში აღწერეო სიმართლე,
ნუ უცდიო, ნუ უცდიო მნახველებს,
ეძებეო, ეძებეო სინათლე,

იცი ჩემო რამდენი მაქვს სათქმელი?
ფიქრის წრეში შენთან ერთად ვტრიალებ,
სულ არ ვიცი, სულ არ ვიცი რას ველი,
მაგრამ დარდებს იცი როგორ მიამებ? 

რამდენ ყვავილს შევადარე სურნელი,
მაგრამ მხოლოდ იასამანს გადარებ,
იცი ჩემო შენსფერ ბაღში სულ გელი,
მოხვალ ანდა მე გიპოვი მანამდე,

რამდენ რამეს გიამბობდი შენამდე,
რა გადამხდა სანამ შენზე გავიგე,
ვაგვიანებ, ვაგვიანებ, შემინდე,
თუ მომისმენ ყოველივეს გამიგებ,

განცდა მქონდა თითქოს სავსეს მაგიერ,
ვარ დაცლილი, გაბზარული ჭურჭელი,
სანამ აწმყო შენთან მოსვლას მაღირსებს
ხელში მრჩება სევდის სველი ფურცელი,

იცი ახლა რომ ვინიშნავ თარიღებს,
არის შენთან დაბრუნების წამიდან,
როცა ზეცა სამოთხის კარს გამიღებს,
იქაც, იქაც შეგიყვარებ თავიდან . . .

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი