უზადო მსროლელი, ბენჟამენ ონიანთან ერთად


დავტირი სხეულში წარსულის პანთეონს,
პარაკლის აღავლენს ჯვარცმული მესია.
ცოცხლებმა კი არა, მკვდრებმაც არ გამთელონ,
სარკის წინ ვდგავარ და სიცოცხლის მრცხვენია.

​რა მინდა, არ ვიცი, დამაჭრეს ფრთები და
ტყუილის ძაფებით კერავენ იარებს.
მე მაინც ჯიუტად ცოცხალი ვრჩები და
ოდესმე სულ ყველა თავისას ინანებს.

​მე თუ დღეს სიკვდილი წყალივით მწყურია
და თუ ხვალ იმედი არაფერს არ შერჩა,
რას ვიზამთ, ცხოვრება ასეთი რთულია 
მომეცით ფიალა, ბოლოჯერ რომ შევსვა...

​დანებდნენ ლამპრები როგორღაც საჩვენო
და სულის მორევში იხრჩობა ლილია.
მინდა, რომ ეს სუნთქვა უჩემოდ გაჩვენო 
როგორი მწვავე და როგორი ცივია.

​უსაზღვროდ ცხადია, თუ რასაც მოველი,
ეგ შენი სიშორე ვაზნებათ მაცვია.
დამბაჩას აკლია უზადო მსროლელი 
უდავო პოეტის უბრალო მარცხია.

​და დიახ, იელვა, დაეცა შუქები
და დიახ — ცრემლები განცდებში ილტვიან...
უსულო სხეულზე ეგ შენი ტუჩები,
ვწუხვარ, რომ სრულიად ვერაფერს იტყვიან...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი