***


*  *  *

არ მახსოვს, ნეტავ რა დრო გავიდა,
იმ ღამიდან_ ამ ღამის მოსვლამდე,
პირველი ლექსის წერის წამიდან,
ამ ღამის ლექსის სულის მოთქმამდე?!

ვერაფრით დავთმე ეს მავნე ჩვევა,
ასე ხშირ-ხშირად გულს რომ მიშფოთებს!..
თითქოს ქვეყანა თავზე მექცევა,
და ყველა მხრიდან მესვრიან თოფებს.

ჩამისაფრდება მტარვალი მუზა,
ზოგი მას უფლის წყალობადაც თვლის...
გულამომჯდარი, სიტყვების გუდას,
გავხსნი და უმალ ბოლომდე დავცლი.

სულის ზურგიდან ვიხსნი სიმძიმეს,
ხურჯინს, ლექსების კედლის საკიდზე,
ვკიდებ_ ტკივილიც ქრება, იძინებს
და ვცდილობ ისევ აღარ ავტირდე...

მაგრამ ვაი რომ ლამაზ სიზმრებში,
მსტუმრობ და ისევ მიღიმი თბილად...
ეგ საოცარი სიტურფის ეშხი,
ვინ დაივიწყოს უცებ, ადვილად!..

არ მახსოვს, ნეტავ გავიდა რა დრო,
პირველი ლექსის წამიდან დღემდე?!
შენს ყინულოვან გულს ვერ გაადნობს,
ვერც პოეტი, ვერც მდიდარი მეფე.

ფრიდონ ზოიძე

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი