შავთვალკაკალა


მომხიბლა ქალის რიდე- მანდილმა,
მისმა სიტურფემ და მოკრძალებამ...
წელზე და მკერდზე ნაწნავდაყრილმა,
თვალთა უჩუმრად გამოპარებამ.

მისი ღიმილი ჰგავდა მზის არილს,
სიარული კი წყაროს დინებას,
შავთვალკაკალა, ლამაზი ქალის,
ვერ შევძელ ლექსით გადმობირება.

წარბ-წამწამები უჩრდილავს ღაწვებს,
ვარდის სურნელი მათრობს, მერევა...
ტრფობის ალებმა დამდაგეს, დამწვეს
და აღარა აქვს გულს მოსვენება.
 
დავალ, დავეძებ მთასა და ბარად,
დღე_დღეს და ღამე_ღამეს არა ჰგავს.
ეჭვებმა გული დამიავადა,
ცრემლები დამდის თვალზე არაგვად.

მომხიბლა ქალის რიდე- მანდილმა,
მისმა სიტურფემ და მოკრძალებამ...
წელზე და მკერდზე ნაწნავდაყრილმა,
თვალთა უჩუმრად გამოპარებამ.

ფრიდონ ზოიძე

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი