მეზღვაურის ლექსი
ღამეა, მზისფერ ბალიშზე მძინავს, საწოლზე მიზის სიზმრის მისანი! მე შუა ზღვაში ფიქრები მძირავს, გული გამიხდა ერთი მისხალი. მარყევს ბობოქარ ქცევის ტალღები, გემის კიჩოდან ვუცქერ ჰორიზონტს... უსასრულო გზა_ ვეღარ ვწყნარდები, -ღმერთო! რამდენხანს, ასე შორი-შორს? ტალღები_ ო, ეს ლურჯი ტალღები, როგორც დარდები აწყდება სხეულს... შენს ოცნებებში თითქოს ვლაღდები, ლექსებით ვავსებ ცალხაზა რვეულს. და როცა სევდა შემიპყრობს ძალზედ, იანგულს ვგავარ ამდროს ბუნებით... აქ მუზა უფრო სწრაფია ქარზე, ფიქრით ყოველწამს შენთან ვბრუნდები. დავბრუნდები და მალვე შეგხვდები, რომ მონატრებას ზღვაც კი ვერ ითმენს... აშრიალდება ჩვენი ვერხვები და მუზა შენთვის რითმებს მომიფრენს. შენ გძინავს გულის წითელ ბალიშზე, მე შუა ზღვაში დარდები მაკრთობს, ჩემი რვეულის ლურჯი სანიშნე, აწყვეტილა და ლექსებით გათბობს. ფრიდონ ზოიძე
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი