ტყვიაგაუმტარია...


ერთი დიადი მიზნის გარშემო,
ჩვენი ქვეყანა ერთიანდება...
მტრობით ნანგრევი ერთად ვაშენოთ,
თორემ ხომ ხედავთ გვაგვიანდება.

ერის კაცებო და ვაჟკაცებო,
მანდილოსნებო, დედებო ქართლის
ჯარისკაცებო, სახლის კაცებო,
დასრულდა ჟამი წარსულის განსჯის.

ახალ დღესა და ახალ მზის სხივებს,
იდეებით და იმედით შევხვდეთ...
სამშობლოს ფასი ვასწავლოთ შვილებს,
რომ უფლის გზაზე არასდროს შევცდეთ.

რაც წარსულ დროში სისხლი დავღვარეთ,
რაც ადრე ძმებმა ვკალით და-ძმანი
ღმერთო შეგვინდე და ეს გვაკმარე
გაგვითბე გული წყენით დამზრალი.

ერთი დიადი მიზნის გარშემო,
გავერთიანდეთ ყველამ ქართველნო!
დედამიწელებს კვლავაც ვაჩვენოთ,
ივერთ ერთობა, რომ ვერ გაგვთელონ!

წინაპრის გენი არასდროს სცდება,
წინათ ერთობით გაგვიხარია...
სულისკვეთება თუ არ მოკვდება,
მაშ_ რწმენა ტყვიაგაუმტარია.

ფრიდონ ზოიძე

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი