ნაბიჯით იარ!


თავი-XV


2007 წლის 24 აგვისტოდან, ა.წ 23 სექტემბრამდე გეგა ნემსაძის შვებულება უკვე ძალაში შევიდა და პარასკევ საღამოს კრწანისის სასწავლო ცენტრი სწრაფი ნაბიჯით დატოვა და წინასწარ საგანგებოდ გამოძახებული ტაქსით გაეშურა სახლისკენ.
გიორგის მდგომარეობა საგრძნობლად დამძიმებულიყო!  ქორწილის თარიღიც ახლოს იყო და გიორგის მოულოდნელი ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმება საქორწილო სამზადისს თავდაყირა აყენებდა.
გეგამ ტაქსის მძღოლს გზაშივე გადაუხადა თანხა და როგორც კი საცხოვრებელ კორპუსს მიუახლოვდნენ, გააჩერებინა, სწრაფად სტაცა ჩანთას ხელი და სადარბაზოში სტიქიურად შეირბინა.  სადარბაზოსთან სასწრაფო დახმარების ავტომანქანა იდგა...
სახლის კარი ღია იყო, მისაღებ ოთახში თეთრხალათიანები ირეოდნენ.
 მადლობა ღმერთს დროულად მოვიდა სასწრაფო დახმარების ბრიგადა... 
გიორგის ამ ქვეყნის ფერი დაუბრუნა ექიმის მიერ დროულად გაწეულ დახმარებამ... 
ეს ვერაგი დაავადება, რასაც სიმსივნე ჰქვია, საჭიროებს მუდმივ  ყურადღებას... ასი თვალი , ასი ყური ქ.ნო ნელი... ერთ დღეს, შეიძლება  ისე კარგად იგრძნო თავი, თითქოსდა არაფერი გაწუხებს, თუმცა მოულოდნელად შეიძლება თავის წნევის აწევამ ან დაწევამ ლეტალური შედეგი დააყენოს წამებში. ამ სტადიაში ძნელია ზუსტი პროგნოზი გააკეთოს პროფესიონალმაც კი... 
ქიმიოთერაპია ახალი გაკეთებული აქვს, 20 აგვისტოს ვიყავით თბილისის ონკოლოგიურ საავადმყოფოში. 
გასაგებია... ორი, სამი დღეც და შედარებით უკეთ გახდება... ჯანმრთელი ორგანიზმი აქვს და სულიერადაც არ ეცემა როგორც ჩანს... 
დიახ... ყოფილი ფეხბურთელია... მიუგო ნელიმ და სევდიანად ჩაფიქრდა. 
ექიმმაც უსიტყვოდ ჩაალაგა სამედიცინო ყუთი და ნელ-ნელა, უკანმოუხედავად ფეხაკრებით ჩაიარა კიბეებზე.
გეგამ მაგიდაზე მდგარი დოქიდან წყალი ჭიქაში დაისხა, დალია, ღია ბინის კარებს თვალები გააყოლა, ჩამოჯდა სკამზე და რაღაცაზე ჩაფიქრდა!
თეა და ნელი დივანზე იჯდნენ და მედიკამენტების შესანახ სპეციალურ ყუთში, ამოყრილ წამლებს ალაგებდნენ, რომლებიც მაგიდაზე იყო გაფენილი. 
ყრუ სიჩუმე და სევდა ჩამოვარდა მისაღებ ოთახში. სადარბაზოდან გრილი ნიავი შემოდიოდა და სიცხეს ცოტათი ანელებდა. 
სიჩუმე ნელიმ დაარღვია:
-გეგა, შვილო... რა ვქნათ ახლა ქორწილზე, მამაშენი რომ ვერ გამოკეთდეს?! 
-არ ვიცი დედა... შვებულებაში გავედი დღეს. ბანკიდან კრედიტი უნდა გამოვიტანო... ორშაბათს მივალ და ვნახოთ რამდენს მომცემენ. 
თქვენ არაფერზე ინერვიულოთ. ნინოს მშობლებიც დამეხმარებიან და სულ ერთ-ორ დღეში მოგვარდება ყველაფერი! 
ბევრი არაფერია საჭირო, 
სულ რაღაც ას კაცამდე ვიქნებით საერთო ჯამში. 
ყველაფერს რესტორნის ადმინისტრაცია და იქ მომუშავე  პერსონალი გააკეთებს...
ძალიან მინდა ნინოს საპატარძლო კაბაში ნახვა!..
წარმომიდგენია მისი ლურჯი თვალები, გადაწკენტილი წარბები  და გრძელი წამწამები როგორ მოუხდება თეთრ კაბას_ თქვა თეამ...
გეგას ლამაზად ჩაეღიმა და თავი ჩახარა! 
იქნებ მამაშენიც მოესწროს შვილისშვილს გეგა- ნაღვლიანად ამოიოხრა ნელიმ და თვალები დაუსევდიანდა! 
ღვთის ნებით ყველაფერი კარგად იქნება... გაამხნევა თეამ დედა და გეგას სამხედრო კეპი დაიხურა!
ჩავალ მაღაზიაში ნაყინს და ცივ ლიმონათს ამოვიტან, მანამდე გეგას საჭმელი მოუმზადე დედა!
მომავალი ექიმი და ლამაზი ტანის თეა, თავისი მოხდენილი ჭრელი კაბით სახლიდან ჰაეროვნად გაფარფატდა!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი