სიბერის პრელუდია


აქ წერტილს არ ვსვამ...
სასაცილო იქნებოდა ასე დაწყება,
თუნდაც სიბერის...
და თუმცა თავსხმა ჩემს სურვილებს
სველ თმებში ხლართავს,
ამ სისველეს ისე ვიფერებ _
გახუნებულ თვალებით ვართავ
ჭრელ მოგონებებს და არა, არ ვსვამ,
არც ვეწევი, ისე... ვისვენებ...
არა ვსვამ-მეთქი, თორემ, აბა, რა ბედენაა
(ვისკი ისედაც უხდება წვიმას)...
ფიქრი წყალივით ამედევნა და მგონი გამცდა,
ბედისწერაა სიყვარული, თუ ვენდეტაა,
გადმომაბრალა ფოთოლცვენა, ქარიც და წვიმაც,
ჩამოაბერა სურვილები ფერად-ფერადი
და პილიგრიმთა თუ მომლოცველთა
ცისფერი მექა _ აქაც და იქაც _
ნამსხვრევად იქცა დერვიშების თავშესაფარი....
ღვინოც წყლად მექცა, სიტყვა _ სეტყვად, თან მიზანს ასცდა,
არ შეიწოვეს მოდრეიფე წყალში ფესვებმა,
ცა ცის კიდიდან ჩამოიქცა და გუბედ ჩაწვა
მაზუთიანი ასფალტების ფეიერვერკებთან...
აქ წერტილს არ ვსვამ...
გაწვდილი ხელით კიდევ ერთი უღიმღამო დღე ვიმათხოვრე,
დგას კართან როგორც გალუმპული ერთგული ტაქსა
წყნარი მზერით და უნებლიედ მაინც მაგონებს,
რომ დღეს თუ არა, რომ ხვალ თუ არა, რომ ზეგ თუ არა,
ახლოა უკვე _ გაბრუნებას აღარ აპირებს
გაუქმებული კლიტეების საკეტთა ასხმა _
ჩემი სიბერის პრელუდია და სიმარტოვე...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი