ძილის დროა
არა არა და არა! არ შემიძლია ეს ობოლი ბავშვები,სევდანაყლაპი ზღვისწყალივით რომ უჩანთ თვალები. არ შეიძლება ნახევრად დაკუჭული ტანსაცმლითა და ჯერ დაუღალავი, თუმცა სითბოსნაკლებობისგან დამსკდარი ხელებით აღებდნენ იმ სახლის კარებს, სადაც დედა არ დახვდებათ და გულში არ ჩაიკრავთ. არ შეიძლება დადიოდნენ მარტო საფლავებზე და კერპად იქმნიდნენ სიკვდილისგან გაფითრებილ საფლავის ქვებს. არ შეიძლება ამდენი ობოლი, არა! ვაითუ მათი ამონასუნთქი ჰაერიც კი უდედმამობითაა გაჟღენთილი. მათი ყოველი ღიმილიც ხომ ობოლია. არ შეიძლება ამდენი ცოცხალი შვილის არაცოცხალი მშობელი,არა. არა და არა! არ შეიძლება ამდენი შვილმკვდარი მშობელი არა! არ შეიძლება მათი სიარული ჩაღამებული თვალებითა და სახეზე შეყინული სიმწრის ღიმილით. არ შეიძლება ამდენი მკვდარი შვილი! არ შეიძლება მშობლის ზრუნვა მტვერთან ერთად გაფრინდეს. არ უნდა იჯდეს მშობელი ფანჯარასთან და ელოდოს მას, ვინც არასდროს მოვა. შვილმკვდარო მშობლებო,აიყვანეთ ობლები. იქნებ თქვენი სიცარიელეები მოერგოს ერთმანეთს და სულის ჯურღმულებში გზა გაგიკაფოთ. ხომ შეიძლება დედაჩემი იყოს ყველა ობოლის დედა, მე კი ყველა შვილმკვდარი მშობლის შვილი? დაასრულეთ ეს მარაზმი,მორჩა! არ შეიძლება სხვას დედა უკვდებოდეს და შენ არ გტკიოდეს. მე მტკივა ყველა ობოლის ტკივილით. მათი დედის სიკვდილის დროს, მეც მიკვდება ჩემი წილი დედა. გააჩერეთ დრო. შეახსენეთ ადამიანებს რომ მოკვდავები ვართ, რომ ამ წამის გარდა შეიძლება ვეღარასდროს შეხვდეთ. თქვენი სიყვარულები გულში ჩაახუტეთ ერთმანეთს. გააგებინეთ რომ გიყვართ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი