ქალბატონო
თქვენ, ქალბატონო, იცით ვის ჰგავხართ?!. ჩემ პირველ ცოლს და შვილების დედას; თქვენც ისე მორცხვად და კრძალვით დგახართ, როგორც მას სჩვევის, როდესაც მხედავს. დიახ, ხვეული თმები აქვს მასაც, თქვენს მსგავსად ძალზე ღიმილი შვენის; ჩურჩულით ხშირად ვამბობდი მასთან, რომ მისი მგავსი მინდოდა შვილიც... რომ მის თვალებში ეტევა ღმერთი, რომ მიყვარს ცამდე... და უფრო მეტიც: რომ ის ამ ქვეყნად არსებობს ჩემთვის და რომ ის არის ამ ქვეყნად ღმერთიც!.. სიტყვა გამიგრძელდა, ჩემო ქალბატონო, შენდობას მოვითხოვ, იქნებდა დაგღალეთ... იცით ქალბატონო?!. სიგიჟე მეწვია, ცაზე ვარსკვლავები მიტომაც დავთვალე... ლოყების სიწითლეს გთხოვთ ნუ შეიმჩნევთ - მჩვევია, როდესაც ღმერთის წინ ვჩერდები... აქედან პირდაპირ ტაძარში მივირბენ, რომ მუდამ გახსოვდეთ: ამისვე ვედრებით. და ბოლოს მინდა, რომ ერთი რამ იცოდეთ: არასდროს მყოლია ცოლი და საცოლე; უბრალოდ მელექსედ ან გიჟად მიცნობდეთ, რომელსაც ქუჩაში წუთები დაუთმეთ...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი