წვიმა და ვალსი


ისევ ჩავუვლით ნაცნობ ქუჩებს, ნაცნობ სართულებს...
და კვლავ მარტო ვართ, წვიმისაგან დაცლილ ქალაქში...
როცა ფიქრობენ რომ ეს წვიმა რამეს ართულებს,
ჩვენ მაშინ ვკეცავთ მწვანე ქოლგებს, წვიმას ვნებდებით.

წვიმს და წვეთების ჰარმონიას მოჰყვება ვალსი;
და ყველა რიტმი რითმულია, ჩვენი ქმედების...
ისე ახლოს ვარ შენს დაწვიმულ წითელ ტუჩებთან,
ახლა წვეთებზე მეტი არის ჩემში ვნებები.

ვნებდებით წვიმას და სიცილი მისწვდება ცამდე...
გაშლილ მკლავებში რომ გვეტევა მთელი სამყარო!..
მსგავსი დღეების არსებობა უბრალოდ გწამდეს,
გული, ათასჯერ ნატყვიარი, რომ გაახარო...

ყველა სურვილზე მეტი არის ახლა დღეები - 
დღეების მთელი კოლაჟია ჩვენი ცხოვრება.
ძარღვებს ასკდება ძველებური განცდით ვნებები;
ვნებები ჩვენი სახლია და მთელი ქონება...

ჩვენ კვლავ ჩავუვლით ნაცნობ ქუჩას, ნაცნობ სართულებს...
ქუჩაში ჩვენ ვართ - წვიმაშია ცხოვრების არსი;
და ეს წვიმები ვეღარაფერს ვეღარ ართულებს,
რადგან წვიმების სიმფონიას უხდება ვალსი...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი