სანამ წვიმს
წვიმდა და ვნებით ავსებული ცივი საღამო, ქუჩებში ღამის გუშაგივით დაჩანჩალებდა, წვეთები მინებს ჩამოღვროდა როგორც მალამო, თითქოს ბუნება მებრძოდა და არ მაჩქარებდა. გზა არეული ლაბირინთში მივაბიჯებდი, ვიმახსოვრებდი ყველა კვეთას, ყველა ლამპიონს, სველ ტროტუარზე ნაცნობ მზერას ვერსად ვიჭერდი, მხოლოდ ფანჯრებში გასდიოდა ბოლი ყალიონს. და სადღაც ქუჩის დასალიერს ნაცნობმა ჩიხმა, გამიხსენა და შემიფარა გზა არეული, ვერ ამიტანა და ვერ მძლია კვლავ იმის შიშმა, რომ იქნებოდი რომელიმე გადარეული. წამს წვიმა შეწყდა, ნაბიჯები მოახლოების, ნაცნობ თვალებთან შეჯახება მომენტალური, ღიმილის გაცვლა, გახსენება ძველი როლების, პირველი სიტყვა - როგორახარ?! (კვლავ ბანალური). ვწყდები ყველაფერს ჩვენს ირგვლივ და უხეშად გიმზერ, ვეწევით თრიაქს თან ვიცინით „სულელობებზე“ და ჩახუტება მიზეზებით -სიცივის ჯიბრზე, ფიქრი აუხსნელ, მოძალებულ უცხო გრძნობებზე. გაჩერდეს დრო და გაიწელოს წამების შეკვრა, დაე სიცივემ ვერ მოვჭამოს ვერცერთს ფეხები, ვიცეკვოთ ყველა თუნდ ათასჯერ ნაცეკვი ცეკვა, შენ ოღონდ მჭიდროდ შემომხვიე მხრებზე ხელები. ეს იყო როცა მაღვიძებდა შენზე ფიქრები, ეს იყო როცა პოეზია გაუფასურდა, და მანამ სანამ თუნდაც ბოლო წამზე ვიქნები, ნუ გაიფიქრებ ყველაფერი უკვე დასრულდა. **************************************************** მიაბიჯებდა ქუჩის ბოლოს გოგონა ქოლგით, ვიდექი თითქოს გავიზარდე მეც ამ კვეთაზე, და ვიზრდებოდი ჩვეულებრივ მხოლოდ იმ „ლომკით“, რომ მიღიმოდა დღეში ერთხელ გადაკვეთაზე. /ჩრდილია/
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი