მეგობარო III


ჩემო მეგობარო, დღეს გამახსენდი. 
დასაწყისით არ მინდა იფიქრო, რომ ბოლო საუბრის შემდგომ არ გამხსენებიხარ, პირიქით, ისევ ხშირად მეფიქრება შენზე და ჩვენზე.
„დღეს“ იმიტომ გამოვყოფ, რომ განსაკუთრებულია. იმის ახსნას არ დავიწყებ, რატომ და რისთვის(არა იმიტომ რომ არ ვიცი, უბრალოდ შენ ისეც ხვდები). 
რაც უფრო ვცივდებით, მით უფრო იზრდება ჩემში ნოსტალგია. მენატრება შენთან ერთად გატარებული დრო და იმაზეც ხშირად ვფიქრობ, რომ რაიქნებოდა ან რაიქნება ჩვენი ერთობით დღეს ან მომავალში. შენ თითქოს ტყუპისცალი იყავი ჩემი, ან უფრო ახლო - ერთი სხეული და ორი ხედვა, მიზანი, ოცნება(შენ შემთხვევაში გაურკვეველი ან ბავშვური). განსხვავებული ნაბიჯები გვქონდა ყოველთვის და ამის გამო ერთმანეთში ხშირ კომფლიქტს ქონდა ადგილი, თუმცა მაინც მენატრები. ყოველი ჩხუბი, კამათი, ლაბირინთები - რომლებიც განუყოფელი იყო, მანერები, ჩვევები და ახირებები. ახირებებში, ვაღიარებ, შენ უბადლო იყავი.
მინდა გითხრა, რომ გავიზარდე. ბევრით არა, თუმცა იმდენით, რომ ჩვენს შორის უკვე შესამჩნევი სხვაობაა. იქნებ ეს არის ჩვენი დაშორების რეალური მიზეზი? იცი, შენ რატომღაც არასტაბილური ხარ და ეგეთად დარჩი. ხომ იცი რომ შემეძლოს მეც დავრჩებოდი...
მეგობარო, მინდა ერთი რაღაც გულწრფელად ვაღიარო, მშურს შენი! მშურს, რადგან შენ ფრთები შეგრჩა, მე კიდევ ბოლო ბუმბულს დიდი ხნის წინ დავემშვიდობე. ჩვენი მეგობრობა აღარ გამოვა და შენც უკვე ეჩვევი. მიხარია, რომ ჩემი გესმის.
დავიწყებას ვცდილობდი, თუმცა ვერ დაგივიწყებ, შენ როგორც ჩემი ბავშვობის ნაწილი, ჩემში იცოცხლებ.
მინდა სიტყვა მეგობარო შენს სახელად მიიღო, რადგან ჩვენს შორის მეგობრობის ადგილი აღარ არის. შენ ამასაც ხვდები და ამასაც გამიგებ. 
დროებით მეგობარო!

/ჩრდილია/

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი