მთის კალთაზე სახლი ...


მთის კალთაზე სახლი მედგას,
ხეც ხარობდეს ათიოდე,
იისფერად, განუწყვეტლად
ცაში კვამლი ადიოდეს.
ბუხრის პირას მუხლმორთხმული
ვით ზღაპარში, ვიჯდე მწყრალი,
ჩემზე იყოს გულმოსული
ჩემი თეთრი დედოფალი.
ბუხარივით გუზგუზებდეს _
მხიარული მქონდეს გული,
ჩემს ბავშვობას მაგონებდეს
ცოლის ტკბილი ჩონგურული.
გასაზრდელი ბიჭი მყავდეს,
გოგო მყავდეს თაფლისთვალი,
შავგვრემანი მამას ჰგავდეს,
დედას _ მისი თეთრი ქალი.
დამეზარდონ სანაქებოდ
და მათ დაჰყვეთ დედის გული,
მამასავით იოცნებონ
საქართველოს სიყვარული.
მთის კალთაზე სახლი მედგას,
ხეც ხარობდეს ათიოდე,
იისფერად, განუწყვეტლად
ცაში კვამლი ადიოდეს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი