ჩემს ძველ ბინაში
ჩემს ძველ ბინაში რაღაც დავტოვე, ფიქრი, ალერსი, დარდი, ზმანება. ხშირად ამიტომ ვგრძნობ სიმარტოვეს და განშორებაც დამენანება. რაც სულს გააჩნდა მცირე ქონება, დედას გადურჩა შეუფუთავი, ბევრი ოცნება და მოგონება დღეს იქ ზუზუნებს, როგორც ფუტკარი. ვნანობ, იქ დარჩა განძი ნამდვილი, ღამის თევა და ბევრი ღვიძილი. რაც ვერ შეფუთა ცოლმა ბარგივით მინებს მიმსკდარი ჩემი სიცილი. ვერც გალიაში ჩასვა ჩიტივით ჩუმი, გულთბილი დედის ალერსი, გახარებული ბალღის ტიტინი და მისი კოცნა უმხურვალესი. მან ვერ აკრიფა გამწყდარ მძივივით მიმოფანტული ჩემი ცრემლები, ვერ შეახვია დედის ღიმილის, მამის ღიმილის ცისარტყელები. ვერ წამოიღო ჭერზე მიხლილი სტუმრის ლილეო ომახიანი, ვერც ახლობელის ტკბილი ღიღინი და ვერც მთაწმინდის გრილი ნიავი. ვერ წამოიღო ჩემი ქუხილი, ბგერები ჩემზე გაბუტულები, ხან სიხარული და ხან წუხილი, ბარტყივით სადღაც მიყუჟულები. იქ დამრჩა სევდით და აღტაცებით სიზმრად შეთხზული ბევრი შაირი, ამოლამბული სიტყვის ძაფებით და პოეზიით სავსე ჰაერი. იქ ძველ ბინაში რაღაც დავტოვე, ფიქრი,ოცნება, დარდი,ზმანება. ხშირად ამიტომ ვგრძნობ სიმარტოვეს, "დავდივარ... ვწუხვარ და მენანება!"
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი