მე სამუდამო სიხალისეს
მე სამუდამო სიხალისეს არსით არ ველი, როგორც მთებიდან ჩასახლებას ბარად მთიული, გამიგონია მე ნაღველი განუქარველი, მაგრამ ვის ახსოვს სიხალისე მარადიული. ხშირად ძალიან სიხარულში ჩამეძინება, უფრო ხშირად კი სიფხიზლე მაქვს დასატირები, თქვენ კი იცინეთ მეგობრებო, თუ გეცინებათ, ქვეყნად ბევრია თქვენისთანა ლაღი გმირები. ეხლაც მარტო ვარ, ცხარე ცრემლებშეუშრობელი, დანაცრებული, როგორც ძველი ქორონიკონი, სიმარტოვეა ფიქრისა და ცრემლის მშობელი სიმარტოვეში იბადება ყველა სტრიქონი, მაშ, რაღად გიკვირთ თუ გაფრინდა გრძნობა ფრინველი, ჩემი გრძნობები ფრინველივით აღივლებული, ერთი მითხარით, რატომ არის გასაკვირველი, გულდარდიანი ბრბოში ნახოთ გაღიმებული?! გიკვირთ, რად არის სიმარტოვე ჩემი მეგზური, გული რად ტირის, უბედობის ფრთაზე მიდღვებით. თქვენმა გულებმაც რომ დაბადოს გრძნობა ლექსური, მასე ბავშვურად აღარავის შეეკითხებით. ვერც გაგამტყუნებთ, თქვენ სხვაგვარი გზები გიცდიან, თქვენ ხომ არასდროს პოეტს მხარში არ მოუდგებით, რაც არ გინახავთ, ანდა გულით არ განგიცდია, იგი ყოველთვის გეგონება წარმოუდგენი. აი, ღამდება, შეარხია ქარმა რტოები, გულიც დაირხა, ოცნებებით ჩამორხეული, ვზივარ ბუხართან, ყველასაგან განმარტოებით, ცივი გულიდან ცხარე გრძნობებამონთხეული. ყველას ვუამბობ, სითამამე შემრჩა ფარივით, ვეტყვი ღამურას, ჩემს ქოხში თუ შემოფრინდება, ანდა მომისმენს თქვენზედ უფრო მეგობარივით, ქოხის ყავრებზე ჩათვლემილი შემობინდება.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი