რითმებგაუჩინარებული სონეტი


კუს ნაკბენივით ცხელ უდაბნოს დამქანცველ გზაზე
ქარავანია, აქლემების მაღალ კუზებით
დამშვენებული ღამე თითქოს გალავანია,
მაგრამ საეჭვო მასალისგან აშენებული.

ბნელ კედელს ბედისწერასავით ანგრევს ფერადი
ფართალი. ისევ გაუცინა ბედმა ყაჩაღებს
ნათრიაქალთა. უნდა ახდეს თვალის ფართქალი
და სევდიანი სოვდაგარი სულ მთლად გაქალდა.

ვიღაც ქირქილებს. მავანისთვის ყოფა ამგვარი
არის ადვილი. შენ ამათი იკითხე ერთი!
დაშრტდნენ მაჯები. - დაიკარგა სად ავთანდილი?
- დაიხოცნენო რახანია ქაჯეთს ქაჯები...

ამგვარად ფიქრობს თავის ქალა კვლავ სოვდაგრული
და ვკვდები თითქმის საკუთარი ხელით დაკლული.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი