პოლ ელუარი. თავისუფლება


თავისუფლება
ქვიშაზე თოვლზე  მერხზე  ხეებზე
წაკითხულ წიგნზე და რვეულებზე
ფურცელზე ფერფლზე სისხლიან ქვაზე
მე ვწერ შენს სახელს
ნახატზე ჩარჩომოოქროვილზე
ბუდეებზე და ბუჩქის ყვავილზე
ჩემი ბავშვობის გამოძახილზე
მე ვწერ შენს სახელს
მეფის გვირგვინზე და საჭურველზე
ცხელ უდაბნოში მწვანე ჯუნგლებზე
ლურჯ ღამეების საოცრებებზე
მე ვწერ შენს სახელს
ბედნიერების იმ თეთრ დღეებზე 
დროებზე ერთურთდაწინდულებზე
ძველ წისქვილებზე დაბინდულებზე
მე ვწერ შენს სახელს
მზეჩაღვრილ ტბორზე მთვარიან ტბაზე
ანთებულ კვარზე დასეტყვილ კვალზე
დაქანცულ მთაზე და ჩიტის ფრთაზე
მე ვწერ შენს სახელს

მინდვრების მწვანე ჰორიზონტებზე
ზურმუხტად ქცეულ მზიან კორდებზე
და აბრეშუმის ლაზურიტებზე
მე ვწერ შენს სახელს
ამოსუნთქვაზე ყველა აისის
ყვავილობაზე ყველა მაისის
და მზის ჩასვლაზე ყველა დაისის
მე ვწერ შენს სახელს
ქარიშხალზე და მქროლავ ზღვაურზე
თეთრ თოლიების აურზაურზე
გემის ქიმზე და ჩემს სამკლაურზე
მე ვწერ შენს სახელს
ღრუბლის ქულაზე იისფერ ნისლზე
ცაიერადზე და წვიმის წინწკლზე
ბოგირზე  ტივზე ბორანზე ხიდზე
მე ვწერ შენს სახელს
ვრცელ სივრცეების ფერთა გამაზე
ცისკრის ზარებზე  ცის კამარაზე
კლდის ქარაფზე და ვიწრო შარაზე
მე ვწერ შენს სახელს
ჩემს ღამენათევ  გრძელ ბილიკებზე
ჩემს გადახლართულ  დაბნეულ გზებზე
და გადავსებულ ვრცელ მოედნებზე
მე ვწერ შენს სახელს
აბრდღვიალებულ და ჩამქრალ კვარზე
ერთად შეკრებილ ტყუილ-მართალზე
ჩემს მიზეზსა და ყოფნის მიზანზე
მე ვწერ შენს სახელს
ორ ტოლ ნაწილად გახლეჩილ  ხილზე
ჩემი ოთახის სარკეში სხივზე
და ცარიელი ნიჟარის პირზე
მე ვწერ შენს სახელს
ჩემი დიდყურა  ძაღლის  ყურებზე
მის მოუხეშავ და ტლანქ თათებზე
მის გაუკრეჭავ და მბზინავ თმებზე
მე ვწერ შენს სახელს
ჩემი დახშული კარიბჭის ძელზე
ჩემს უსაყვარლეს საგნებზე ძველზე
ცხოველმყოფელი სიკეთის ცეცხლზე
მე ვწერ შენს სახელს
ყველა ბოძებულ გრძნობაზე წრფელზე
და ყველა ჩემი მეგობრის თხემზე
დახმარებისთვის გამოწვდილ ხელზე
მე ვწერ შენს სახელს
ყველა ნათელზე მოულოდნელზე
და მოლოდინით სავსე ბაგეზე
სიტყვაზე მაღლა მდგომ სიჩუმეზე
მე ვწერ შენს სახელს
ნანგრევზე ჩემი თავშესაფრისა
ნამსხვრევზე ჩემი ბნელი ფარნისა
კედლებზე ჩემი სიმწუხარისა
მე ვწერ შენს სახელს
ჩემს გაშიშვლებულ მარტოობაზე
ჩემს უნებლიედ ჩემს არყოფნაზე
გარდაცვალების გარდუვალ სვლაზე
მე ვწერ შენს სახელს
ჩემს დაბრუნებულ სიჯანსაღეზე
გადალახულ და გამქრალ საფრთხეზე
და იმედებზე ხსოვნის გარეშე
მე ვწერ შენს სახელს
მადლით და ძალით იმ ერთი სიტყვის
თავიდან ვიწყებ ცხოვრებას მიწყივ
მე დავიბადე რომ შენ გიცნობდე
და მხოლოდ ერთი სიტყვა გიწოდე 
თავისუფლება.                                    

(თარგმანი რუსუდან გოგბერაშვილის)

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი