გიიომ აპოლინერი . იტალიას


არდენგო სოფიჩის* 

ცხოვრება ჩემი სიყვარულმა ისე არია
ვით დაბომბილი მიწა ფრონტზე მძიმე ბრძოლისას
სიჭარმაგე და ომი თითქმის ერთად მეწვია
915-ის აგვისტოს  დღის დიდი სიცხისას
მე ჩემს სანგარში შენზე ვფიქრობ ო იტალია 
დედაო ჩემო სანუკვარო ტკბილ ოცნებისა

როცა მარნამდე კლუკი* უკვე პარიზს დაიძრა
მე გამახსენდა გერმანელთა ძარცვა რომისა
ძარცვა რომისა როგორც  აღწერენ 
თვით ბონაპარტი  დელიკადო* და არეტინო*
ვამბობდი ჩემთვის თუ შეიძლება რომ ნაციამ
ვინც შექმნა ეს ცივილიზაცია
მტერს იგი ასე თვინიერად დაალეწინოს

და მერე დადგა დრო  სამარხთა თავად გახსნისა
დამონებულთა აჩრდილები დასაბამიდან მოცახცახენი 
წამოიმართნენ და აყვირდნენ
წინ ტევტონებზე
უჩინო ჯარი მოღრიალე უმაღლეს ხმაზე
ვართ თაფლზე ტკბილი და უბრალო მუჭა მიწაზე 

და თუ ხანდახან ზურგს შეგაქცევთ ო იტალია
არ განიცადო რადგანაც ჩვენ ისე გვიყვარხარ
როგორც დედა და ვით ასული ორნივ ქალია
ჩვენ აქ ვართ შენთან უდარდელად წყნარად და მშვიდად 
და თუ სკარპები* და სანგრები ვერ დაგვიცავენ
ჩვენ დავეცემით მაგრამ ვიცით  სხვები შეგვცვლიან
და არასოდეს არ გაწყდება ჩვენი არმია

გრძელი თვეები არ არიან 
არც დღეები და ღამეები გრძელი ომია

იტალია
დედაც ხარ ჩვენი და ასულიც დასავით თბილი
მეც შენებრ მათრობს ალისფერი ღვინო თავნება
როგორ არ ვგავართ არაფერში ჩვენ და ბოშები*
ჩვენ არ გვაქვს მათი მოსაწყენი ამპარტავნება
მეც შენებრ ვესვრი აფრენილ მწყერს სამოცდათხუთმეტს* 
ვიცი მოლხენა არ მაწუხებს სენტიმენტები
ისინი ხშირად მიღმა ჩვეულ  ზომიერების
ბოლომდე მაინც ვერ ილხენენ თავდავიწყებით 

ჩვენი კულტურა უფრო მეტად დახვეწილია
ვიდრე საგნები  იყენებენ რასაც ისინი
ჩვენ მივეჩვიეთ ექსტერიერს მრავალფერიანს
და  ხელოვნებით ტკბობას თავად ინდუსტრიაშიც
ყვავილები ხომ შვილებია  ჩვენი საერთო   
თუნდაც შროშანი* ჩამომჭკნარი დიდ ვატიკანში

უსაზღვრო ველი დასერილა თეთრ ტრანშეებით 
თვითმფრინავები  ზუზუნებენ როგორც ფუტკრები 
ბომბთა ვარდებზე წამიერად რომ ალდებიან 
და ღამეები ირთვებიან ლურჯ გირლანდებით
ჩვენ ვტკბებით ჩვენი ტანჯვითაც კი და ეს განწყობა
სულ უფრო ხშირად მაშინ მოდის გვიჭირს როდესაც  
სარკასტულნი ვართ რადგან ვწვდებით მოვლენათა არსს
ვინც ბროწეული გადაყარა გიჟია მაგრამ 
ვინც კარტოფილს ფცქვნის მასზე ნაკლებ გიჟი არაა 
შენც ჩვენებრ მოგწონს  ჟესტები და ლამაზი სიტყვა
ეტრუსკთ მაგია შენში სრულად განივთებულა
მარადი გრძნობა ღირსების და დიდებულების
ვიღიმით მაგრამ მტრის განწყობას უთქმელად  ვხვდებით
(ჩვენ ვიღიმით და ვხვდებით რას არ გვეუბნებიან)
მონობაშიაც შეგვიძლია თავის განწირვა
რაც გმირობად და სიმამაცედ აღსაქმელია
და კიდევ უფრო ბევრს ვეწევით  სიამოვნებით

ღამეა  მბჟუტავი ჩირაღდნით განათებულ მიწურში 
მე შენზე ვფიქრობ ორი ვულკანის ქვეყანავ
დიდება მესინას ტალღებში ჩაკარგულთა ხსოვნას
სირენებს და სკილებს*
გაუმარჯოს ვენეციელ მხედარს კოლეონის*
სალამი წითელ პერანგს*

იტალია  
მე ვესალმები შენს დამცველებს მქუხარე ტაშით 
რადგანაც ვიცი ამ ცხოვრების ორომტრიალი 
რაც უნდა იყოს გაგრძელდება ავად თუ კარგად
მაგრამ მეც შენებრ  მიყვარს ფიქრთან მარტო რიალი
მხოლოდ ამაში ხელს მიშლიან მე ეს ბოშები 
რომ შეძლებოდათ მათ კომფორტით ჩანაცვლდებოდა
სრულქმნილებისკენ ჩვენი ლტოლვა მარადიული
ეს კი არ არის ერთნაირი არამც და არამც
რაც მთავარია როგორაც შენ მეც უცილობლად
მინდა შემეძლოს გაკეთება არჩევანისა
რასაც ორივეს წაგვართმევდნენ ასევე უმალ
იგივე ბედი გვაკავშირებს მე და შენ აქაც 

არ ვლაპარაკობ მე იმათზე ვინც აქ არიან
არამედ მათზე ვინც შენშია ო იტალია
ნუ მოედები უსამანო სივრცის არეალს
მაგრამ არ დათმო არასოდეს ის რაც ჩვენია
უკუნ ღამეში ბზინვარება რეფლექტორების  
თვალებს მიაგავს მოზოზინე ლოკოკინების
როგორც ძაღლები მოისაქმეს თითქოს ახლახან
გულმოდგინებით მიწას თხრიან ცხელი ბომბები

ჩვენი არმია უხილავი ყველგან ფენილი
კაშკაშებს როგორც ვარსკვლავებით მოჭედილი ცა
და თითოეული მეომარი ჩვენი გულადი
ვარსკვლავს ედრება მოციალეს და გასაოცარს
ო ღამე ღამე კაშკაშა და თვალისმომჭრელი
ჩვენთან არიან ისევ ჩვენი დაღუპულები
ისინი ჩვენთან ტრანშეებში უსიტყვოდ დგანან
ან მიილტვიან საიდუმლოდ რჩეულებისკენ

ო ლილ  ო ლაონ მობეჟ ვუზიე ო სენ-კანტენ
უკან დაყრილი ნაღმებივით ქალაქებია
მდინარეები  მტრისთვის ნამდვილ ბასრ ხმლებად იქცნენ
აქ მწვერვალებიც უტევენ ვით კავალერია 

ჩვენ დავიბრუნებთ მდინარეებს მთებს და ქალაქებს
შვეიცარიის საზღვრებიდან ბატავიამდე*
ჩვენსა და შენს შორის იტალია
ქალებით სავსე მშობლიური ადგილებია
და შენთან ერთად მე მელის ის ვისაც ვაღმერთებ

ო იტალიის ძმებო
გაფანტეთ შხამიანი ღრუბლები
მეტალის ჟანგიანი ნამსხვრევების 
ქალებს მიუძღვენით სუმბულები
იტალიის ძმებო თავზე* ბუმბულებით

იტალია
გესმას ლუვენის ყვირილი  
ნახე  მკლავებს უხვევს რეიმს
და დაჭრილი ჯარისკაცი 
ისევ ფეხზე დგას არასი  

ახლა კი  ვიმღეროთ
მკვდრებო და ცოცხალებო
ოფიცრებო და მეომრებო
თოფებო ქვემეხებო ნიჩაბო
რაკეტებო ცხენებო
ვიმღეროთ მკრთალო ბეჭდებო ჩაფხუტებო
ვიმღეროთ გმირულად დაღუპულებო
მწუხარებისგან დახეთქილო მიწავ 
ვიმღეროთ და ვიცინოთ დიდხანს

იტალია
უსმენ ბოში ვირის ყროყინს
გავდენოთ იგი მზის სხივთა მათრახებით
იტალია
ვიმღეროთ და ვიცინოთ დიდხანს


არდენგო სოფიჩი* _ იტალიელი მწერალი, მხატვარი, პოეტი
ფონ კლუკი* _ გერმანელი გენერალი
SUS AUX TUDESQUES* _ (ტევტონები) ბარბაროსებზე. იტალიური გამოთქმა. (იგულისხმება გერმანელებზე.)
ვიკარი დელიკადო* _ ფრანცისკო დელიკადო(დელგადო)ესპანელი მწერალი აღორძინების ხანის. რომელიც რომში ჩავიდა და ვიკარი (სასულიერო წოდება წმინდა რომის იმპერიაში) გახდა.
არეტინო* _ იტალიელი მწერალი
სკარპები* _ თხრილები
ბოშები*_ გერმანელების დამაკნინებელი მეტსახელი
სამოცდათხუთმეტი* _ იგულისხმება 75 კალიბრიანი 
თოფი რომელიც მწყერებზე სანადიროდ გამოიყენებოდა
შროშანი* _ "fleur de lys" ფრანგული სამეფო სახლის ჰერალდიკური სიმბოლო, რომელიც ასევე ამშვენებდა პაპის გირგვინს ვატიკანში
sirènes et des scylles* _ ბერძნული მითოლოგიის პერსონაჟები. (აქ ალტერაცია)
კოლეონი* _ ვენეციის რესპუბლიკის გენ.კაპიტანი. მისი ცხენოსანი ქანდაკება დგას ვენეციაში და შჩეცინში(პოლონეთი)
წითელი პერანგები* _ გარიბალდელები
ბატავიის* რესპ. _ ახლ. ნიდერლანდები
თავზე ბუმბულებით* _ იგულისხმება იტალიელი ჯარისკაცების ბუმბულიანი ქუდები.



(თარგმანი რუსუდან გოგბერაშვილის)

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი