გიიომ აპოლინერი Colchicums* კოლხიდურები /უცუნები/


შემოდგომაზე  მისი მდელო ლამაზად ჰყვავის
ძროხებს ანაყრებს 
და თანდათან ნელინელ წამლავს
შენს თვალებს ვადრი კოლხიდურებს მეწამულ რკალით
იასამნისფერ ყვავილებით  მაწვდის საწამლავს
და მეწამული ვით ის  რკალი და შემოდგომა
ჩემი ცხოვრებაც მაგ თვალების სეტყვამ დათოვა

აყალმაყალით მოსდებიან მდელოს ბავშვები
და ჰარმონიკაც მჭექარე ხმით სმენას აფეთებს
მკლავებში უთრთით ყვავილები  ქალწულებივით
კოლხიდურები უჭირავთ  ვით ჩვილები დედებს

მათი ფერია ფერი შენთა თვალთა საფარის
რომ  ირხევიან  მათნაირად  აბეზარ  ქარით

გზად მოღიღინე მწყემსი ცდილობს  ტკბილად იმღეროს
რომ სამუდამოდ  მიატოვონ ძროხებმა მდელო
შემოდგომისას  მობიბინე საბედისწეროდ


* კოლხიკუმი. (colchicum)ქართ. უცუნები ან სათოვლიები. ევროპაში გავრცელებული მითის მიხედვით, კოლხ მედეას საწამლავის წვეთები დაეღვარა და მის ადგილას ეს მშვენიერი და შხამიანი ყვავილი ამოვიდა.


(თარგმანი რუსუდან გოგბერაშვილის)

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი