ლეოპოლდ სედარ სენგორი. შავ ქალს
შიშველო ქალო, შავო ქალო, ღამის სიზმარო, შენფერი მოსავს სიცოცხლეს და მშვენიერებას. შენს მზიან ჩრდილში გავიზარდე, შენი ხელების სითბო იგრძნეს ჩემმა თვალებმა. იქ, მაღალი კლდის სიმაღლიდან, ცხელი ზაფხულის შუადღეში აღმოგაჩენ, აღთქმულო მიწავ, შენი მშვენება გულს მიჩქროლებს, ვით არწივის გამოქროლება. შიშველო ქალო, ბნელი ღამის ამოჟრჟოლებავ, მკვრივხორციანო მწიფე ხილო, ზურმუხტ ბაღისა, წყვდიადისფერო შენ ექსტაზო შავი ღვინისა, შენმა ტუჩებმა აამღერეს ჩემი ბაგენი. შენ სავანა ხარ, გამჭვირვალე ჰორიზონტებით, ალერსს რომ აფრქვევს აღმოსავლის ცხელი ქარისა. გამარჯვებულის აღკტინებულ მროკავ თითებში, შენ ტამტამი ხარ მოჭიმული, მჭექარ ზარხოშით. შეყვარებულის სულის ხმა ჟღერს შენს კონტრალტოში. ქალო გიშერო, ქალო ყორნის ბოლოს სადარო, მალამოვ, მალის პრინცთა მხრებზე შავად მბზინავო, და მოალმასევ ათლეტების მკვრივ თეძოებზე, მსვენო, ფეხმარდო, ცის კიდეზეც მარჯვედ მცოცავო. შენს შავ კანს ხომლი მობნევია მარგალიტებად. სულის შვებაო, მზის ათინათს შეისრუტავ ნოტიო კანით, შენი თმის ჩრდილში ჩემი ტანჯვა მიიმალება შენი თვალების მზეთა ბრწყინვის მოახლოებით. ქალო შიშველო, ქალო შავო, ფერო ღამისა ისე ვუმღერებ შენს წარმავალ მშვენიერებას, რომ სამუდამოდ უსასრულო სამყაროს დარჩეს, სანამ უწყალო ბედისწერა ფერფლად გაქცევდეს, უწყვეტ სიცოცხლის ღრმა ფესვების გამოსაკვებად. (თარგმანი რუსუდან გოგბერაშვილის)
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი