ოდისეას ელიტის. სადიდებელი. ღირსეულ არს (დასაწყისი)


ღირსეულ არს  ნათელი და პირველი შუქი დღის,
კაცის  ლოცვა პირველი, ქვაზე ამოკაწრული;
შეძახილი ცხენ-ირმის, რქებით მზეს რომ მოუძღვის,
მწვანე ყლორტის ღიღინში დილა ამომართული.
მიწის მცირე ნაგლეჯი, წყლით გარშემოჯარული,
ნელა რომ იძირება და ყელს მაღლა იღერებს,
ლურჯი ხმების ციაგში, თავი პოსეიდონის,
ქვის მალი ბედაური, წყალი რომ მოაგელვებს.
მოსისინე ქარები, მლოცველები  ერთი ხმით,
ტალღებს რომ იტაცებენ ზე, ვით დედა ღვთისმშობელს,
სტვენა-სტვენით რომ მოაქვთ  გოდებანი მაღალ მთის,
ქრიან, მოანათებენ  გზა-გზა ყვითელ ფორთოხლებს.
ქარიშხალი  უხეში, მძიმე  განსაცდელებით, -
მორბენლები,  შორეულ ცის მილებს რომ კვეთავენ;
უძველესი ერმები*  წვეტიანი  ჩრდილებით
და სანთლის  სახელოსნო შავი ჭვარტლის ბოლებით.
მაისტროსი, ლევანტეს, ვორეა და ზეფირი,
ქარი  ჩრდილოეთის და ქარი აღმოსავლეთის,
ტრამუნტანა,  ევროსი, ტიფონი და ზეკარი,
ჭალიკონი, ბორია, ნიავი დასავლეთის.
ღირსეულ არს ტრაპეზი ქერა ღვინით - მზის სხივით,
სხვენიდან  წკაპაწკუპი წვიმის წვეთთა დინების,
ქვიშაზე  დამჩნეული სიბრძნის ნაფეხურები,
მცველად - ხელჩაკიდული ზორბა ტალღა-ტინებით.
ღირსეულ არს ჭრიჭინა, ეული მზახრი მისი,
დაუმცხრალი ჟინით რომ  ათასს აიყოლიებს;
ღირსეულ არს ჯვარცმული, შეურყვნელი სინდისი,
ზაფხულივით კაშკაშა, რომ ვერ დაიყოლიებ.



(თარგმანი რუსუდან გოგბერაშვილის)

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი