ოდისეას ელიტის. გიჟი ბროწეული


თეთრ ეზოებში, სადაც დაჰქრის სამხრეთის ქარი,
და სტვენა სტვენით ეხეთქება ქვით ნაგებ თაღებს,
მზის შუქზე წითელნაყოფიან ღიმილს რომ  აფრქვევს,
მითხარით, გიჟი ბროწეული თუ ყვება ალბათ,  
ქარში სულ ახლად გამოკვირტულ ფოთლების ამბებს.
ის არის?.. გიჟი ბროწეული,  ტოტებს რომ არხევს,
და ნაირფერად მობრჭყვიალე ცის ტატნობს აღწევს?

ვით გაშლილ ველზე გაღვიძება შიშველ ქალწულთა,
სიცილ-კისკისით რომ თიბავენ სამყურ ბალახებს,
ის არის, გიჟი ბროწეული, ზმანების მიღმა,
მათი ბავშვობის სახელებს რომ მიდამოს აფრქვევს, 
უცაბედ შუქით რომ ანათებს ხის მწვანე კალთებს,
მრუდ სამყაროსთან მებრძოლი და ცად მოკამათე?

შვიდფეროვან ფრთას  რომ მოიხდენს დღე იჭვნეული, 
ათასფერებად მოციაგე მზის სხივთა შუქზე,
თვალისმომჭრელი, თქვით, ეს არის, გიჟი ბროწეული,
ფაფარაშლილი ქარის ქროლვას რომ სტაცებს ეკლებს, 
არც ბუზღუნებს და არც აროდეს მოწყენილია,
მითხარ, ეს არის ის გიჟი ბროწეული, 
ომახიანად რომ მოსძახის ახალ იმედებს?

თქვით, ეს ის გიჟი ბროწეულია, სალამის ნიშნად,
შორით ფოთოლთა მწვანე  მანდილს რომ მიფრიალებს,
ზღვა, ათასობით ნავს რომ აჩენს თავის ტალღებში 
 და ათასორჯერ რომ ეხლება სანაპიროებს,
მითხარ, ისაა... ეს  ის გიჟი ბროწეულია, 
მჭვირვალ ეთერში შრიალით რომ მიაფენს ფოთლებს?

იქ, მაღლა, ლურჯი მტევანი რომ ენთება,  გრგვინავს,
რა ამაყია, განსაცდელით, ხიფათით სავსე,
სამყაროს გულში ნათელ შუქით ბოროტს რომ ამსხვრევს, 
და დილისთვის შლის ლურჯ აბრეშუმს, ოქროსფრად, თბილად, -

გიჟი ბროწეულია, მზე რომ ეხება, ფრთხილად,
და ამღერებულ მის ტალღებში, ციალებს, ბრწყინავს?

პირველაპრილის კაბის ნაზი რხევით რომ გვხიბლავს, 
გვეთამაშება თხუთმეტაგვისტოს ჭრიჭინას ლხენით,
მითხარ, რტოებით რომ იფერთხავს შიშის შავ ჩრდილებს,
ათრობს ფრინველებს მზის  სხივების შადრევნის ღვარით,

გიჟი ბროწეულია, ჩვენს გულებში რომ მღერის
და საკრალური  ოცნებების ფრთებს აფრთხიალებს? 


(თარგმანი რუსუდან გოგბერაშვილის)

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი