ანთულა სტათოპულუ-ვაფოპულუ. თესალონიკს
შენს ციმციმა, ლურჯ ღამეში მისვამს ჩემი ცრემლი მწარე,
უბედობის ჩემის დღენი შენს უბეში გავატარე.
შენს მშვენიერ სახლებს შორის დავათრევდი სულის ვარამს,
შენთან დამრჩა ყველაფერი, რაც წავგლიჯე სოფლის წკვარამს.
შენმა მიწამ ჩაიხვია, თუ ძვირფასი რამ გამაჩნდა,
სიყვარულის ტკბილ-მწარე და ჩემი სულის ყველა განცდა.
ტკივილების ჩემის დედავ და სამშობლოვ ჩემთა წყლულთა,
შენს ზღვას მივეც რაც მიყვარდა და ოცნებით რაც რამ მსურდა.
შენ იცოდი ყველა ჩემი შეცოდება და სისუსტე,
მე კი, შენი ყველა ფერი ნექტარივით შევისრუტე.
შენ ტურფა მზის ჩასვენებას ჩავაყოლე ჩემი სუნთქვა,
შენს ვარსკვლავებს შორის მისვამს ცრემლი დღეთა უბედურთა.
კრებულიდან "უძილო ღამეები" 1932წ.
(თარგმანი რუსუდან გოგბერაშვილის)
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი