ხარის ალექსიუ . სავსე მთვარე


ნაქირავები პატარა სახლი,
ანაზდად, ჩვილის სიცილით სრული.
ცხოვრებას ვთხოვე მე ყველაფერი -
გადავიხადე საკუთარ სულით.
ახლა კი, ჩემს გულს ღიმილი უჭირს,
საუცხოოა ეს სავსე მთვარე
და მარტოობას, ესოდენ დუხჭირს,
სულ სხვაგვარად გრძნობს სული, მღელვარე.
ახლა, აღარ ვგრძნობ დარდს და კაეშანს,
იმ მონატრების ტკივილის გარდა...
როგორ მაკლია ის ცქნაფა გოგო,
ერთხელ, შემთხვევით რომ შეგიყვარდა...
ეს მარტოობა ხაფანგებს მიგებს,
იმ დღეებს ვნატრობ ისევ, ახლიდან,
როს მიამიტი ტყუილი შენი,
მთელ ჩემს სამყაროს მომხიბლავს ხდიდა.
მე არ მაბრაზებს ახლა, სიმართლე.
გეტყვი, რომ ქალი საცოდავია,
რომ ძლიერ უჭირს მას სიმარტოვე,
მისი საყრდენი მტკიცე მკლავია
და რაც არ უნდა ძლიერი იყოს,
ადამიანი სჭირდება გვერდით -
მარტოსულობის მწუხარე ჩრდილი
აბოროტებს და აღავსებს სევდით.
საუცხოოა ეს სავსე მთვარე,
ცარიელ სახლის სიჩუმე მართობს,
როგორ მაკლია პატარა გოგო,
რომ გიყვარდა და დატოვე მარტო.
არა, მე ახლა, აღარ ვგრძნობ ტკივილს,
მაგრამ იმ დღეებს ვნატრობ ახლიდან,
როს მიამიტი ტყუილი შენი,
მთელ ჩემს სამყაროს მომხიბლავს ხდიდა.

(თარგმანი რუსუდან გოგბერაშვილის)

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი