ელენი სკურტი (1951)
ხსნა დაბრუნებაშია
კაუჭზე ჩემი მჭმუნვარე ტკივილების
დავკიდებ სხეულს, სული კი
ზე აფრინდება, თავისუფალი.
ქვითკირად ქცეულ სახლთა ნანგრევების,
ადამიანთა ხმებით მსუნთქავ, მძინარე შუკების,
ბოლის მფრქვეველ საკვამლე მილების,
ჩუქურთმიანი სახურავების ნაპრალების,
შავი ქვით ნაშენი ეზოების,
მოზეიმე, მყვირალა კლარნეტების,
მურაბიანი ვერცხლის სინების თავზე აიჭრება
და საბოლოოდ,
ცადაწვდილი მწვერვალების ღიობებში ჩაიკარგება.
აგვისტო
იყოს აგვისტო,
ვერცხლს აფრქვევდეს მიბნედილი მთვარე,
ლამპრების შუქი ანათებდეს სოფლებს
და მირიადი ვარსკვლავი ეკიდოს
საყვარელი მთების ლურჯ მწვერვალებს.
ისმოდეს კლარნეტი,
წრეს უვლიდნენ ხელჩაკიდული ადამიანები,
იყოს იშვიათი თანხმოვნები და ხმოვნები მჟღერი,
გამქრალიყოს ყველა სირთულე,
სისხლი ძარღვებში ჩქეფდეს,
ხანჯლებივით ელავდნენ თვალები,
ხელებით სიხარული მეჭიროს
და ჩემი ცხოვრების ყველა ნაწიბურში ვმალავდე.
წარმოშობა
მე დორიელებისგან მოვდივარ.
პელასგების და ტიმფელების გენიდან,
დოდონის იქითა ზამთრიდან.
დია მყავს მფარველად,
იანიცური სამკაულია ჩემი ნათლის გვირგვინი.
ჩემი რიტმი - თვლა სამამდე,
ბედისწერის, ხალკიდის კლარნეტის
მრავალხმიანი სიმღერები.
აპიროდან მოვდივარ, "მთის უკანა", უძველესი ადგილიდან.
ამიტომ ბევრს არ ვითხოვ...
ბევრს არ გთხოვ...
არაფერს ვითხოვ...
ერთი მხოლოდ: _ ნება მომეცი, გავცე,
რაც სიყვარულით მიგროვებია ჩემი ქვებიდან.
მშვენებანი, რომელთა შუქი სუნთქვას მიკრავს,
ნება დამრთე, ბედნიერება და სიხარული ჩემი სულის,
გავცე უხვად, არაფრის ნაცვლად.
(თარგმანი რუსუდან გოგბერაშვილის)
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი