ევან ბოლანდი. ღამის კვება
ეს ის დროა, ძილიდან რომ გამოდიან გვირილები, წვიმის წყალში, ვით სარკეში არეკლილან ბეღურები და ნელ-ნელა, ფეხაკრეფით მობრძანდება განთიადი, როცა უნდა დაგვიამდეს ყველა ტკივილი და დარდი. დიახ, დროა ადრეული, ჩემნაირი ტოროლების და შენგვარი განძეულის ჩემნაირი მპოვნელების; უხმაუროდ შემოდივარ, ნაზად, ფრთხილად გიყვან ხელში, გახვეულხარ თასმებიან თბილ საცვალში, ვარდისფერში. პაწაწინა, ვარდისფერი პირით რძის ბოთლს ექაჩები და ამ ხერხით, შენებურად, ტკბილ სიცოცხლეს ეჭიდები. რძის ნალექის ბოლო ყლუპიც და შენ ცისფერ თვალებს ახელ, წყენით სავსე მზერით თითქოს, ჩუმად სიძუნწეში მამხელ. არემარე იღვიძებს და შენთვის ძილის საათია. -დაიძინე, გენაცვალე, დაგღიღინებ როგორც იას. ო, ეს საუკეთესოა, რაც ამ ქვეყნად შემიძლია, - ვიყო ძიძა თავშესაფრის, სადაც შენი გაგაქვს ლელო, სადაც შენს ხვედრს უმკლავდები, რომ სიცოცხლე გააგრძელო. (თარგმანი რუსუდან გოგბერაშვიის)
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი