უპოვარი


დიდი ჭადრისქვეშ მოხუცი ქალი
დგას სულ მჭმუნვარე და ხელგაწვდილი, 
დილა-საღამოს, დარში, ავდარში, 
შემოუბურავს ძველი მანდილი.
ათასში ერთი თუ შეეწევა,
მის ნაღვლიან გულს ოდნავ გაათბობს, 
და უპოვარიც,- ,,დაგლოცოს ღმერთმა, 
ჩემო ბატონო~,- ჩურჩულით ამბობს.
 ვკითხე ერთხელაც, თუ ჰყავდა შვილი, 
ანდა მუდმივად რატომ, რად სწუხდა, 
სხივდაშრეტილმა მწვავე ტკივილით 
ამოიოხრა და მიპასუხა:
- მყავს ორი შვილი. მთელი სიცოცხლე 
მათთვის ვშრომობდი სრულიად მარტო, 
მაგრამ, ვაი რომ ახლა ფიქრობენ -
ეს ლუკმაპური ვინ მიწილადოს; 
დრომ გამეტებით, შეუბრალებლად - 
ბევრჯერ დამჯაბნა ვერაგი ღონით, 
ოღონდ შვილებმა შეიგრძნონ შვება, 
მე თავს გავიტან აწ, მათხოვრობით... 
უცებ ათრთოლდა და აქვითინდა,
მიეყრდნო ჭადარს, ნელინელ, ფრთხილად, 
აგრე ბეჩავი და უიმედო,
და ბედგამწყრალი ცოტა მიხილავს. 
სავსეს დარდით და სავსეს კაეშნით - 
თვალთ მოსდიოდა ცრემლის მდინარე, 
სიტყვა ვერ ვჰპოვე, ვერ ვანუგეშე, 
როგორ ვინანე... როგორ ვინანე...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი