ტირიფს
სხვა სიმწუხარე უფრო დამღლელი, რომ არ იქნება ქვეყნად, მგონია, ისე გეტყობა მძიმე ნაღველი, როგორც ზამთრისპირს მელანქოლია. ჩამოშვებული შენი რტოები - რად ქვითინებენ კვლავ გამუდმებით, არ გახალისებს ქროლვა ფრთოსნების, დილასისხამიც, ცვარნაპკურები. ეგებ სწუხარ და ჯავრობ დღედაღამ, რომ შეესწარი მრავალ სიავეს, დარდმა შეგიპყრო, გაგაფერმკრთალა, აღარ ბორგავ და აღარ შრიალებ. მეც დავინახე მკაცრი დროების სახიფათო და მრუდე სავალი, ქიშპი და შუღლი - გამაოგნები, უსამართლობა - დაუთვალავი. ნუ გაიკვირვებ ხეო სევდისა, ეს ჩემი ხმა თუ გწვდება ჩივილის, . . . რომ ერთნაირი ჩვენ ვართ ბედისა... . . . რომ ერთნაირი ჩვენ გვაქვს ტკივილი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი