ძელქვა
განმარტოებით, ძველისძველ ჭასთან ზეცად აჭრილა ვეება ძელქვა, დგას მხრებგაშლილი ყოველთვის ლაღად, არ უშინდება გრიგალს და დელგმას. - ძელქვავ, მხილველო ჩემი ბავშვობის, (რა შეედრება ამ სინამდვილეს), როგორ არ გითხრა სიტყვა მადლობის, ფიქრებს დაუთვლელს რომ განდობ ისევ. გემახსოვრება, შენს ფუღუროში სახლობდა ერთხანს ჩიტი ხმატკბილი, ვუალერსებდი, ვეფერებოდი, ირგვლივ ნიავი ჰქროდა აპრილის. და მერე განვვლე გზა-აღმართები, მოლიპული და ძნელად სავალი, მაღფრთოვანებდა თბილი ჰანგები, ვყოფილვარ ჯავრით რა ფერგამკრთალიც. მეც გავუმკლავდე, ნეტავი, ძელქვავ, წლების მოუღლელ დოღს და მარულას, შენს ტოტებში კვლავ მზესავით ელავს, ბავშვობა, სადღაც რომ გაპარულა...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი