მიტოვებული სახლი


ამ სახლში სტუმარს ავსებდა ლხენით 
ღიმილი სანდო, თბილი და სუფთა,
და მასპინძელი, ღვთის მადლიერი, 
სწრაფად გაშლიდა საამო სუფრას. 
დღეს ძველი სახლის ფართო კარები 
საბრალოდ დუმს და აღარ ჭრიალებს, 
ყრუდ დაუგმანავთ ყველა სარკმელი, 
ადრე ნათელი და გამჭვირვალე.
ნეტავი ვინმემ გასტაცოს დარდი, 
მიესალბუნოს მიდამოს მწუხარს, 
ეკალბარდები გაკაფოს წალდით
და ცეცხლი მისცეს ჩაფერფლილ ბუხარს. 
ვინც დათმობს ფუძეს, მშობლიურ კერას 
და დაივიწყებს სახელს წინაპრის,
მის გულში მკვიდრობს დაუსრულებლად, 
სიძულვილი და ღამის წყვდიადი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი