მალე ამღერდება სხივი


მალე ამღერდება სხივი,
მზე გადაკარგავს ნისლებს, 
ვიგრძნობ სურნელებას მიწის, 
გაზაფხულდება ისევ.
მოვა გაზაფხული სოფლად 
ქალწულებრივი ეშხით, 
დაჯაბნის ფერებს იელი 
ჩემს აჯამეთის ტყეში.
თავს მოიწონებს ორღობე 
ტყემლის ქათქათა ტოტით, 
სულს კი მოუხდება ღონე 
სიყვარულის და ტრფობის.
ვაზს მამა გასხლავს ხალისით, 
არ შეყოვნდება წამით,
შაშვი ლაღი და ხმატკბილი - 
აფრთხიალდება თვალწინ. 
ნატვრა ჩუმი და მთვლემარე 
კვლავ დაიბრუნებს ციმციმს, 
შუქი იმედის, ელვარე, -
ეს გაზაფხულმა იცის.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი