მეუფე შენი სანამ ფიქრია
ხელი ჩამჭიდე არ ხარ ეული - ფიქრის მსახური ანაზდეული. მხოლოდ სიცრუე გაინაპირე, და შენც გახდები მარადიული... და შენ ახლიდან დაიბადები... ხელი ჩამჭიდე, წვიმას ნუ ელი, ჯერ არ დააწვიმს ჩქერალს მაღლიდან, ჯერ არ გქონია ცასთან დუელი, სახეში ელვას რომ მოგახლიდა. წვიმას ნუ ელი, იგი არ მოვა! სანამ შენ არ ხარ მისი მმართველი, პირფერი რომ ხარ და ორად ორი - სანამ შენ არ ხარ მისი გამგონი... არც მზე არ მოდის გრძნობასთან ახლოს, არც გული ხარობს მთლად უმზეობას, ყური დაუგდე... ხელი არ ახლოს, შენმა სიბნელემ დიად ზნეობას... ყური დაუგდე! შენვე პატიობ, პასუხი ჩუმად შენშივე სახლობს, სიო არ იძვრის, თანაც ნოტიო ქარი დაჰბერის ამ სამოსახლოს... რადგან როდესაც ქრებიან ქარნი, როცა წამები მას ებინდება, შენ ისევ ხელის გაშვებას ითხოვ, შენ კვლავ ბნელეთში წასვლა გინდება... ამაოდ ჰქრება ომი და ვნებით, მიჰქრი, აჭენებ ფერთა მდელოზე, და შენი ბრძოლით უარს აცხადებ, სხეულის წმინდა სამმართველოზე... მაგრამ... სად გინდა გადაიხვეწო?! სად გინდა ჰპოვო სხვა რამ ღირსება?! შენც დაგამშვენებს საკუთარ სახის, სამარადჟამოდ გათავისება!.. შენც იკიაფებ, განა არ გელის?! მდუმარე ფიქრის, უსისხლო ენის, გამოფხიზლება ამ წუთის იქით, და გამოცნობა საუკუნენის. და გაცილება საუკუნენის... არ მეცინება!.. და არც ვინ მღერის!.. არც მსაჯულს ვსახავ, არც გემწუხრები! არ ველი, ჩემს წინ ცრემლად იღვრები, და შერცხვენილი დაიმუხლები... მაგრამ ოდესღაც, შენ რომ გხატავდი, ცრემლი და ნება შენში მეწადა, ვგონებდი, სივრცე განუსაზღვრელი მეხნა და, თესლი დამემიწა და... შემდგომ კი მემკა სამკალი რამ წლის, და სეზონები ოთხად მესახა! შენ კი, რომ უცქერ უამრავ მნათობს, არც კი გჯერა, რომ მხოლოდ ესა ხარ... და მაინც ისევ ... წვიმას მოელი? ჯერ არ დააწვიმს ჩქერალს მაღლიდან! არა გქონია ცასთან დუელი, სახეში ელვას რომ მოგახლიდა... წვიმა არ მოდის, ქარნი მიჰქრიან! სანამ სიცოხლეს ოცნებით უმზერ, მეუფე შენი სანამ ფიქრია, და მძიმე ცოდვა გედება გულზე... 7 იანვარი, 2022 წელი, ლაგოდეხი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი