მირაჟი
სიმშვიდე შორს დგას მირაჟივით, და მეჩვენება მისი ზრუნვა, მე პასუხს ვაგებ სიმხდალისთვის, რომელსაც ვავლენ პომპეზურად. ახლა აპრილი ნავარდობს გარეთ, ნაყოფს ისხამენ ტყემლის ხეები, და მეფიქრება ნეტავ იმ ღამეს, რატომ დავუშვი დაბლა ხელები. სიმშვიდეს ჩემკენ არა აქვს კვალი, არ გეგმავს კარი უცებ გამიღოს, მე კი მივიწევ კვლავ ნელა მალვით, რომ ჩემი მოსვლა არვინ გაიგოს. ვმალავ ძველ სახეს წვერში და თმაში, და ძველებურად ვეტრფი ალკოჰოლს, ალბათ მეექვსედ გათენდა სმაში, აპრილის ღამეს ვიცი არ მოთოვს. ხმას შეერია ნაღველი თითქოს, ეს გულიც ნატანჯ ღამეში ფეთქავს, სევდა სულიერ ზმანებებს იპყრობს, დარდი კი სხეულს შუაზე ხეთქავს. კარი მე ზღვამაც აღარ გამიღო, ეს დილეგია ჩემო საბიას, ქარებმა მხოლოდ იგი დაინდო, რაც ამ კლდოვან ქვებს არსად არ მიაქვს. დამთავრდა ყოფა,ვით ცუდი კინო, და რეჟისორის ბრალი რაშია? თუ მსახიობმა როლი ვერ ირგო, და ფილმის ბედი მან გადაწყვიტა. მეც მსახიობი ვარ ოღონდ ცუდი, და ჩემი ყოფა კინოს მსგავსია, მესროლეთ სამჯერ ხის დიდი ცული, სამჯერვე ცულმა ურჩად მაქცია. ბედი უარყოფს კაცს უგზო-უკვლოს, ბედი უმზადებს გზებს მას ქარიანს, გზაზე არავინ შეხვდება უცხო, გზას მხოლოდ მისი ერთი მგზავრი ყავს. ისევ თვალები სიმშვიდის ეძებს, და მირაჟები იხატებიან, აქ ბატონებო სუსტები ვერ ძლებს, თუმცა ყოველნი იბადებიან. ქარები ქრიან და არის თავსხმა, აქა იქ დარიც გამოვა ხოლმე, და მიწევს მათთვის ტკივილი ავხსნა, ვისაც ნაცადიც არა აქვს მოკლედ. სიმშვიდე ისევ შორს დგას - მირაჟი, ეს ჩემი ლექსის ბოლო სტროფია, დამსდევს უძილო ღამის ნიჩაბი, და ეს ცხოვრება მექცა ფობიად.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი