წვიმდა


დამშვიდობების არ მესმის ხმები,
და ზღვა კი ღელავს,ღელავს და ღელავს,
უსუსურდება წვიმაში ველი,
როგორც უშენოდ ამ გულის ფეთქვა.

წუხელ,მინდოდა რაღაცა მეთქვა,
მაგრამ დუმილმა წალეკა ღამე,
თუმცა ფიქრები შუაზე მხლეჩდა,
და დასაწერად ვერ მოვიცალე.

მაგრამ ამ დილას მეწვია მუზა,
შეჩერდა ჩემი გონების ზღურბლზე,
ჩააგდო წყალში წყეული ღუზა,
და თითქოს დაღი დამასვა სულზე.

აღარც ჩერდება ზეცის ტირილი,
კვირაზე მეტი,მოთქვამს და მოთქვამს,
რით გავიქარვო გულის ტკივილი,
როცა ამინდსაც დარდები მოაქვს.

ვრჩები ჩემ თავთან უთვისო მარტო,
და კენტის ბედი ისევ თან მახლავს,
ისმის კითხვები,რისთვის და რატომ,
მარგუნა ბედმა ყოფის დაღმასვლა.

შავი ღრუბელი შავად მატყვია,
მწუხარე ვარ და არ მიხარია,
გარშემო ისევ ნისლი მარტყია,
იცოდე ლექსი,ეს ნიშანია.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი