სივრცე


თითქმის შუა ღამე იდგა,შავი ზღვის ღრიალი აპობდა სიჩუმის,მუქ და მომაბეზრებელ მონოტონიას.
ბულვარს სტუმრობდნენ მოსეირნენი.
აგვისტოს ნიავი დაძრწოდა,შუა დღის მზისგან გადახურებულ სხეულზე და დაკვირვებას ხალხზე,მეტად სასიამოვნოს ხდიდა.
ბნელ ქაოს,ახალი გალესილი ხმალივით სჭრიდა შუაზე ლამპიონებისგან გამოსტყორცნილი შუქი.
შავი ზღვა ისევ ხმაურობამ წაიღო,მისი ტალღები ზემოდან მომზირალი თვალებისათვიდ უხილავი გახლდათ,
თუმცა ხმით ნამდვილად შესაძლებელი იყო ტალღების ლამაზი მოძრაობის წარმოდგენა.
ნათლად მესმოდა კენჭების რახა-რუხი,
ვხვდებოდი,ტალღები ისე ეხეთქებოდა ჯებირებს,როგორც ჩემი გააფთრებული ფიქრები თავს. 
ახალმოკიდებულ ღერს უკვე გავაძრე ქანცი, მძიმე,დიდი ნაფაზებით გავუშვი ჯერ ფილტვებისაკენ,შემდეგ კი სამყროს უკიდეგანობაში გადავკარგე ბოლი.
ხანდახან ვფიქრობ,რომ რაც მარჩენს შავი ზღვა და სიგარეტია.
ორივე ჩუმად და მდორედ მკლავენ,მაგრამ წარმოსახვაში ჩემთვის ისინი მარჩენენ.
გარშემო ზღვის ხმას ახლა დაერთო ხალხის ბედნიერი სიცილ-ხარხარი, მათი ყოველდღიური კაფიაობა ჩემთვის საინტერესო საერთოდ არ არის,მაგრამ ყურს,ჩემდაუნებურად ვუგდებ. მესმის მათი დიალოგები თითქმის ყველაფრის შესახებ,ზოგი რას კაფიაობს,ზოგიც რას.
ვატყობ,ხალხი ბედნიერია. მართალია,რომ ყველა მის პიროვნულ ომშია ჩართული და ასე შეუძლებელია გაიგო კაცის სატკივარი,მაგრამ ერთი შეხედვით,აგვისტოს გემრიელ საღამოს,კურორტზე ყველანი ბედნიერია,
გარდა ჩემისა.
ვზივარ ერთ მოუხერხებელ სკამზე,სახით ზღვისკენ,ცალი ფეხი ზედ კასტილზე მაქვს შემოდებული,რომ ტკივილმა კიდევ უფრო აუტანელი არ გახადოს ყოფა,ვზივარ და იმაზე ვფიქრობ თუ რატომ არ შეიძლება მეც მათსავით უბრალოდ მიხაროდეს არსებობა.
უბრალოდ შემეძლოს ვედიალოგო მეგობრებს,ვიცინო და გავიხარო.
ამის მაგივრად კი ვზივარ და უსაზმნოდ ხან ლექსის წერით ვირთობ თავს,ხანაც მყრალი თამბაქოს მოწევით.
ჩემი გონება დამძიმებულია ბნელი ფიქრებით,ახლა ტვინში იმდენად დამაყრუებელი ხმაურია გაჩაღებული,რომ შავ ზღვაზე გადასული შტორმის ხმაურიც,ვერ შეედრება ამ ხმაურს.
ხმაურს,რომელიც გამოიწვია უიმედობამ,
უბედურებამ,მარტოობამ და საკუთარი თავის მიმართ ბრაზმა.
იმედები ჩემს მხარეში იმდენად უცნაური მოვლენაა,როგორც ომში ყვავილებით მოსული ახალგაზრდა ჯარისკაცი.
უბედურება კი პირიქით,ომში ტყვია-წამალით დატვირთულ ჯარისკაცივით უხვადაა ჩემ ცხოვრებაში.
მარტოობაზე რისი თქმა შემიძლია,დიდებულ იდეებს სწორედაც,რომ მარტოობა მაშობინებს,
კენტად ყოფნამ მაქცია უმისნო ესთეტიკოსად,მაქცია პოეტად და ფიქრების მფლობელად.
მაგრამ ეს ყოველთვიდ კარგი როდია.
ჩემი თავის მიმართ ბრაზი კი ძალიან ძალიან ძველია ჩემ ცხოვრევაში.
მგონია ამ შეგრძნებით დავიბადე და წლებთან ერთად კიარ მომაკლდა,არამედ პირიქით გაიზარდა,სწორედ ისე,როგორც მე.
ეს სკამი ძალიან მოუხერხებელია,ზურგმა რეჩხი მიყო,ვეღარ ვძლებ, მაგრამ სახლში ასვლის სურვილი არ მაქვს.
ოთახი საპყრობილეა,რომელსაც ისე მივეჯაჭვე,რომ დღის ყველაზე ხშირ მომენტებს იქ ვატარებ. არ მსიამოვნებს,მაგრამ სხვა გზა არ მაქვს.
გადავიღალე,ნიავი ახლა მეტად გრილი გახდა,
ისმის ხალხის ბედნიერი სიცილის ხმა,
ისმის ზღვის ტალღების ხმაური,
ისმის ყოველგან ჟრიამული,
მხოლოდ ჩემს ირგვლიც ტრიალებს გლოვა.
დღესაც არ მოვა ძილი.
და არც ჭამის ხალისი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი