ყოველთ-დღიური #10
სამიკიტნოს სისხამ ახსნეს კარის კლიტენი მიუსაფართა ყეფა, ყორანთა ჩხავილი, ბეღურა შიშებით კრთის, თოვლში იისფერ სევდას დაუდია ბინა, მაგრამ განა კი აქცევენ მეზობელ სახლის ყრმანი ყურსა და გონს დამთრგუნველს, გუნდა-გუნდებით აუწყვიათ თოვლის ბაბუა, ღილებით მოურთავთ, ცხვირის მაგიერ სტაფილოს ეძებენ რომ პირ-სახე დაუმშვენონ...მაგრამ დაბერა მყივარა ქარაშოტმა, ვერა ისვენებს აკვილონი... -საკმაოდ ბევრს წერთ, ხომ არ შეუკვეთავთ ? ვერა ისვენებს აკვილონი... მერამდენე ჩესტერფილდია მეშვიდე ? იქნებ მერვე ჩავაქრე... გავჰყურებ ყრმებს და არა დამჩნევიათ შიში ან კრთომა... მერამდენეა იქნებ მეცხრეა, თუნდაც მეათე. -იცით რომ დღეს დედათქვენი გარდაიცვალა ? -რა ბრძანეთ ? -ამბობდა, რომ ძალიან უყვარდით. ვერა ისვენებს აკვილონი, დღეს დედაჩემი გარდაიცვალა... მერამდენე ჩესტერფილდია, იქნებ მეათე, თუნდაც თერთმეტი, ყრმები დარბიან გამყინავ თოვლში, სუსხიც ატანებს ძვალში და რბილში, თუმცაღა უცხო რჩება მათთვის ყოველი სიცივე და შიშის როზგები, მერამდენეა, მეთორმეტე ? მახსოვს , მახსოვს, მეცამეტეა, მეცამეტე !
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი