ყოველთ-დღიური #15
სამიკიტნოს სისხამ ახსნეს კარის კლიტენი. -თავო უბედურო , რისი მომსწრე გახდა ჩემი თვალები ! კაცთა ბოროტებას ზღვარი აღარ აქვს. -არც გაუფილტრავი ლუდის მარაგს სამიკიტნოში. -გენდობით, ერთი კათხა, სიერრა ნევადა, გაუფილტრავი. -და პორცია დახრაკულ ღორის ყურებსაც შემოგთავაზებთ, რამ დაგაღონათ სერ ? -ქუჩის ბოლოს ყმაწვილ-კაცთა სასწავლებელში ყოველდღისით ვხედავ ერთ ლოყებ ღაჟღაჟა მსუქანა ბავშვს. ვაშლის ღვეზელი უყვარს, სიცივესა და ყინვაში რიგში დგას. ორ ცალ ქონიან , ვაშლის ღვეზელს ელოდება, საგულდაგულოდ ითვლის რკინის აჩხრიალებულ მონეტებს, ეტყობა სიმწარე ხარკის გროვებისა. თვალი მოვკარი , თანატოლებმა როგორ შეიტყუეს მოფარებულ ჩიხში, სცემეს და დაბეჩავებული კინწისკვრით გააგდეს, ბავშვს ღაპა-ღუპით ცრემლები სცვიოდა. ვერად გავჩერდი... ყმაწვილკაცობის მლაშე მოგონებები ცოცხლად განმისხეულდა და... -თქვენ ისეთი კაცი ხართ , ბატონო ერემია, რომ სამართალს აუცილებლად აზეიმებდით. -ვცდილობ ჩემებრ, დავეწიე და ქამრის ბალთით იმ ავაზაკს კანი დავუფლითე. -ვაშლის ღვეზელები თუ მოგეწონათ ? -დიდად არ მომწონებია, იმ მსუქანა ნაბიჭვარმა, მხოლოდ ერთის გადარჩენა მოასწრო, მეორე აწაპნეს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2025
@ კონტაქტი
0 კომენტარი