კეხურა
-გაიგე , ბიჭო, სკოლაში ვაშლებს რომ არიგებენ ? -გავიგე, აბა , არ გავიგე ? დღეს მოაქვთ თან. -მაგარია რა. აუ, ნეტა მეოთხე გაკვეთილის მერე დაგვირიგონ. -მეოთხე რა გვაქვს ? -სპორტი , ბიჭო, სპორტი. -აუ, აბაა ! რაჭაში ზაფხულობით სტო-პიატს რომ ვთამაშობ ხოლმე, მერე სულ ვჭამ. ბებიაჩემს ვპარავ. მეჩხუბება მერე მურაბისთვის მინდაო, მარა მაგარი გემრიელია და რა ვქნა, ხი-ხი ! -ე, მაიცა. ის დათიკო არაა ? -კი დათიკოა, ამას რა ვეშლი ეყოფა ნახე რამხელაა. -დათიკო ! -დათიკო ! -ნახე რა -აბა, ახლა უყურე. ბომბორ ! -ნახე , ბიჭო, გამოიხედა. ახითხიდნენ ბავშვები დათიკოზე. არა, ისე მართლაც კეხურა ვაშლივით ჰქონდა წითელ-მოვარდისფრო ლოყები.თვითონ მწვანეთვალება ბავშვი იყო, ციცინათელებივით უციმციმებდა. ის კია, რომ ბოლო პერიოდი ციცინათელას ვერას მოკრავდა ხოლმე კაცი თვალს, მაგრამ თუ ვინმეს ძალიანაც მოენატრებოდა, დათიკოს ხილვა გადაატანინებდა მაგ ჭირსა და ვარამს. მკლავებიც კარგა-გვარიანად ჰქონდა ჩანაკეცებული დათიკოს. ტუჩებიც ძლივსღა უჩანდა ასე შემოგვანგვალდა მეხუთე კლასის ქუშ საკლასო ოთახში. აი, იმ საკლასო ოთახში მარტო შესვენებებზე რომ შეფერადდებოდა ხოლმე 5-10 წუთით, დანარჩენი 45 წუთი კი ისევ უღალატოდ იძენდა რუხ ფერს. უფრო სწორედ, ჯერ მისი ბურთივით მუცელი შემოდიოდა ხოლმე და მერე დათიკოც მოსდევდა ფეხდაფეხ. -ბიჭო , დათიკო, შენ გეყოფა ვაშლები ? -მომიტეხე რა ლობიანი. -აუ ! ვინაა ეს , ვაა. სულ როგორ მეუბნები მომიტეხეო. -შენ ლობიანზე გეუბნება და მე პიცაზე ! აბა პიცა როგორ მოვუტეხო. თითებზე მეზილება მერე კეტჩუპი და მაიონეზი. -მომიტეხე რა.. არაფრის დიდებით არ მოუტეხეს დათიკოს ლობიანი. შეუწყლიანდა ის ციმციმა თვალები. ჰოდა, მისმა ფუმფულა მუცელმაც თბილი ლობიანის მაგივრად, ლაზათიანი სევდა იგემა. მაგრამ ისე მოხდა, რომ მუცელიცა და თავად ჩვენი ბომბორაც კაკო მასწავლებლის სიის მკაცრმა ამოკითხვამ შემოაბრუნა დედამიწაზე. - ჭეიშვილი .. დავით ! -ვარ ! გავიდა რუხი 45 წუთიც. ვიღას ახსოვდა შესვენება. მოჟამული სახეებით ისხდნენ ვაშლების მომლოდინე ბავშვები. გაიძურწა კაკო მასწავლებელი და ორიოდე წუთში შემობრუნდა ისევ, უკან, თეთრი ცელოფნით. -თუ დავალებას შემისრულებთ და გამოიცნობთ რა მაქვს ცელოფანში ... ვეღარ გაიგო რას უნდა შეპირებოდა კაკო ბავშვებს, ჰოდა, ისევ იგივე გაიმეორა. -თუ დავალებას შემისრულებთ და გამოიცნობთ რა მაქვს ცელოფანში.. -ვაშლ..ვაშლები ?- ხმადაბლა წაიბლუკუნა დათიკომ -ჭეიშვილი ! მასე რო მიხსნიდე ამოცანებს ხო გეყოლებოდა ვაშლივით ნიშნები ! დასცხეს ხარხარი.. იცინოდა თექვსმეტი ბავშვი, იცინოდა კაკო მასწავლებელიც, მაგრამ დათიკოს არ გასცინებია. კაკომაც აღარ დააყოვნა და ჩამოარიგა. -ჰე, წადით ახლა სპორტზე, მერხების ქვეშ შეინახეთ ეგ ვაშლები, არ წავლენ არსად, ამოხვალთ და შეჭამთ მერე. გავიდა ფერადი 45 წუთი. დაბრუნდა 16 ბავშვი, დახვდათ დათიკო საკლასო ოთახში, მაგრამ ამ 16-დან 3 ბავშვს ნამდვილად აღარ დახვდა 3 ვაშლი. ატყდა ამბავი , ატყდა მაგრამ რა ატყდა. ვინ ვის ეჩხუბებოდა, რატო ეჩხუბებოდა, თავიდან ვერც კაკომ გაიგო და ვერც მამა ზეციერმა. მთავრდებოდა დღე,თუმცა ვიღას ახსოვდა სახლი. ამ ჩოჩქოლში მივარდა ეს სამი ბავშვი ზურგჩანთა მოკიდებულ დათიკოს. გაადინა ზღართანი იატაკზე , იგორავა მტვერში და ბრდღვნასაც აღარ დაუტევდნენ ამ ჩვენ ბომბორას კაკო მასწავლებელი რომ არ გამოცხადებოდა მესიასავით. -რა ამბავია აქ ! - შესძახა და გაისუსა თექვსმეტივე. მხოლოდ დათიკოს სლუკუნიღა ისმოდა აქა-იქ. -მუხლი გიტკენია, ნუღა ტირიხარ, კაცი არა ხარ ? ნახე მე ამათ რა ვუქნა, კარგი , შვილო , შენ გახარებას. ნუღა ტირიხარ, ჰე.. მოდი, ახლა, მოდი.. წამოდექი წამოდგომა იყო და მტვერთან ნაალერსალი , შეხსნილი ზურგჩანთიდან გამოჩნდა ორიოდე ვაშლი. მივარდა ერთი გატლეკილი ბავშვი ამ ვაშლებს და.. -აგე , კაკო მას, აგე კაკო მას! ხო ვამბობდი დათიკომ მოიპარა მეთქი, ხო ვამბობდი ! ატყდა ჭყიპინი, აყვა ერთი, მერე ორი, მერე სამი , ოთხი, ხუთი და მივიდნენ თექვსმეტამდე. ყვიროდნენ : ჭეიშვილმა მოიპარა , ჭეიშვილმა მოიპარაო. -არ გრცხვენია შვილო? კი მარა, რას გაჭმევენ ამდენს სახლში გეკითხები, არა, გეკითხები რას გაჭმევენ სახლში ამდენს ? ბომბორა მთლად აზლუქუნდა. იწმენდდა ამ თავისი ბუთქუნა ხელებით თვალებს, იწმენდდა... მაგრამ ვერა და ვერა აკავებდა კამკამა წყაროს, თრიალით რომ მოსდიოდა ციცინათელებიდან. -ვსიო. კარგი ახლა შვილო, რა იყო, მორჩა.. ვსიო. შიოდა და აიღო , რა მოხდა მერე ! თქვენ არ მოგშიებიათ? აწი რომ მოგშივდება დათიკო, თხოვე, შვილო.. თხოვე და მოგცემენ. -ვთხ.. ვთხ..ვთხოვე მე.. ლობ.. ლობიანი და არ.. არ მომიტ.. მომიტეხეს..მე.. -კარგი , შვილო , ლობიანის მერე ვაშლი ვის გაუგია, მაგიტო არ მოგიტეხეს , თორე მოგიტეხავდნენ, აბა რას იზამდნენ. ხომ მოუტეხავდით ? -კი, კაკო, მას. ეს ‘’ კი კაკო მას’’ საკლასო ოთახში ზუსტად 16-ჯერ გამეორდა. -ხმა და კრინტი ახლა ! შერიგდით, თორემ მშობელთა კრებას მოვიწვევ, აბა ! როგორ გინდათ ! მოვიწვევ მშობელთა კრებას. შერიგდნენ. დაიბრუნეს თავისი ვაშლები. დასცინცლეს თავისი კუთვნილი ვაშლი დათიკოსაც, ვერ დაინახა კაკო მასწავლებელმა , თორემ ნეტავი გენახათ რა დღესაც დააწევდა. მორჩა სკოლა. წავიდნენ ბავშვები სახლში. წავიდა კაკო მასწავლებელიც. ჩვენი დათიკოც თავდახრილი მიჰყვა მათ რიგებს. გზადაგზა ნატკივარ მუხლზე ისვამდა ბუთქუნა ხელებს.გაებერა კეხურა ლოყები. ნიკაპჩამოწეული მთლად ბურთს დაემსგავსა. აღარ გამოჩენილა მომდევნო პარასკევამდე დათიკო. შემდეგ , ისევ ჩვეულად შემოგვანგვალდა , დარცხვენილი. სულ ბოლო და სულ მარტო. დაჯდა თავის ადგილას, კუთხეში. თვალები აღარ უციმციმებდა , გაჰყურებდა ფანჯრიდან ხედს და ეხუტებოდა გამათბობელს, ბარდნიდა. ჩაეღიმა კაკო მასწავლებელს, როცა ვაშლებს არიგებენ მარტო მაშინ უშვებენ ამ ბავშვს სკოლაშიო. და აჰა , ვაშლებიც დარიგდა მეოთხე გაკვეთილის ბოლოს საოცარი თეთრი ცელოფნიდან. 16 ბავშვი ჟრიამულით ჩავარდა სპორტის გაკვეთილზე. მხოლოდ დათიკო დარჩა თავის სკამზე და გაჰყურებდა ცივ სითეთრეს თბილი საკლასო ოთახიდან. -დათიკო, შვილო. -აღარ მოვიპარავ კაკო მას.. დედიკოს ვფიცავარ თუ მოვიპარო.. -არა დათიკო , არ გიბრაზდები. -მართლა, კაკო მას ? -მართლა, დათიკო , მართლა. მცირე ხანს სიჩუმე ჩამოწვა. შეატყო რა კაკომ ბავშვი ცოტა გუნებაზე მოვიდაო.. -რატომ არ დადიოდი, დათიკო, ნახე რა ვუყო მე ამათ.. ნახე რა ვუყო ! რატომ არ დადიოდი, შვილო. -სოფელში ვიყავი , კაკო მას, დედიკოსთან. -სოფელში ? -ჰო , მამას დავყავარ ხოლმე. -იქ ცხოვრობს დედიკო ? -კი, კაკო მას, იქ ცხოვრობს. მაგიტო დავდივართ მე და მამა, მანქანით მივდივართ ხოლმე,კალთაში მისვამს და რული მე მიჭირავს. -აი, ყოჩაღ შენ დათიკო, როგორც მანქანას ატარებ, ისე უნდა ამომიხსნა ამოცანები , ჰო ? ჰო ამომიხსნი მოცანებს. -კი , კაკო მას. -ისე.. დათიკო , რატო მოიპარე ის ვაშლები.. გშიოდა? -არა კაკო მას. არ მიყვარს მე ვაშლი, ვერ ვჭამ, მაგარია. -აბა.. აბა რათ გინდოდა ,დათიკო, 4 ცალი ვაშლი. -დედიკოს უყვარს ,კაკო მას. მამა მეუბნება უყვარსო. ჰოდა ხშირად დავდივართ სოფელში, ვაშლები რომ მივუტანოთ. დედიკოსთვის მინდოდა ვაშლები, კაკო მას. ბოდიში.. მამას ეტყვით? -არ ვეტყვი დათიკო , გპირდები არ ვეტყვი. არა , შვილო, აბა, როგორ ვეტყვი... როგ.. როგორ ვეტყვი. დამელოდე ,დათიკო , მოვალ მალე. ისევ გაიძურწა კაკო მასწავლებელი ოთახიდან, ზუსტად ისე , როგორც დათიკო გაიძურწა წინა პარასკევს. არავინ არ იცის სად იყო წასული, ერთი ის ვიცით , სპორტის გაკვეთილის დასასრულს , საკლასო ოთახში დაბრუნებულმა ბავშვებმა მერხების ქვემოდან პაწია თითებით რომ გამოაცურეს 16-ივე ვაშლი, იმ საოცარ თეთრ ცელოფანში რომ ჩაყარეს და ისე მისცეს დათიკოს. 16 ვაშლი და ამდენივე ლობიანი. არა, არასწორად დავთვალე, დათიკოს თავის კუთვნილ ვაშლიანა 17 ცალი შეხვდა, წინა ჯერზე აწაპნილი ვაშლი, კი კაკო მასწავლებელმა თავისი ჯიბიდან დაუთმო, ესეც 18. ლობიანები კი კაკომ კაფეტერიიდან დაურიგა ბავშვებს და უთხრა , დათიკოს მიეცითო. თან სულ რბილ-რბილები ამოურჩევია, ბავშვი მაგარ საჭმელს ვერა ჭამსო... გათბა თოვლი. დათიკოც გათბა, აღარა იყო გათოშილი. ჰოდა , ჩამქრალი თვალებიდან მალევე შემოანათა ამ ვითომ ძალიან მკაცრ მასწავლებელსაც, გათბა კაკო. ნეტა გენახათ ,როგორ უკვირდა, ამ შუა ზამთარში ციცინათელებს რა უნდაო. ერთი კია, მსუსხავად ბარდნიდა, მაგრამ სუსხი ვერაფრის დიდებით აკლებდა რაიმეს დედის საფლავზე მიმოფანტულ გამთბარ მიწას.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი