თავსხმა


-ბიჭო, თომაია...

-რა იყო,გაგო?

-ბიჭო,სად მოვხვდით ეს , ა ? აგერ მილიონერი , ეგერ მილიონერი.. ყვავილებს თუ მაინც შეხედავს ნეტა... ვარდებია  რავიცი... ხომ არ შევრცხვები.

-შეხედავს , რატო არ შეხედავს, შენადა გამახსენე  ბილეთები რა დაგიჯდა ?

-ბილე... ბილეთები დამიჯდა 200 ლარი , კაცზე ! 

-კარგი, გაგო, ნუ ყვირი, ხმადაბლა ცოტა. 200 ლარი ? აბა ფასდაკლებაო?

-ფასდაკლება .. ჰო , 300 ღირდა თავის დროზე. მარტო ხომ ვერ წამოვიდოდი, 400 ლარი ბილეთების, 150 ლარი ვარდების, 500 ლარი ტანსაცმლის, ეს მანქანა კი არ წვავს , სვამს.  ეგეც შენი 100 ლარი. 

-კი გაცდი აბა 1000-ს

-გავცდი , ჰო, თან რამე ხომ უნდა შევჭამოთ სირცხვილია... შევუკვეთავ ახლა.

უკაცრავად , თუ შეიძლება ! 

-რავიცი, მე რო გითხრა, მშია მეთქი... არ მშია. წყალს კი დავლევდი ისე, თუ დაგრჩება, რას მღერის ისე ეგეთს.

-მღერის, თომაია, მღერის , მერედა რას მღერის. გუნდში საუკეთესოა , თან რაღაცას ცეკვა-თამაშობენ.. . გულს და თვალს უხარია.

-ეგრეც უნდა იყოს.

-ერთი კაი მეგობარი ყავს თან , საშენო.. თეა

-ჰო, ვიცნობ, თეას... თეას როგორ არ ვიცნობ

-როგორ ? აქამდე რატომ არ მითხა...

ყველას უდიდესი მადლობა მობრძანებისთვის ! ერთი თვალის შემოკვრაც კი საკმარისია ნარჩევი საზოგადოების ამოსაცნობად, ჰოდა , ჩვენი მეცადინეობით ასევე ნარჩევ და მძივებად აკინძულ საღამოს შემოგთავაზებთ. ყოველშემთხვევაში, უსიამოვნო ნამდვილად არ დარჩებით, ანკი როგორ შეიძლება ქართველი კაცი ქართული სულის გამონასროლ მჭეხარე კულტურის მომსწრე გახდე და უკმაყოფილო შეიქნა. რომც დარჩეთ, არ თქვათ მაინც.  ჯერ ერთი, კლიენტურა მოგვაკლდება და მერე მეორე... მეორე... ჰო, ქართულია ! 

ჰა- ჰა ! 

ჰა-ჰა ! 

ჰა-ჰა !

-ნახე, გაგო, მდიდრებს სიცილიც მდიდრული აქვთ.

-ჰო, რაღაც არისტოკრატული მეჩვენა, ჩუმად ახლა, გამოდის ! 

თეატრს შეუმოსია მოლურჯო ფერი , მტვერში ახვეულა ყოველი , მაგრამ მტვერი არ ყოფილა ისეთი ყოველ ფეხის ნაბიჯზე რომ გვხვდება ქუჩებში, წიგნების თაროზე, ზარმაცი დიასახლისის სახლში თუ რავიცი... ყველგან. სხვანაირი მტვერი იყო, მოტკბო. სიამით გააბრუებდა კაცს. თვალებს მოუწითლიანებდა, ოღონდ ტკვილისგან კი არა , სიმშვიდისგან. ჰო... აი, ესე, მიმშვიდდებოდნენ კაპილარები გამოსაზამთრებლად გამწესებულები მურებივით, მოეშვებოდნენ და კი დაუყვებოდნენ კაცს თვლის გარსზე პაწია გველების მსგავსად.

-მორჩა , თომაია ! მორჩა ბიჭო ! რამდენს ვნერვიულობდი, კიდე კაი გამიჯიბა მამაჩემმა,  მაგრამ ნახე რამხელა თაიგულები მიართვეს გოგოებს, რას შვება ხალხი, არავინ თქვას ამ ქალაქში ფული არააო. ეს ნაბიჭვრები ჯერ არჩევენ მემგონი და ისე  აფათურებენ გესლიან ხელებს.  იმათაც ტვინი არ აქვთ, იყიდებიან გროშებზე ! ნენე არაა ეგეთი , თომაია . ხო იცი , არა ?!

-კაი რა ,გაგო, თუ ძმა ხარ,  მატერიალურზე კაცი როგორ ინერვიულებს, ეგ თუ იხსენა სიყვარული რაღა სიყვარულია. ოკეანეში რა დალევს შენზე უფრო დიდ თევზს და იმათზე დიდსაც. არაა ნენე ეგეთი ,გიყვარს და უყვარხარ, მორჩა კინო , წავედით ახლა სახლში.

გენიალურია !

საოცარია ! 

ბრავო ! 

-თომაია, ბიჭო, ნენეს გავასეირნებ, არ მეყოფა საწვავი, ხომ არ გეწყინება შენით რო წახვიდე, კი წვიმს ცოტა მარა...

-არა , გაგო, რა მეწყინება, არაფერი დიდი წვიმა არაა , უარესიც ყოფილა, წინწკლავს რა...

თავსხმა იყო, თავსხმა... ერთია ღაპა-ღუპით თქრიალით ხვრეტდა მიწას წვეთები , რასაც თავსხმას ეძახიან , მაგრამ მეორე იყო ის თავსხმა, კაცს რომ ათასად მოაგონებს ხოლმე თავს და  მერე კიდევ ათასზე გადამრავლდება.. მერე კიდევ ათასზე და ასე... მოდის, მოდის ,მოდის და ერთიანად აორთქლდება ხოლმე. გაიკვირვებს მავანი, სად აორთქლდაო, მაგრამ ფიქრების ტკივილი რჩება, ეგ დრო გვატყუებს, დრო თვითონაა მოკლეც , ფეხებიც და ტყუილიც. რჩება სადღაც, უძირო ქვევრში და არავინ იცის როდის გაგვახსენებს თავს, დარი როდის აირევა და როდის ისევ იწვიმებს.


-მოვედი, დე, მე ვარ, არ ინერვიულო

-რა ქენი , თომა ,დედი, რა ქნა გაგომ... ნახა ნენე? ხომ არ ნერვიულობდა?

-ნახა, ცოტას ნერვიულობდა, ირგვლივ ჯიბე მოსქელებული ხალხი იყო და თაიგულებს ატოლებდა, იმათ უფრო დიდი მიუტანესო.

-რა ანერვიულებდა კაცო, ეგ სიყვარული რაღა სიყვარულია ჯიბეები თუ ატოლეს ერთმანეთს.

-ეგრეა, მეც ეგ ვუთხარი. დალიე წამლები ? 

-ეჰ.. დავლიე ,შვილო, დავლიე. კიდევ კარგი ეს პენსია რომ მაქვს თორემ... სანამ ცხონებული მამაშენი ცოცხალი იყო კი ვათრევდით წელს, ვერ დავდივარ შვილო... მოგეხმარებოდი მეც რამეში, რა ვქნა, მივეჯაჭვე ამ ლოგინს. მაგრამ სიყვარულმა არ იცის ფული, თომა , დედიკო. უთხარი ეგ გაგოს.

-კარგი დე! რა სიყვარული და რა ფული. ვუთხარი აბა არ ვუთხარი ? წავალ დავწვები, დავიღალე.

-მშვიდობიანი ღამე... დედი.


უფალო იესო ქრისტე, ძეო ღმრთისაო , შემიწყალე მე ცოდვილი.

უფალო შემიწყალე 

უფალო შემიწყალე

უფალო შემიწყალე

ღმერთო, რა ლამაზი იყო !  ვერ ვიტყოდი , რომ ნენე უკეთესად მღეროდა. შენც ხომ დაინახე არა ? მაგრამ მაგას ხომ ვერ ვეტყოდი გაგოს, თეა უკეთესად მღერის მეთქი. ჰოდა, უფალო , ერთხელ ვცხოვრობ, მივალ ხვალ თეასთან ასე ურცხვად, ავდგები და მივალ! აუცილებლად მივალ და ვეტყვი... ყავაზე დავპატიჟებ ! ჭავჭავაძეზე აკეთებენ ძალიან კარგ ყავას, კარგად ელამუნება მუცელს, შენც იცი არა?  ჰომ იცი , უფალო... მაგრამ ისიც გეცოდინება , ყავის ფულიც რომ არ მაქვს, მერე რითიღა ვიყიდო წამლები, დედა ფურცელზე რომ ჩამომიწერს ხოლმე და გონია პენსიის ფული ყოფნის მხოლოდ , ჰო , გონია ჩემსას არ ვამატებ. ხომ არ ვეტყვი უფალო, ასე უფრო მშვიდადაა, ერთი დედა მყავს, აბა მაგას როგორ ვეტყვი.

უფალო, შენობით რომ გელაპარაკები ხომ არ მიწყენ, არ მიწყინო , უფალო, არ მიწყინო...

უფალო იესო ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი.

უფალო შემიწყალე

უფალო შემიწყალე

უფალო შემიწყალე.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

1 კომენტარი
Giorgi Alaverdishvili7 თვის წინ

maladec dzalian magaria dzmao ase patara moculobebshi amxela azris chateva ro shegidzlia vici ar gifasdeba mara ar izarmaco gtxov kacurad me moval shen wignebze pirveli damimaxsovre

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი