მშვიდად იძინე გიგილო
მე რომ კაცი ვყოფილიყავ , ბინას თავზე დავიდებდი 9 გოგონას არა ვსდევდი , 9 მთას ისე გავიკვლევდი შვილიც მსურდა მყოლებოდა , გოგრა , კვახი, პირ-კეხურა ნეტა იმ დღეს რომ შემეძლო ტვინი ქუდად დამეხურა… -აეთრევი ფეხზე მიდღემჩი ? გადენე ახა ე საქონელი , ქერო ხარ წამოპლაწკარტებული ! -მაცა ქალო , მაცა ! მე ეპოქა უნდა შევქმნა , როდემდე უნდა ვიყო ე ძროხების მადევარი? -ვაი, შენ პატრონს, გიგილო ბრეგვაძე ! თუ მოვედი ახა და გბრეგვე მართლა მაგ ეპოქალურ თავში მსდიე მერე დილამდე არ ესმის ამ ხალხს, ვერ შევაგნებიე, დევიღალე, დავიღალე კი არა , დ ე ვ ი ღ ა ლ ე, დიდი დ ე. გიგილო ვარ მე ბრეგვაძე, ან გიგლა, რავიცი… რაფერაც გაგეხარდეთ ეგრე. უთენიაა ახა, მივდივარ გზაზე და მივერეკები ამ საქონელს. დავწერდი აკადემიურად, მარა არ უნდა ამ ხალხს ე ჩემი აკადემიური სჯა-ბაასი. ამას თაფლა ქვია, იგი იგერ რო მიდის , კი არადა მირონიობს ნარნარა , ეგი აგერ გუნდა, თეთრია სულ, ქათქათა, სიშავე რო დოუდის არ მოგატყუოს მაგან, ჭუჭყიანია, საქონელი ვერ დეიბანს თავს ჩვენსავით, მასეა ბატონო, არ გვქვია საქონელი, მარა ჩვენც ქე ვართ დოუბანლები ხანდისხან , ოღონდ ეს დაბანა არ გამოიხატება ჰიგიენურ კრიტერიუმებში, ან მაგაშიც გამოიხატება, თუმცაღა ადამიანი წაბილწულია ხორციელი კუპრით. რაოდენ საკვირველია, რომ ჩაკლულია ყოველი ამბიცია თვითგანვითარების სწრაფვისა ,სახეზეა ლპობა ბოძებული ტაძრისა თუ უმისამართო ქროლვა სულისა, კაცი თუ საკუთარი ვნებისა და ნდომის კონტროლს ვერ შეძლებს, რომელიც ხელოვნური ბარიერების მოშლაში... როგორღა მართავს... რაფერღა მართავს... სამყაროს... გემექცა... სა გავჩერდი ? ხო , ეე მანდ ! ეგერ როა , მაგი ბაჩუნაა, დაბაჩუნებს და მაგიტო. მოკლედ რო ვთქვა, მივუყვებით გზას მე- გიგილო ბრეგვაძე, თაფლა, ნარნარა, გუნდა და ბაჩუნა. ეს აგერ ქაჯეკალაა, როა აზნექილი , ვითომ საქმეს აკეთებდეს რამეს, სამკურნალო კიაო იძახიან ეკლები რომ აქვს ხეს ხო იცი ? მაგია, ეძახიან გლედიაჩიას. ლათინურად- L. Gleditschia ან G. triacanthos L. პარკოსანთა ოჯახის წარმომადგენელია სხვადასხვა სახელით გახლავთ ცნობილი, ქაცვი-ეკალი, რუსული ეკალი, ქრისტეს გვირგვინა, 20 მეტრი ან მეტია სიმაღლეში ძირითადად, ზოგჯერ შეიძლება 40 - იც იყოს, ყვავილები ცალსქესიანია, იშვიათად ორსქესიანი, საკმაოდ სურნელოვანი მცენარეა, ცალ კიდეზე პარკს ტკბილი რბილოები აქვს, თითო პარკში 12-15 თესლია,წაგრძელებული - ელიფსური. 1000 თესლის წონა 230-265 გრამამდე მერყეობს, გავრცელებულია აგრეთვე ამერიკის შეერთებულ შტატებში. დეინახე ბიჯო.. კიდე გემექცა. ჩოვუყვებით ახა ამ ორღობეს მე და ჩემი ძროხების ამალა და ჩავალთ იზვარის პირებზე, მერე ამოვაცურებ ამ შენიღბული ჯიბიდან წიგნს და დევიწყებ კითხვას ე დალოცვლილი დედაჩემი კი მეძახის თხა და გიგო ხარო , მარა სა მყავს თხა. მყავს ძროხები, თაფლა, ნარნარა გუნდა და ბაჩუნა. ა მივუშვი ახლა , ავხსენი საბელი ასემც უქნიათ იმდენი უძოვიათ გახეთქიათ ი მუცლები სათითაოდ, მარა არა... მიყვარს, რა ვქნა, რაღაც ღრმა თვალები აქვთ ძროხებს, არ შეგიმჩნევია შენ ? შენ გეკითხები... უცოდველი თვალები აქვთ, დიდი , გაორკეცებული, უცოდველი თვალები. 10 წლის ვიყავი დევა რო დევიწყე და აგერ კი გავხდი 17 -ის უკვე. ეგენიც იმ ხნისას მომიყვანეს და კი შემოვრჩით აგერ ამ წუთისოფელს. გევიზარდეთ ერთად, მე თუ ვლანძღავ ამათ სხვებმა რომ გალანძღონ მეწყინება. მეტიც, კი გავბრაზდები, მარა რათ გინდა მერე. უნდა გევიბერო , გევიბერო ბუშტივით და უნდა მოვკლა შით მერე ყველაფერი. აბა ხმის ამომღები მე არ ვარ და, არ მინდა რო ვაწყენინო, წყენინება რა ადამიანის საქმეა. ეგი აგერ გოგირდის აბანოებია, ჩემმა მეზობელმა ვალერამ მოაპირკეთა აქოურობა, ნახე რავა ხასხასებს ე თეთრი ქვები ? სველი როა ქვა და მზე აკოცებს მოტვლეპილ ზედაპირზე კი ბზინავს მერე თეთრი ოქროსავით. კაია ბიჯო სოფელი, აბა არაა კაი ?! კი კაია ქალაქი და კაი ცხოვრება, მაგრამ ბიბლიური სწავლებისა არ იყოს, კაცნი მიწათმოქმედებას ყოველთა დასაბამიდან იყვნენ შეყრილნი, განეშორა კაცი მიწას დაიწყო ინდუსტრიული რევოლუცია , ციფრული ერა და მოისპო ყოველი. მიწაზე მუშაობას თაკილობს მრავალი, ის კია ასიოდე კვადრატული ნაგლეჯის გამო ღვიძლი ძმანი ემდურებიან ერთმანეთს და სასიკვდილოდ იმეტებენ , ვითომდა ღრმა ერთი მოჰხედავს მაგათ მადლს კაენის არ იყოს. ასეა, ასე... კაცნი მიწის გამო კლავენ , მაგრამ მასზე მუშაობას არა კადრულობენ. უშრომელობა აბოროტებს ადამიანს, წილი ოფლი თუ არ ღვარა და სიზარმაცე შეეყარა ბოროტდება ადამიანი. კაცმა რომ დღენი და დღენი იშრომოს, ერთიოდე მოისვენოს დაკარგავს კალაპოტს. მგელი თუ ადრე ადგა შეჭამს ცხვარს, მძინარა მგელი კი მონადირის შაშხანას შეეწირება. მარტივ ფულს არვის არგუნებს შემოქმედი. ვინც დაიბადა და ლატარიაში მოხვდა შეძლებულ ხალხში, მენტალურად ისეთი უძლურნი არიან არაერთი იკლავს თავს ან ბოძებულ ტაძარს ათასგვარი შხამით ბილწავს. ნარნარა გამოი აქეთ ! მაქანა ბოვშები სვამენ წყალს , გოგირდით თუ არ ჩეიმთხლარუნე პირი იზვარას წყალი არ იკადრო. რო იცოდეთ ისე, იზვარა საჩხერის მუნიციპალიტეტში მდებარე მდინარე ყვირილას მარცხენა შენაკადია. პაწიაა იზვარა , პაწია. მაგრამ თუ ბუთქა და ადიდდა სდიე მერე. ისეთ ხმა აქვს ყვირილამ აბა მე რა მაყვირებსო და მთლა ჩუმდება მერე. იზვარა მაგონებს დამთმენი ადამიანის სახეს. კაცნი ,რომელნიც დაითმენენ ავსა და ბოროტს, რომელნიც არა ჰყვებიან მავანის დაგეშილ დინებას , შინაგანი მეოხებით მრავალთა მაღლა დგანან. მაგრამ თუ ასრეთ კაცს ჩაგვრას დაუპირებთ იბუთქებენ მერე ერთხელაც ესენიც იზვარასავით და პასუხი უმკაცრესი იქნება. მაგიტომ მიყვარს იზვარა, თავმდაბალი მდინარეა, მინდა რომ ვემგვანო ჩემებრ, ვცდილობ კიდეც. ჰა , გუნდა ! რაფერც გაქე და გადიდე შეირგე ახა , ქათქათაა თქვა და სად წემეიჭიმე ამ ტყლოპანა ტალახებში ! ეგერ კაკლის ხე როა , შეხედე რამხელაა ! დეინახე ? იმოდენა ჩრდილი აქ შეიტყუებს კაცს ამ სიცხეში , წევედი ახა, წევედი წევიკითხო და წოვუძინო მერე პატარა, იმას ვაშლი მოხვდა და ეგება კაკალი მაინც ჩემეცეს ამ თავში რო მევიფიქრო მეც რაცხა. გუნდა, მომისმინე აგერ. -რა იყო, თაფლა? -დეიცა ნარნარაც და ბაჩუნაც მევიდენ , ხო აგვკიდა გიგილომ კილო , ე ბიჯო ! მოხვალთ ახლა თუ გელოდოთ მეორედ მოსვლამდე ? -რა გაყვირებს შე კაცო , მოვბაჩუნდი აგერ , შეხედე იმ შტერს , რავა დანარნარებს , ნარნარა მოდი ახლა, მოდი. -აგერ ვარ მეც , მევედი ! -ბიჯო , ახლა ჩვენ კაი ძროხები ვართ , მარა ე ბოვში როა ეგერ ხის ძირში და ძინავს რა ვუშველოთ იმას. -აბა , თაფლა, შენ ეგ თქვი, რა ვიცი ბიჯო , ტვინი აქ იმოდენა მარა გააგებიებ ახლა მაგისიანებს ? ვიძახი მუ ,მერე კიდე მუ , ვუმაღლებ მერე მუუუ ! მარა ჰა , არ ესმით და... -მუ და ზმუკი შენ ერთი თუ კაცი ხარ ! -ბაჩუნა რას იტყვი შენ ? -რავიცი ერთი ,თაფლა, არ იმსახურებს გიგილოს გონიერება ჩვენ გზა-გზა, მდელო-მდელო , მინდორ-მინდორ, თუ ღელე-ღელე დევას. ჰო უგდებ ხოლმე ყურს, ჩვენთანაც რცხვენია ხოლმე ეს... რაფერ ეძახის ... რაო? -ინტელექტუალურიო, აკადემიური საუბარიო. -კი არ რცხვენია, ერთხელ დასცდა კაცს არ უნდა აგრძნობინო იმაზე რამით მეტი რომ ხარო, გლეხთან გლეხურად უნდა ილპარაკოვო. -მერე მაგი სირცხვილი არაა ?! -ნარნარა, მაგი სირცხვილი კი არა ადამიანობაა. -ძროხა მაინც არ იყო შე დამთხვეულო , რა იცი შენ რა არი ადამიანობა ? -მე გეტყვით ახა, მიგდეთ ყური... -გიგდებთ თაფლა, თქვი ახა შე კაცო... -გიგილოს ძილზე კი ვიცით ჩვენ, რო გონია მაგას კაი ძროხები მყავს არ გემექცევიანო და იძინებს ხოლმე მაგფერ, მთლა რო ბომბი დეეცეს კაციშვილი მაგის გამღვიძებელი არაა. -ე ბიჯო ! გააგრძელე. მაგას იმიტო ვშვებით რო დაგვდევს ბოვშობიდან და რო გვიყვარს თუ არა... -ჰოდა, ამოვარდა აგერ ქარი , დაიწყო წვიმამ და კი ხედავთ რას შვება იზვარა... გვეყო ახლა გვეყო... იქნება გაცდეს ე ბოვში ამ გარჯასა და შრომას , იქნება დეინახონ რა შეუძლია მაგის ტვინს. -მაგას თაფლა , პოტენციალს ეძახის, პოტენციალი არ უნდა მოკვდესო თუ რაცხას ამბობს ხოლმე... -ჰოდა ადიდდა ახლა იზვარა, გვეყო ახლა, ძროხები ვართ მაინც. -გავყვეთ თაფლა ? -გავყვეთ გუნდა...გავყვეთ -ბაჩუნა , შენ რას იტყვი -რა მინდა აბა უთქვენოდ... კი მიყვარს გიგილო მარა... ჰო კაი ახა, გაყვეთ, ნარნარა რა აზრის ხარ შენ ? -მეყო რაც ვინარნარე ... მეყო... წავედით აბა მდინარეში. -გეშინია ისე სიკვდილის ? -ე ბიჯო, ძროხა ხარ... ან დაგკლავენ ან შენით მოკვდები, აზრი ხო მაინც უნდა ქონდეს რაცხა. -მაინც ვერ გეექცევი. -წევედით ახა, წევედით... დეინახე ბიჯო ! რა მიყივლა ამნაირი ამ ენამ ! არ მაქ გასისხლული ე თავი ?! მართლა კაკალი მომხვდა გონია ! ნიშანია გონია რაცხა... ეუ რაფერ წვიმს, კიდე კაი რო მომხვდა გამოვფხიზლდი ძლივს, მიმაკლავდა ი დედაჩემი. დავლპები მთლად სანამ ავალ სახლამდის. დეიცა, ეგი რაია ? რა შობა ე იზვარა ! დეიცა ბიჯო... სად არიან ბიჯო ჩემი ძროხები ?! ნარნარა ! ბაჩუნა ! გუნდა ! თაფლა ! სად არიან ბიჯო ჩემი ძროხები!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი