ხურდაში მორჩა სიკვდილი


ასე იყო ეს ამბავი, შენახაშვილების სახლში ხუთი სული ცხოვრობდა, ქართულ ოჯახს როგორც ჩვევია ხოლმე; ბებია-ბაბუა, მათივე ერთადერთი ვაჟი საკუთარი მეუღლითა და შვილითურთ. ბაბუა თეოდორე შენახაშვილი მოგაგონებდათ ბრიტანელ არისტოკრატს, უჩვეულო იუმორით, ფაფუკი ბუნებითა და აწყლიანებული თვალებით შვილიშვილის დანახვას რომ გამუდმებით შესციცინებს, შარავანდედივით მოსხმია თეთრი თავ-წვერი. ბებია - დოროთე აფაქიძე, თავადური წარმომავლობის ნაფერებ - ნაფაქიზარი ქალი გახლდათ ძლივს რომ გაუმეტებიათ მშობლებს თეოდორესათვის, განა იმიტომ რომ ვაჟს წუნი დაედებოდა, არამედ გამოისობით ყველა მშობლის ეგოისტური ვნებათაღელვისა ეშელონისებრ გმინვით რომ გამოირაშებს ,როდესაც ქალიშვილი ვისიმეს უნდა მიათხოვონ.

მათი ერთადერთი ვაჟიშვილი ნიკიფორე, ნაადრევად შესდგომია ეკლესიურ ცხოვრებას, ხშირად დადიოდა ეკლესია-მონასტრებში, პროფესიით ისტორიკოსი კაცი იყო , თუმცაღა მრავალთაგანი ინტერესები შლეგად დასთამაშებდნენ ასევე ადრეულად მოწიფულ გონებას. ნიკიფორემ 27 წლის ასაკში, რა იფიქრა შევდექი და ოჯახში მისვლა არა შემრცხვება, რადგან საზღაური სამყოფი მაქვსო, თევდორაძეების ქალი ითხოვა- ნინა, ორიოდ წლის შემდგომ პატარა გოგონა, ნანიკო გაუჩნდათ და ასე აგრძელებდნენ დარბაისლურ ყოფა-ცხოვრებას სააქაოს კედლებში.

ამხანად ნანიკო ცხრა წლისა იყო, ცხრათვალასაგან სალმით ბრდღვიალა თეთრი პირი-სახე და ცისფრად დაღილული თვალები ჰქონდა, რომელიც მზის ცხელ- ცხელა დარობისას ზღვისფრადაც შეიფაკლებოდა ხოლმე, ნათელი ბავშვი იყო და ნათლადვე ასრულებდა ამავე ასაკის სახასიათო ერიშვილობას. მაშ, მშვენიერი მოსწავლე ყოფილა და სანიმუშო ყოფა-ქცევითაც გამოირჩეოდა. ნიკიფორეს კი გამუდმებით ეჩიჩინებოდა, საღმრთო წერილში ოთხი მდინარე რომაა, მათ შესახებ მომიყევიო. ვერაფრით გაეგო ნიკიფორეს, ამდენი საინტერესო სანახისგან ორსავე აღთქმას რომ ახასიათებდეს, რაღა მაინცდამაინც ფიშონი, გიხონი , ხიდეკელი და ფერათი შეუჩნდა ბავშვსო, თუმცაღა ზედმიწევნით ასრულებდა ნანიკოს მოთხოვნას და უამბობდა ამ მდინარეთა იმჟამინდელი ბიბლიური ქრიალის შესახებ. ნინა ოჯახის ხერხემალიც კი გახდა, იგი ბრწყინვალე დიასახლისი იყო, რომელიც მამლის ყივილსაც კი ასწრებდა ადგომას, ბავშვს საგულდაგულოდ გაამზადებდა, სახლის დაგვა რომ აღარ ყოფნიდა, საცხოვრებელი ბინის ეზოსაც შეჰყვებოდა ხოლმე და მეეზოვეებშიც კი საკმაოდ ხალასი და კეთილი რეპუტაციით სარგებლობდა.

ასე-ამგვარად, ამ ამბის მიხედვით, ძველ ქართული ტრადიციული ოჯახი, ჯეროვანი მარგალიტებით მიჰყვებოდა ადათებსა და წესებს, მორჩილნი იქნენ უზენაესის და ითქმოდა, რომ სისწორის პირდაპირი ხატვითაც წუთისოფლობდნენ.
მაგრამ ის კია, ასეთი ყაიდის ოჯახს, ერთი უჩვეულობა დასჩემებია.
თეოდერე ჯერ კიდევ დიდი პაპა-ბებიის დანატოვარს თვალის ჩინივით უფრთხილდებოდა, მთელსა ცხოვრებას ჯამაგირის მწირ პროცენტს ხარჯავდა ხოლო მსხვილს - ინახავდა, ამ საქმეში ხელს უწყობდა მძიმე უღელში შებმული დოროთეც, ვაჟიშვილიც ამავე იდეალებზე აღიზარდა, რომელმაც თავის მხრივ იგივე ღერძზე მოაქცია ცოლ-შვილი. გაუჯდა ოჯახს ეს წესი და იქცნენ, მონა- მორჩილად. თუმცაღა თავს მშვენივრად გრძნობდნენ, აგური ყოველთვის ედოთ და უკან მოხედვის აროდეს ეშინოდათ, მრავალი დააგროვეს, ანდერძისმიერ იმ სახლში ლამის ჰექტარ მიწას რომ ინახავდა და არიქიტექტურის ხელოვანებად ითვლებოდა ცხოვრებით არა ცხოვრობდნენ, მაგრამ უმეტეს დროს კი ატარებდნენ ,რათა სახლი მოეკაზმ-მოელამაზებინათ, მხოლოდ ასე ბრუნდებოდნენ ერთ- ოთახიან ბინაში, ქალაქის შემოგარენთან არც თუ ისე ახლოს. დანატოვარი სახლი კი რკინა-ბეტონის ჯუნგლებს შუა მდებარეობდა. სამაგიეროდ, ბინაც შესანიშნავად იყო მოვლილი, როგორც კი მტვრის ცინცქალს შენიშნავდა, დოროთე მაშინვე ფეხზე წამოიჭრებოდა და მის წკრიალების ჰარმონიაში თითო ნოტს დაამატებდა ხოლმე, მხოლოდ ასრე იტყვიან მეზობლები, დახედეთ შენახაშვილებს, როგორი სუფთა ხალხია, აბა ჩვენი რძლები საღათას ძილს ვერა ეშორებიანო. ისიც გასათვალისწინებელია, რომ სტუმრიანობა ამ სახლში ფეხზე მდგომთ შორის აგრძელებდა ცურვას, მაშ როგორ დაეტეოდნენ შეჭირვებულ ბინაში სტუმრები, დასხედითო - ეს სიტყვა ხომ მოკვეთილი სიის არქივად იქცა.

ასეთ გარჯასა და შრომაში იყვნენ ჩართულნი მარად და მარად, როდესაც ერთხელ, ჭინკობისთვის მიწურულს თეოდორეს სურდო შემოეჩვია, სახლში იყო, თუმცა წამალი არაფრის დიდებით უყიდია და არც ოჯახის წევრებმა შეიწუხეს თავი, რადგან სამყოფი გაიხარჯებოდა. ბაბუა ლოგინად ჩაწვა, სამსახურიდან დაბრუნებულ ნიკიფორეს, სახლში ექვსი ვაშლი მოუტანია. როცა ყველა შეიკრიბა ციცქნა ოთახში, ატყდა ქოქოლა - მაგრამ რა ატყდა. აქაოდა როგორ გაბედე ხუთი ვაშლის მაგივრად ექვსი მოგეტანაო. გნებავს თუ არა თანხა ყაირათიანად უნდა დაიხარჯოსო, ყვიროდა თეოდორე და მხარი აუბა დოროთემაც, ტაშის კვრით დაიწყო თათხვა - ნიკიფორეს მეუღლემ და ნანიკოც გახელებული თვალ-წარბით უმზერდა მამამისს.

-აბა, გგონიათ, ამას ვიკადრებდი ?! - ხელებს ასავსავებდა ნიკიფორე,- უეჭველად გამყიდველის ბრალია, მას ავაწონინე და შეეშლებოდა!
-არა, დახედე, ჩემ მოტყუებასაც კადრულობ ხო! - ყვიროდა ლოგინად მყოფი თეოდორე და ფეხებსაც უთაქებდა მოსასვენებელს.

ასე გაგრძელდა და როდესაც ცალკე დოროთეს ოგებმა უმტყუნა, ხმაც გაუჩინარდა, თეოდორემ თავისი წილი იყვირა და ამ საქმიანობიდან ხელი აიღო. აფაქიძის ქალს ყელი წამოსტკივდა და გაცივდა. დოროთე და თეოდორე აწ ერთად შეიქნენ მწოლიარეებად. ხოლო ცოტახანს იქით, სურდოსთან დამოყვასებულ რიგებს შეუერთდნენ ნინაცა და ნანიკოც. განვლო სამიოდე დღემაც და იმავე დღეში, ნიკიფორეც ჩავარდა. ახლა ოჯახის ხუთივე სული მიეჯაჭვა მოსასვენებელს და საჭმლის მოსატანი თავიც აღარ ჰქონდათ. მეექვსე აკრძალული ხილი ნიკიფორეს რომ მოუტანია ხუთის ნაცვლად, სამაგიდო ვაშლად იქცა და მთელის მშვენიერებით აგრძელებდა ჭკნობას, ასე იყო ეს ამბავი.
მაგრამ, უფლის წყალობით ჭირის დღე ყოველს გადაუტანია. გარდა დოროთესა, დოროთე გარდაეცა სასუფეველს. ხოლო შენახაშვილების სახლში დაკრძალვის სამზადისი დაიწყო. 

ოჯახში ყველამ თავთავისი წილი გამოიტირა, ჯერ შენახაშვილთა მედროშე თეოდორე იწყებდა გლოვას, შემდგომ ნიკიფორე , შემდეგ ნინა და ბოლოს ნანიკო. ასე გასტანა ორშაბათმა, ხოლო მეორე დღეს დაკრძალეს. მხოლოდ მეზობლები შეუერთდნენ პროცესიას, სხვა ხალხობას ეს ამბავი არად გააგებინეს. აქაოდა ქელეხის თავი არა მაქვს, რადგან მგლოვიარე ვარო, იძახდა თეოდორე, რომელსაც საგულდაგულოდ გადაენახა დოროთეს იმ თვის მიერი საპენსიო დანაზოგი.
დაკრძალვამდე ცოტახნისობით ადრე, თეოდორე დამკრძალავ ბიუროს ეწვია, სადაც საათი მაინც დააყოვნა, რომ როგორმე სარფიანად მოევაჭრა და შედარებით იაფად გამოსულიყო.

აი, ეს კუბო მინდა, ფასი რა აქვს ? - ფიქრიანად აკვირდებოდა, თეოდორე ჩასასვენებელს და ფიქრობდა, გამყიდველი ცოტა ფლიდი კაცია, ეგებ რამე არ მომატყუოსო.

-140 ლარი.

- რა ამბავია, შე კაცო ! - შეჰყვირა თეოდორემ,-სიკვდილი სანატრელი გაგიხდება კაცს, ვინმემ ამოდენა თანხა შენთვის რომ გაიმეტოს , მერედა რას შვება ასეთს, ნუთუ ჩემს საყვარელ დოროთეს გამიცოცხლებს... გეკითხები, გამიცოცხლებს მეთქი ?! - თეოდორე თვალებიდან ცეცხლებს სროდა

-არ ვიცი ბატონო, ვიზიარებ თქვენს მწუხარებას, მოგცემთ მაშინ ნახევრის ფასად - გამყიდველი შეცბა, ჭკუამცდარი კაცი ჩანს, მეც არ მიმაყოლონ იმიერსო

-გამომართვი ეს 100 ლარი და ხურდა დამიბრუნე, - თეოდორე, მთელი ძალი და ღონით უჭერდა თითებს მოკუჭულ კუპიურას, რომელიც მხოლოდ ციური სასწაულით აღმოჩნდა გამყიდველის ხელებში.

-ბატონო, ხურდა რომ არა მაქვს... - თვალგაფართოებულმა კაცმა, რომელიც უკვე შეეგუა ბედს, რადგანაც იცოდა რაც მოყვებოდა ამ ამბავს მკლავი შუბლს შემოაფარა
დასჭექა თეოდორემ ,- როგორ თუ არ გაქვს ! მძარცვავ არა ?! ჩემი გაყვლეფა მოგინდა, არა ?! ,- დასჭექა, მაგრამ რა დასჭექა, მიუხედავად იმისა, რომ დოროთე ჯერ კიდევ ჩასასვენებელი იყო თავისსავე ახალ საცხოვრისში... არაფრის დიდებით არ გაჩერდა.
გამყიდველმა ამოილუღლუღა, ბატონო არა მაქვს ხურდა, მაგრამ ხურდად მანდვე რომ პატარა კუბო დევს ის წაიღეო...

-მასე გეთქვა თავიდანვე, შე კაი კაცო ! ,- თქვა თეოდორემ და სახლისკენ, ნავაჭრ- ნადავლით გაეშურა კმაყოფილი.

დაკრძალეს დოროთე.

იმ საღამოსვე მშობლებმა მოაზომეს ახალი საცხოვრისი ნანიკოს.
-ეჰ... თქვა თეოდორემ, ახლა ცოტა დიდი აქვს, მაგრამ გაისად კი კარგად ექნებაო...
მომდევნო წელს ბავშვი ისე გაიზარდა,რომ კუბო აღარ მოერგო. ბევრი ბჭობის შედეგად, ნიკიფორემ მოიფიქრა 4 ფიცრად დაეშალა და ქალაქის სახლი შეემაგრებინათ, არადა რა სჭირდა იმ მშვენებას შესამაგრებელი.

ამრეცით და ცხვირ აბზუებით დასთანხმდა თეოდორე ამ გადაწყვეტილებას, ის კია რისხვა სჭამდა, ბერიკაცი დამიბრიყვეს, ჩემი საყვარელი დოროთე რომ ცოცხალი ყოფილიყო, ვინ გაანიავებინებდა ასეთ ქონებასო.

ასე იყო ეს ამბავი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი