Agni parthene


ჰოი, ყოვლადწმიდაო ქალწულო, სახიერისა ძისა სახიერო დედაო, სამეუფოისა ქალაქისა და წმიდისა ამის ტაძრისა მფარველო და ყოველთა ცოდვილთა მწუხარებათა, განსაცდელთა და სნეულებათა შინა მყოფთა უეჭველო წინამბრძოლო და ხელისაღმპყრბელო! მიითვალე სავედრებელი გალობაი ესე ჩვენ უღირსთა მონათა შენთაგან.. გვიხსენ ჩვენ ბოროტებისგან , ამინ.
-ციებ-ცხელება აქვს, მამა პაის, სულ კანკალებს , ფერიწამხდარი, გარედან  ისეთი ცხელია ქვას კი არა ქვის გულსაც გაალღობს .  ტკივა  , მამა პაის, გესმით ? ტკივა , იძახის დედა... მცივაო, არადა ხურს , შიშის სიახლოვე ასე ჯერ არ მიგრძვნია, თითქოს შიში ცოცხალია.. აი, წინ დგას, შეხედეთ , კართან დგას, ნუთუ ვერ ხედავთ , მამა პაის, გთხოვთ, თქვენ მაინც თქვით, რომ ხედავთ! 

პაისმა გახუნებული შავი კაბიდან ნაცარი ჩამოიბერტყა, დაღლილი , გალეული მოხუცი ფეხზეც  ძლივს ადგა. ეპილეფსია უჩუქებია მისთვის შემოქმედს, შემოტევებიც ჰქონდა, მასაც კარგად ესმოდა სიცივისა და სიცხის ჰარმონია, რამდენჯერ გამოუცდია თავის თავზე ამ ვერაგი სენის შემოტევა , აპოკალიფსის ოთხი ცხენივით რომ დათარეშობს სხეულში .  რად გაუმეტებია უფალს საკუთარი წრფელი მსახურისთვის ასეთი სენი ? 

მართალია, შეუცნობელია გზანი უფლისანი და ისიც მართალია, ყოველმან თვისი წილი ჯვარი უნდა ატაროსო. ღმერთიც , თავის მხრივ,  არავის მისცემს ისეთ ჯვარს , ვინც მის ზიდვას ვერ შეძლებს.  ვინ იცის, რამდენი ტკივილი გამოუცდია პაისს ათონის მონასტრის ციმბირესებრ კედლებში. მით უმეტეს, ზამთარში, აქ ხომ შიგ ძვალ-რბილშიაც ატანს, ვინ იცის რამდენი ტკივილი.. და მაინც , ამ ჩია მოხუცმა, ქრისტეს მეომარმა, უკვე სიცოცხლეშიდაც პირნათლად მოიხადა თავისი ვალი.   მიუახლოვდა მართა-მარიას , უცქერდა და თვალები თითქოს ცრემლით კი არა ანკარა წყაროს წყლით ევსებოდა მოხუცს, ასეთი სუფთა და სპეტაკი იყო მისი ღია , სულ ღია ნაცრისფერ თვალებში დამდგარი გუბე.  თავისი ფაფუკი თითები შუბლზე დაადო  მომაკვდავს. დადუმდა პაისი, თითქოს ის თვალებიდან მომდინარე წყალი პირში ჩაიგუბაო , კარგა დროით იდგა ასე, ჩუმად.  შემდეგ   მართა-მარიას  დედისკენ  გადადგა თავისი გამხმარი ფეხებით რამდენიმე მოკლე ნაბიჯი და ქალი ჩაიხუტა.   საწყალ დედაკაცს ძვლები გაუთბაო.. ასე ამბობდნენ ამ ამბის გამოხდის მერე დამსწრე ბერმონაზვნები. ყველა სულმოუთქმელად ელოდა პაისის სიტყვას , თითქოს მხოლოდ სიტყვაღა ყოფილიყო საჭირო სასწაულის ცხადყოფისთვის.  

-ჩვენ ვიცით , რომ აღსარების საიდუმლოს გამჟღავნება დაუშვებელია , მაგრამ განსაკუთრებულ შემთხვევასთან გვაქვს საქმე.  გუშინ მართა-მარია გვიან გვესტუმრა, მთელი ძალით აბრახუნებდა , ლამის სისხლში მოთხვარა თავისი ნაზად შეკრული მუშტები. მეც შემცბარმა გავაღე კარი.  ამბობდა რაღაც მეზმანაო,  რაღაც, რაც მხოლოდ თქვენ უნდა იცოდეთ და აღსარებად მიიღეთო. მაგრამ ასე მგონია,  თვით ღრმა ერთიც არ მაპატიებს  ამის გაუცხადებლობას.  ჰოდა, როგორღა წარვსდგე მე უვიცი სამსჯავროს წინაშე.  ერთია ,  ცოდვაში ვდგამ ფეხს , ცოდვაში , რასაც ღვთის შეწევნით და ჩემი ადამიანური ვითომდა ძალებით მთელი ცხოვრებაა ვებრძვი ,   ვაშიშვლებ აღსარებას,  მე .. მე უგუნური.. მეორე სინდისია, თითქოს მრისხანე მთავარ ანგელოზი მიქაელი თავისი წმინდა ცეცხლაკიდებული  მახვილით კიდევ უფრო მიხურებს შუბლის ძარღვს და მეც.. მეც ჩემებრ ვაპირებ გიამბოთ , რაც გოგონამ ჩემსავე ყურებს უსაჩუქრა.  

ყველა სმენად იქცა , ბერმონაზონთა გულის ფეთქვა იფიქრებდი ათუქთუქებულ ძრავის ხმას დაემსგავსაო, საფეთქლებზე ოფლიც აღარ ეტეოდათ დამსწრეებს. ასე მეხდაცემულნი, გაშეშებული თვალებით  უცქერდნენ მოხუცს , სული ელეოდათ.  თითქოს , თავად დროსაც დაავიწყდა თვისი არსებობა და ელოდებოდა  - ეგებ დრო მალე გავიდეს და ბერმა მომხდარი გვიამბოსო.. 

- კარი გავაღე .. მართა-მარიამ , მითხრა...  
-დამლოცე მამაო ! უფალმა თუ არა ეგებ თქვენ მაინც შემიწყალოთ 
-დამშვიდდი , ჩემო შვილო, დამშვიდდი , რა მოხდა , ღვთის გულისთვის დამშვიდდი და ისე მიამბე
-ზმანება იყო  ან ცხადი , უფრო კი ცხადი მგონია რომ იყო. არა, უეჭველად ცხადი იყო , მე ვნახე.. ვნახე.. გველი ვნახე მამა პაის,  ოღონდ ის კი არა ათონზე თითქმის ყოველ მეორეს რომ შეუმჩნევია,  არა , ჭეშმარიტად არა , ღმერთს ვფიცავ ეგ არ ყოფილა, მაგრამ ნეტავ კი ყოფილიყო.
- მჯერა, მართა , მჯერა. დაე , უფალმა უმალ მომკლას თუ არ მჯეროდეს. მაგრამ ,  თუ ეგ არა , მაშ რაღა იყო ? რაღა იხილეს შენმა თვალებმა ?
-ეგ .. ეგ..  პირველყოფილი იყო . პირველყოფილი ქვეწარმავალი, პირველშობილი ბოროტება, სახლისკენ მივდიოდი ,დედასთან რძე მიმქონდა ,  როცა  წყაროსთან ,  ძველი , დამწვარი ბაღის მახლობლად აღმართულ ვაშლის ხესთან,  უცნაური ჩრდილი დავლანდე, ყოველი ხატის წინ მუხლმოდრეკილი შევფიცავ, რომ მსგავსი სიშავე  ჯერ აროდეს მინახავს.  ცნობისმოყვარეობამ მძლია, ნელ-ნელა მივუახლოვდი ხეს, ანაზდეულად აიზვირთა შემზარავი, ცაში მიმართულ ვაშლის ხის უკანასკნელ ტოტს სწვდებოდა , მზეც  კი გადაფარა თავისი სისქით, თითქოს მზე გაშავდაო.  შავი მზე ვნახე , თვალები რომ გაახილა  , მისმა მზერამ სული გამიჭრა, მამაო , გესმით ?- სული ! თვალების მაგივრად, თითქოს ცეცხლი უელავდა . მათსავე ალმოდებულ ორკაპა ენას ასისინებდა, ზევიდან დამყურებდა ერთხანს, ასე გაქვავებული ვიდექი მის წინაშე, იმის თქმა კი არა ფიქრიც ვერ გავბედე.. ვერ შევძელი მეფიქრა ‘’ იესო ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი’’  შემდეგ განერიდა ხეს , დაბლა დაეშვა , როცა მიწაზე განერთხა, თითქოს მიწამ კვნესა დაიწყო და ამაოდ ითხოვდა შველას . მომიახლოვდა.. რას არ გავცემდი ნეტავ გონება მაინც დამკარგვოდა .. მხოლოდ მაშინ ვიყავი ისეთ საღბუნებაზე და ისეთი ფხიზელი, როგორიც ჩემ ცხოვრებაში  ერთხელაც კი არა ვყოფილვარ. ჩემამდეც მოვიდა, გამიტოლდა და .. და.. 
-მაშ , გეშინია ჩემი ? -  რად თრთი ჩემ წინაშე, მე ვიცი შენი სახელი.
უხსენებელი მართა-მარიას  გარს უვლიდა ,  როცა ლაპარაკს , უფრო სწორი იქნება, როცა ამ შემზარავ სისინს იწყებდა ,  მართას ყურთან მიდიოდა ახლოს ,გოგონა გარინდებული იდგა, ისეთი თეთრი იყო შუა იანვრის ფიფქიც კი შურით შეხედავდა , რაღა შეეძლო ? მხოლოდ გაფითრებულ სახეზე, ლამის ბუდიდან ამოვარდნილი წინ წამოწეული ტერორითა და შიშით გამძღარი თვალებით ადევნებდა  ამ ვეშაპის სიგრძის ბოროტების პირმშოს მოძრაობას თვალყურს.

-მე ვიცი შენი სახელი. თავად კი ის ვარ , ადამიანო, ვინც შენივე ბრალით ედემის ბაღიდან განდევნეს.  სადღაა სიცოცხლის ხესთან მისასვლელი, აღმოსავლეთით ქერუბიმნი და ცეცხლოვანი, მბრუნავი მახვილი მცველად  უბოძებია ბაღისთვის . მე ის ვარ , ვისზეც დედაშენის, ევას საქები ერთგულების გამო ღვთისადმი,  სამარადჟამო წყევლა  უჩუქნია ყოველთა პირუტყვს შორის , ყოველთა გარეულ ცხოველს შორის, ჩემთვის , მამას ჩემსას.  განდევნილი ხარ, მუცელზე იფორთხე და მტვერი შთანთქე მთელი ცხოვრებაო, სწორედ ამ სიტყვების მოსმენის შემდგომ დავტოვე ედემი. მერედა რისთვის , რისთვის, ადამიანო. ჩემი გარეგნობა შინაგანად გერგო, თავის მხრივ, შენი შინაგნობა ჩემი გარე სახეა. მაშ , საზარელი და მახინჯი ვარ , არა ? - კვლავ შემომხედე,  მაშ, მე ვარ საზარელი და  მანკიერი. ხედავ, რა ხარ, ადამიანო ? მე  ვარ შენი სარკის ანარაკლზე წმინდა ანარეკლი. თურმე გარყვნილებით გახარებული უნდა ვძრწოდე დედამიწის ზურგზე და ვთესდე ბოროტებას.  ეს ყოფილა ჩემი ხვედრი, ხვედრი უსასრულო.  

იცი რას მეძახდნენ ოდეს?- ცისკრის ვარსკვლავს, მაინც რა მშვენიერი ვიყავი, მწყაზარი ვარსკვლავთ ვარსკვლავი.. რა შემრჩა ? დაფლეთილი , დამწვარი , განაცრებული ფრთები. უწინ ჩემი ბუმბულის თითო ღერს შურითა და ღვარძლით მისჩერებოდნენ არქანგელოზნი. ახლა ხორკლიანი , ცვალებადი კანი მერგო. ამ კანითვე ვფორთხავ და ნაფლეთნი ჩემნი  მიწას ახშობენ, ყოველ სიმწვანეს  კლავენ. გგონია , ვხარობ, ადამიანო ? - არა , შენ ცდები.. ცდები  მარადის. მაშ, მე ვარ მეფისტოფელი ! ‘’ ვის ულოცნია ჩემთვის ? განა კი მე არ მჭირდებოდა ლოცვა ‘’ , განა არ მჭირდებოდა შენზე მეტად ? ახლა კი უხსენებელსაც მეძახით, სახელიც  აღარ გემეტებათ.. ისმინე,ადამიანო,  მოურიდებლად  რომ თხოვ მამას დღეგრძელობა და მხნეობა არ მოგაკლოს , ურცხვად, რომ თხოვ  ძმას ჩემსას , მრისხანე მიქაელს, რომ აღგვას მტერნი შენი პირისაგან მიწისა და მგლის დანახვაზე შიშნაჭამი დამფრთხალი ცხვრების ფარასავით გადამალოს. ურცხვადვე  დგახარ უფლის სახლში და იქიდან წამოსული , თითქოს გრძელი გზა გქონოდეს სახლამდის შენ 7 გულითად მეგობარს ნახავ. გულწრფელ სალამს მიუძღვნი ამპარტავნებას , ხელს ჩამოართმევ ანგარებას , თბილ მოკითხვას შეუთვლი სიძვას. ხელს ჩაკიდებ მრისხანებას. ლოყებს დაუკოცნი  ნაყროვანებას.  ღვინოს  შესვამ , ადღეგრძელებ შურს . მხრებს გაშლი , ხელებს მოჰხვევ , მთელი ძალდატანებით გულში ჩაიხუტებ სასოწარკვეთილებას. 
რად თხოვ უფალს განგარიდოს მტერნი შენნი,  7 მტერი გყავს ,ადამიანო, ამ 7 ძმას  მიიჩნევ მტრად. ებრძვი , მთელი შენი ხანმოკლე ცხოვრება,  ლამის მახვილმოღერებული ებრძვი  სიმდაბლეს, მოწყალებას, უმანკოებას, სიმშვიდეს,მარხულობას, სიყვარულსა და სასოებას.  
ოდეს გატყდება , კარიბჭის კლიტული იქედან ადამი და ევა გამოვლენ. დაე აიხსნას ! აიხსნას ოთხი ბეჭედი . მოდი , მოდი და იხილე.   ოდეს მხედარი თეთრ ცხენზე მოგიტანს კატაკლიზმებს  შეხლა-შემოხლას კაცთა შორის , აჰა ! მორბის მხედარი წითურ ცხენზე მახვილით ხელში. დაე , გაიგე მხეცის ხმა იგი მოგიტანს ძალადობას , სისხლის ღვრას და იქნება მსაჯული უფლის სახელით .   ხედავ , ადამიანო ? ხედავ ვინ დაძრწის შავ ცხენზე, აჰა ! იგი მოგიტანს შიმშილს, ნაწლავებს დასჭამ ძმას შენსას და ,აი , მხედარი ფერწასულ ცხენზე .. მხედარი, რომელსა სიკვდილი ჰქვია , სწორედაც იგი, რომელიც  გახეთქავს კლიტეს ქვესკნელისას. მოდი, მოდი და იხილე.  დაე , აგიხდეს მისნობა საღვთო წერილის.

სწორედ ამ დროს მე განვაცხადებ .. რაც ედემის ბაღს არ დამცალდა,  განვაცხადებ , რომ დედამ შენმან, რომელსა ვაჭამე ნაყოფი ხისა, კეთილისა და ბოროტის შეცნობისა , მართლაც ,რომ შეიცნო კეთილისა და ბოროტის გარჩევა. შეიცნო და იცის  ადამმაც , რა არის სიკეთე და - ბოროტება. შეიცნო , ადამიანო და  მიხვდა საზრისს ,მაგრამ  დახე დღეს შენს გავერანებულ კაცობრიობას.  ბოროტი იციან და მაინც ბოროტს სჩადიან. მე მივალ მამასა ჩემსა და ვკითხავ მას .  გარჩევა ისწავლეს და მაინც მანკიერნი არიან. გარჩევა ისწავლეს და კაენი აბელს კლავს , გარჩევა ისწავლეს  და მაინც ნაცრად ქცეული სოდომ-გომორი ისე აღადგინეს როგორც ერთხანს ბაბილონის გოდოლი ყოფილა ცას მიწვდენილი.   გარჩევა ისწავლეს და კვლავ გგმობენ შენ. ვკითხავ!  რომ არ სცოდნოდათ , სადამდე წავიდოდა შენი სრულქმნილი ქმნილება , მსგავსად სახისა შენისა. ადამიანი იცნობს და სჩადის , რომ ვერ ხვდებოდეს, მაშინ გენახათ რაღასღა იზამდა.

თხრობაც დასრულდა. უსმენდნენ ბერმონაზვნები, უსმენდნენ ზარდაცემულნი.. აი , აქვე, ტირის დედაკაციც , მუხლმოდრეკილი. ანაზდეულად , ბერიკაცი თრთოლვამ აიტანა, გახსოვთ რა უჩუქნია მისთვის შემოქმედს? ზნემ მოუარა პაისს, ეპილეფსიას კვლავ მამის კალთას მოშორებული ბავშვივით მოუნდა მისი ჩახუტება.  მუხლი მოეკეცა. გაწვა ღვთის სახლის გაყინულ იატაკზე.  აზრაელს უფიქრია ეგებ სცივაო და თბილი საბურველიც კი გადააფარა  მომაკვდავს . გარდვიდა ვალმოხდილი მოხუცი, იძინებდა  და,  იძინებდა  სამარადჟამოდ. მაშინ, როცა იღვიძებდა მართა-მარია.

-გვიხსენ ჩვენ ბოროტებისგან !
-გვიხსენ ჩვენ ბოროტებისგან !
-გვიხსენ ჩვენ ბოროტებისგან ! 
ამინ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი