აღსარება


მოგესალმები, მკითხველო,  და ისიც არ ვიცი ვის მივესალმები შეიძლება არც მოხვდეს ეს ციცქნა ხელნაწერი შენ ხელებში. დღეს კი უფრო სწორი იქნება, რომ ვთქვათ პლანშეტში, ლეპტოპში, პერსონალურ კომპიუტერში, ამაზონ ქინდლში და ასე გაგრძელდეს უსასრულოდ.
რა უცნაურია ადამიანი,  სათაური მთელი რიგი ამპარტავნობით წავაწერე,  ხომ წაიკითხე- აღსარება.

არა , კიდევ ერთხელ წაიკითხე- ა ღ ს ა რ ე ბ ა. ჰო, ასე ქვია. 
ახლა იმაზე კი არ ვფიქრობ , რასაც გული მკარნახობს და ხელებიც მას ემორჩილებიან ის დავწერო მეთქი. არა, ეს  რომ ვთქვა წმინდა წყლის ტყუილი იქნება და ჩემი მეცადინეობაც, რომ როგორმე მაინც შევუსაბამო ნაწერი სათაურს შენვე ჩათვლი, რომ ამაოა .
ჯერ  მარტო იმას ვფიქრობდი , ამ ციცქნა ჩანახატს მკითხველი ჩემგან გამიზნულად  თუ უნებლიედ რომ შეხებოდა,  რა უნდა ყოფილიყო ისეთი, რაც მის გულზე , ანუ შენს სიკვდილამდე გაუჩერებელ ძრავზე,  ბულვარული რომანის საოცარი ქალწულივით რომ მოათათუნებდა თითებს. 

ვინ სვამს აღსარების ჩაბარების დროს ყავას ?  - არც არავინ. მე კიდე ვდგები ,  ონკანიდან წყალს ვუშვებ, გასახურებელ ჩაიდანს პირს ვუხსნი, ონკანიდან წამოსულ წყალს ამ ჩაიდანში ვუკრავ თავს, ჩაიდანს უკვე პირიც დავუკეტე, ვახრჩობ, ვადუღებ წყალს, აი, ფინჯანიც ვიპოვე როგორც იქნა, ორი ჩაის კოვზი ხსნადი ყავა ,  სამი ჩაის კოვზი შაქარი , მორევა, დედაჩემის ჩხუბი დიაბეტს დაიმართებო, ჰოდა, ყავას ვსვამ , კოფეინით გამძღარი კუჭიც მითბება და წერასაც ვაგრძელებ.

მერვე კლასში ვიყავი, ქუთაისში, ახალგაზრდობის პარკთან ახლოს მდებარე 31 -ე საჯარო სკოლაში, რაც საერთოდაც არაა ასე გაწელვით წარდგენის ღირსი ,რომ ერთი ნორმალური შესახედაობის , თავის ასაკთან შედარებით  ბევრად უფრო მხარბეჭიანი ბიჭი ჩემს კლასში გადმოვიდა. წაბლისფერი თმა, მოზრდილი თავი,დიდი მოთაფლისფრო თვალები, მუქი ლურჯი ჯინსის შარვალი, დამტვერილი შავი ბოტასები და პრიალა შავი თხელი ქურთუკი.ასე  დამხვდა. მერე გავიგე თავისი დაც გადმოსულა იმ წელს მასთან ერთად. ჰოდა, ორივე და-ძმას უკვე ამპარტავნულად შეეძლოთ ეთქვათ, რომ ჩემი საჯარო სკოლის მოსწავლეები იყვნენ. 

იმ დღეს შემაგვიანდა. მიზეზი არ მახსოვს,  დერეფანში ბიჭები მოვიდნენ. ახალი გადმოვიდაო  თქვეს და არაფრის მთქმელი ღიმილი ედოთ უმეტყველო სახეებზე.  მეც წელში გავიმართე, არადა მარტო მაშინ ვიმართებოდი, როცა კარგა გვარიანად შემომძახებდნენ სახლში მხრებში გასწორდიო.  რაო ? - ახალიო ?  ჰოდა , ასე ბეჭებაშლილი და აზნექილი შევედი საკლასო ოთახში.  მაშინ უნდა გენახათ  რა საოცარი ვიყავი. ჯერ ჩემი კლასელების უმეტყველო ,ღიმილიანი აზრნაკლული სახეები და მერე ,  მათ შორის , მე ვიყავი  ყველაზე უმეტყველოც , ყველაზე ღიმილიანიც და ყველაზე აზრნაკლულიც. აზრნაკლულსაც იმიტომ ვწერ, რომ ‘’უაზრო’’ ცოტა არ იყოს ბანალური მგონია.
აი , ასე ყოყლოჩინად დავდიოდი წინ და უკან.  შუა რიგშიც დავჯექი.ახალი მესამე რიგში იჯდა. გაზუთხული გაკვეთილი ჩავაბარე. მომდევნო გასაზუთხი გაკვეთილი ამიხსნეს. 45 წუთი გავიდა.ზარის დასარეკად ბავშვი გაგზავნეს.ბავშვი ზარის დასარეკ ღილაკს ვერ წვდება. ოთახში მყოფები ეხმარებიან. ზარი დაირეკა. სიცილი.  მივედი. წინ  მიდგას.  თვალებში ვუყურებ. დავცინი. მიყურებს. იღიმის. არ დამცინის. ღიმილი წრფელია. კითხვა.
-რა გქვია ბიჭო ? 
-ივანე
-გვარი?
-გაბუნია
მიღიმის
-და მაგარი ხარ ?
მიღიმის
-შენ რა გქვია?
-ხელი ჩამომართვი ჯერ! 
მიღიმის
-როდის გადმოხვედი 
ვითომ არ ვიცი.
-დღეს
-მერე ? 
მიღიმის
-რა გაცინებს ?
-არაფერი 
მიღიმის

ზარი ისევ დაირეკა. ყველა ფეხზე დგას და მეორე მასწავლებელს ლამის სამხედრო სალამს ვაძლევთ. დასხედით . დავსხედით.
ჩავაბარე კიდევ ერთი გაზუთხული გაკვეთილი. ისევ იგივე მეორდება, ოღონდ ახლა ცოტა მოზრდილი ბავშვი გაუშვეს ზარის დასარეკად და  აღარ გაჭიანურებულა.
მოდის.მივდივარ.მიღიმის
-რა გაცინებს მეთქი ბიჭო?
-არაფერი
მიღიმის
-გეკითხები , რა გაცინებს მეთქი ?
როგორ მეგონა , რომ ისე ვღრიალებდი ტორში ისარგაყრილი დათვიც კი ვერ გამიტოლდებოდა და ჩემი შემხედვარე დარცხვენილი უკან თავის ბუნაგში გაძუნძულდებოდა. არადა, სად მქონდა მაშინ ხმის იოგები დაბოხებული. 

მიღიმის. ხელს ვკრავ. ხელს მკრავს. ჰა ლეწე ! ვლეწე.მლეწა.გვაშველებენ. დამრიგებელი შემოდის. 

არ მახსოვს რა გავიფიქრე, ალბათ, ვფიქრობდი, ახლა მშობლებს დაიბარებენ, მაქამდე კიდე არაფრის მომცემი ლექციები დაიწყება ჰუმანურობის ტრიუმფზე , სათნოების დღეგრძელობაზე  , მაგრამ დედა რო მოვა და უამბობენ ჩემს დღევანდელ გმირულ , საზოგადო მოღვაწეობის შესახებ, აი, მერე კი სიტყვა ჰუმანური  აღარავის ემახსოვრება მეთქი. ეგრე არ  ყოფილა. დამრიგებელმა გამომხედა და ხმამაღალი ტონით მკითხა.
-შენ იცი ეგ ვისი შვილია ? 
-დირექტორის ?
სიცილი.
-იცი მეთქი ვისი შვილია ? 
-ვისი ?
-შინდისის გმირებზე გაგიგია რამე ?
-არა
-შინდისის გმირის შვილია.
ლუღლუღი.
-გმირის შვილი თუა ჩვენ კლასში რა უნდა ?
სიცილი.

გმირი- ამ ხუთი ცალი ასოსგან შემდგარმა სიტყვამ ჩემზე იმხელა გავლენა იქონია , პირველად ვიგრძენი , როგორ ჩამიხუტა სინდისმა გულში, წითელი ვიყავი, სულ წითელი. ვხედავდი არეულ სახეებს , ყველა იცინოდა, დამრიგებელიც. ივანეს გარდა, ივანე იდგა სამ რიგად დამწკრივებულ მერხებიდან მესამე,ბოლო  რიგში, ძველ, დაჟანგებულ გამათბობელთან, საღებავ გადაფხეკილ მომწვანო კედელთან და დამტვერილ ფანჯარასთან ახლოს.იდგა და  ისევ მიღიმოდა. თავი დავხარე , ყოველშემთხვევაში, ახლა მინდა, რომ მაშინ თავდახრილი ვყოფილიყავი ან ასე მახსოვდეს.  

საკლასო ოთახი ცარიელი იყო, იქ არავინ ყოფილა ჩემი , ივანეს და ივანეს მამის, ილიას გარდა , ვიყავით მხოლოდ ჩვენ, ვიყავით და ვუღიმოდით ერთმანეთს ჩვენ სამნი. 
დავახლოვდით მე და ივა. შემდეგ ისე მოხდა, მამაჩემი სამსახურიდან თბილისში გადავიდა, მეც წავედი , იქ გავაგრძელე სწავლა. დღეს აღარ მაქვს ივანესთან ურთიერთობა, მანძილი მაინც თავისას შვება. შეიძლება გზაში რომ შემხვდეს ვერც მიცნოს, იფიქრებს ჭკუამცდარია ასე გახარებული გამარჯობას რო მეუბნებაო და გვერდიც ამიაროს. მაგრამ მე ვცნობ და ვიცნობ ყველგან.

1975 წელს ვანის რაიონის სოფელ ზედა გორაში დაიბადა ილია გაბუნია. სადღაც წამიკითხავს, მეუღლე, ქალბატონი თეა ოქროპირაშვილი, ივას დედა, ილიაზე ამბობდა სულ შრომისმოყვარე იყო და არც ერთ საქმეს არ ითაკილებდაო. საქართველოს ისტორია უყვარდა , ქართველი მეფეების საგმირო საქმეებით ყოფილა გატაცებული.   გმირის დედა ამბობს იმ დღეს ვნატრობ , როცა იმიერში გადავალ და ჩავეკონები ჩემს მოუსიყვარულებლად დაღუპულ შვილს, ილოსო. 
 
2008 წლის 11 აგვისტოს , შინდისის ბიჭები მტერმა ალყაში მოაქცია. ვერ დაუღწევიათ რუსის წრისთვის თავი.მაშინ დაიღუპა . 17 აგვისტოს გადმოასვენეს პატრიარქის დახმარებით.  დაკრძალეს ილია. დაკრძალეს და მიანიჭეს მედალი მხედრული მამაცობისთვის.
მის მერე ვფიქრობ, ვფიქრობ ასე ჩემთვის, მაინც რა უნდოდა, რატომ გადმოვიდა , გმირის შვილი თუა რა უნდოდა ჩემს კლასშში ? ..
ესეც აღსარება. ზემოთ რომ ვახსენე ტყუილია, ყავა  არ დამილევია წერის დროს, მაგრამ ეგ არაფერი ..

მე კი არა ,თურმე ილიაც  ატყუებდა ოჯახს გარდაცვალების დღეს, ახლა გორში ვარ, რა მინდა ომში,  ერთ ბრძანებასღა დაველოდები და სამშვიდობოს გამოვალო.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი