განკაცებული
თქვენ ნამდვილად პარანოიკი ბრძანდებით, შეგიძლიათ კიდევ ერთხელ ამიხსნათ ,ქალბატონო, რა დაინახეთ? რამ შეგაშინათ? ამდენი დრო არ მაქვს! სახლში თქვენსავით დოყლაპია 5 შვილი და კიდევ უფრო დოყლაპია ცოლი მელოდება. ა , ჰო ! ესღა მაკლდა, ცოლი არ მყოფნიდა და ახლა დედამისმაც ჩემთან დაიდო ბინა, თითქოს ნიფნიფს , ნუფნუფსა და ნაფნაფს სახლები დაენგრათ და ახლა ყველა ჩემ კისერზე ემალება მშიერ , ფერდებჩაცვენილ მგელს. მგელსო ? მგელს კი არა ფენრირს ! ეგენი სამნი მაინც იყვნენ , ჩემთან კი ჩემი ჩათვლით 8 ვართ. მერედა იმ 3 ცალ გოჭს ქერიც ეყოფათ და ამათ რა ყოფნით ? ლამისაა ჩემი ნაწლავებიც შეჭამონ . იმ დღეს ვიცოდი, სახლში ვაშლის ღვეზელი მელოდებოდა , მაგის სუნს დეპარტამენტშიაც ვგრძნობდი. ჰო ! თქვენსავით შეშლილი, მოზაიკური შიზოფრენიკების, ნარკომნების, და რა ქვია იმ სიტყვას ? რა ვახსენე? - პარანოიკების ! დანაშაულის სუნით გაჟღენთილ დეპარტამენტში, ეგღა მაცოცხლებდა , რომ გალასლასებულს კიდევ ერთი დღე გადამეტანა თბილი ვაშლის ღვეზელით . გადამეტანაო ? გადამეტანა კი არა მომეკლო . რა უცნაურია კაცი ! დღეს იძახის ნეტავ დღევანდელი დღე გადავიტანოვო ,არადა ასე ხომ დარჩენილ დღეებს იკლებს. მაგრამ ისიც კია , თუ კიდევ ერთი დღე არ გადაიტანა და იმ სოლომონივით არ როშა ‘’ ესეც გაივლისო’’ მერე.. მერე.. ხომ ხედავთ ! უკვე მეც თქვენ გემსგავსებით, კიდევ ერთხელ მითხარით რა დაინახეთ ! ღლაპი ვიყავი მამაჩემს ვუთხარი კროსვორდების შევსება მიყვარს მეთქი , იმანაც მედიდურად ჰალსტუხს მოუჭირა, წელში გაიმართა, თავზე თავისი დაკოჟრილი ხელი გადამისვა და დიდი სიამაყით , მეტიც , ამპარტავნებით მითხრა, ჩემი შვილი დიდი მეცნიერი გახდებაო . ო , როგორი მართალი ყოფილა მამაჩემი ! აგე ! ახლა კროსვორდების მაგივრად, ოქმებს მავსებინებთ , მერედა რა ოქმებს , არა , მეცნიერი არა , მაგრამ სამეცნიერო ფანტასტიკის მწერალი კი გავხდი კაცი . ახლა ნუღა აჭიანურებთ ! მითხარით .. მითხარით რა დაინახეთ , კიდევ ერთხელ მითხარით ! - უკვე მოგახსენეთ , ბატონო, უკვე მოგახსენეთ, მე დავინახე ის, ვინც თქვენებრ მხოლოდ საერო სამართლის მძებნელებმა ჯვარზე გააკრეს , თქვენმა უფროსმა , კი ხელები დაიბანა. - ჩემი უფროსი იანკების თამაშს უყურებს მეასედ თავის კაბინეტში და დონატებს ჭამს! მე კიდე მთელი დღეა შვრიაზე ვარ ! ჩემი უფროსი ხელებს მაინც რომ იბანდეს ეგეც კარგი იქნებოდა. დასწყევლოს ღმერთმა ! ვინც ხელები დაიბანა იუდეის პროვინციის მეხუთე პრეფექტი იყო რომის იმპერიაში ! რა ერქვა ? ან თქვენ რას გეკითხებით ,მეც ვიცი რაც ერქვა. პილატე ! .. ჰო , პონტოელიო ასე ეძახდნენ, აი, ეგ იყო და არა ჩემი გასიებული უფროსი ახლაც დაწინაურებას რომ ელოდება ! მერე კი შეიძლება მართლა გახდეს პრეფექტი , პრეფექტი კი არა თვით ტიბერიუსიც! აბა ,ქალბატონო , როგორ გამოიყურებოდა ქრისტე ? - მე .. მე .. თუ სწორად მახსოვს.. - დასწყევლოს ღმერთმა! ან ერთხელ უკვე ვთქვი და რით ვეღარ დასწყევლა! აქ დაახლოებით 1 საათია გიზივართ, მეუბნებით ქრისტე ვნახეო , ნაზარეველი ნახეთ, გეკითხებით რა ეცვა და წინადადებას იწყებთ ‘’ თუ სწორად მახსოვსო’’ ქრისტე ნახეთ და რა ეცვა სწორად როგორღა არ უნდა გახსოვდეთ ? მე გეტყვით რაც ეცვა ! ეცმებოდა სუდარა , თეთრი, არა ! სავარაუდოდ შავი , განა კი სირცხვილის კორიდორში გატარებისას ტალახს არ ესროდნენ ქრისტეს ! არა , უეჭველად გაშავდებოდა, ეკლის გვირგვინიც ექნებოდა თავზე უეჭველად და შუბლზე ღვარა -ღვარა სიმწრის ოფლი, სისხლნარევი , ეკალი ხომ დაუსერავდა შუბლს ? - დაუსერავდა ! ფეხზე არ ეცმებოდა - ვინ ჩააცმევდა ! და ასე დახვრეტილი ხელის გულებითა მიდიოდა , თან სად მიდიოდა , პირდაპირ ბრუკლინში, შუა ბრუკლინშიო ! არა თან ადგილი დამიკონკრეტა , გესმით ? გზაჯვარედინზეო ! ჰო, იერუსალიმი და ბეთლემი მობეზრდებოდა უეჭველად ! აქ უფრო მეტ თავშესაქცევს ნახავს კაცი. აბა ქალბატონო , რაო , რა ეცვაო ? - უკვე ბრძანეთ , ბატონო, მე .. თქვენ უკვე ბრძანეთ , ზუსტად, რაც ეცვა.. მე.. - ვერაფერი ვერ გავიგე , ამ ოქმს მგონია მე კი არ გავსებინებთ თქვენ მავსებინებთ . არა, მაინც მიზიხართ წინ ! არა.. თქვენ კი არა უკვე მე გიზივართ , ვავსებ ამ ოქმს, მე , ჩემი ხელით ვავსებ ! ვწერ , რომ თქვენ კი არა მე დავინახე ქრისტე შუა ბრუკლინში, ვწერ , როგორ მიდიოდა გზაჯვარედინზე , ტალახში ამოსვრილი შავი სუდარით, რომელიც ადრე თეთრი ყოფილა, ეკლის გვირგვინი ედგა თავზე ,შუბლზე სისხლი სდიოდა წვეთებად , ფეხთ არ ეცვა ! მაშინ მე დავამატებ ქალბატონო ! მწვანე თვალები ქონია ქრისტეს ! მხრებამდეც არ ჰქონდა თმა, როგორც გამოხატავენ ხოლმე. სილამაზეც მხოლოდ თვალებისღა შერჩა, ჰო , ამ ადამიანებისგან დაბეჩავებულ კაცს მხოლოდ თვალების მშვენიერებაღა შერჩენია , მწვანე, ფრიად მწვანე, ციცინათელასავით უციმციმებდა და მაინც კაცობრიობისთვის ყოფილა ანთებული. ცხვირი გახეხია ქრისტეს, მაგრამ ოდნავი სიწითლე ედო, თვალს ქვემოთ ჩალურჯებები ეტყობოდა, ნიკაპიც ნაცემ-ნაგვემი , ყურები ახეული, თმა გაცრეცილი, მისი ნატიფი , თბილი თითებიც მხოლოდ იმისგანღა იყო თბილი , რომ სისხლში გახლდათ ამოსვრილი ,ფეხები დასკდომია სიარულისგან , გოლგოთადან წამოსულს ვკითხე განა თქვენ არ უთხარით მამათქვენს ‘’ აპატიეთ რადგან არ იციან რას სჩადიან ‘’ - ვუთხარიო , მითხრა . ვფიქრობდი , ხშირად ისმევა კითხვა, რაც დაახლოებით ასე ჟღერს : კვლავ თუ აპატიებდით ? მოდი , მეც ამ კითხვას დავუსმევ მეთქი , მაგრამ სადღა დამცალდა , თვითონვე თქვა გესმით? აი , ასე ბავშვივით , თითქოსდა ჩამჩურჩულა ქრისტემ - ‘’ ასე ვთქვი აპატიე , რადგან არ იციან რას სჩადიან და სულ მაგას ვიტყვიო ‘’ . ასე ვიდექით მე და ქრისტე ერთმანეთის პირისპირ ერთხანს , ხმას არც მე ვიღებდი და არც ის , მაშინ მინდოდა ამ ნაწამები კაცისთვის ჩემი ჩივილები მეთქვა , აი, რაც თქვენ გითხარით , ქალბატონო , შვილებზე, ხელმომჭირნეობაზე , შვრიაზე , დონატებზე , ჩემ უფროსზე და სხვაზე და სხვაზე.. ვერ შევბედე , დონატებზე ხომ არ დავუწყებდი ლაპარაკს ამ საოცარ კაცს, ჰოდა , ვიდექით და ვუყურებდით მე და ქრისტე ერთმანეთს. გაიხედავდა , გავიხედავდი , აიეხადავდა , ავიხედავდი, შემომხედავდა , შევხედავდი, მაგრამ სიტყვაც არ თქმულა ჩვენ შორის. თავი დახარა ქრისტემ , გაბრუნდა , მომეჩვენა მისმა გაუწყლოებისგან დამსკდარმა ტუჩებმა წაილაპარაკა ‘’ მაშ , წავედიო’’ და თვალებზეც დაენარცხა შუბლზე დაღვრილი ოფლი, არა , ოფლი არ ყოფილა ,ქალბატონო, ატირდა იესო, ჰო.. იესო ატირდა.. მას შემდეგ, ასე დადის , არ მობეზრებია. დადის ასე, გოლგოთადან ბრუკლინში, ბრუკლინიდან ტეხასში, ტეხასიდან ჯერსში, ჯერსიდან ორლეანში, ორლეანიდან მასაჩუსეტსში , მასაჩუსეტსიდან ვეგასში, ვეგასიდან ფლორიდაში და .. დადის ასე .. დადის.. - აკი გითხარით ბატონო.. მე ქრისტე დავინახე მეთქი... ჩემი ქრისტე ეგრე არ გამოიყურებოდა, მაგრამ.. აკი გითხარით დავინახე მეთქი.. ჩემიც ნაცემ-ნაბეგვი იყო.. თქვენიც.. თქვენ.. მაგრამ ეგეთი .. ეგეთი არ ყოფილა.. თქვენ კი მიყვირეთ .. მლანძღავდით და ამ კაცისთვის... მთელი ცხოვრების დარდი , ვარამი , გოდება , პირველშობილი ბოროტება და სამარადჟამო ტკივილი თავის თავზე რომ აუღია.. 1 საათიც გეხამუშებოდათ ჩემი მოსმენა.. - ვერ გავიგე სერ , ვერაფერი ვერ გავიგე. თქვენ ამბობთ, რომ თქვენთან ქალი მოვიდა, პარანოიკს ეძახდით , ამბობდა იესო დავინახეო . თქვენ უმტკიცებდით ბრუკლინში იესოს რა უნდოდაო, მით უმეტეს , გზაჯვარედინზეო. თქვენც კარგად გესმით ჩვენი გრაფიკი, სამუშაოს სიმძიმე, საქმის სერიოზულობა ბოლოსდაბოლოს თქვენც იქ მუშაობთ სადაც მე და იმას ხედავთ რასაც მე , ახლა კი მოდიხართ და იმ სისულელეზე, რაზეც ამ ცოტა ჭკუათხელ ქალს აძაგებდით და ბოლოს თქვენც დაიჯერეთ , მოდიხართ და მეუბნებით ,რომ ქრისტე ნახეთ, რომ ქრისტე დაიკარგა, მე კი ოქმი უნდა შევავსო და მასზე საერთაშორისო ძებნა უნდა გამოვაცხადო ? - დიახ ! სწორედაც რომ მაგას გეუბნებით უკვე თითქმის საათია! თქვენ კი 1 საათიც არ გინდათ , რომ ისეთ კაცზე , როგორიც სამყაროს ჯერ არ ჰყოლია და უეჭველადაც, არც არასდროს მისებრი აღარავინ ეყოლება , ჰო! ასეთ კაცზე ლაპარაკისას არ მომისმინოთ და შეშლილად ჩამთვალოთ ! მაშ ! რად არ ანახებთ ხალხს ქრისტეს ! რატომ არ ანახებთ ? გეკითხებით თქვენ , რად არ ანახებთ მეთქი ! - დამშვიდდით , ბატონო, კი არ მეკითხებით.. მეჩხუბებით.. - არ ვჩხუბობ , გეკითხებით ! საოცრად მშვიდი ვარ ! ასეთი წყნარი - წყნარი ოკეანეც კი არაა ! ან ოკეანე რა წყნარია, წყნარიო ? ვინ დაარქვა ეს უაზრო, მეტიცი აბსურდული სახელი ! უეჭველად შტორმის დროს არ ყოფილია შიგნით ! ან თუ არ ყოფილა დოკუმენტური ფილმი მაინც ენახა ! ან მერედა ვჩხუბობ! ამ კაცისთვის ვითომდა ერთ ჩხუბსა და წამოთაქებას ვერ აიტანთ ხომ ? გეუბნებით ! იმ დღის ბოლოს სახლში რომ წავედი, დღის ბოლოს კი არა, მეორე დღის გათენებისას სახლში რომ წავედი, მივედი ასე დაღლილი , ან როგორ ვბედავ ჩემ თავს დაღლილი ვუწოდო... მივედი სახლში ჯერ ჩემმა ერთმა შვილმა ნახა ქრისტე, მერე მეორემ, მერე მესამემ, მერე მეოთხემ, მეხუთემ , მერე ცოლმა, მერე ცოლისვე დედამ და ასე .. ხედავენ დღემდე ! - რაო , ქრისტე სად დადისო ? - ანახეთ ხალხს ქრისტე ! ანახეთ ! სად დადის მეთქი და ზუსტად გაგიმეორებთ , მაშ ! ზუსტად ! არადა არ მომბეზრდება , სად დადის და გოლგოთადან ბრუკლინში, ბრუკლინიდან ტეხასში, ტეხასიდან ჯერსში, ჯერსიდან ორლეანში, ორლეანიდან მასაჩუსეტსში , მასაჩუსეტსიდან ვეგასში, ვეგასიდან ფლორიდაში და .. დადის ასე .. დადის.. - ვერაფერი გავიგე სერ ! თქვენ ამბობთ რომ თქვენთან ჩვენი თანამშრომელი მოვიდა, ვისაც ერთმა ჭკუანაკლულმა ქალბატონმა მოუყვა ქრისტე ვნახეო , იმანაც დაიჯერა და ამბობდა ,რომ ქრისტე ნახა, მერე სახლში წავიდა და მაგისმა ერთმა, მერე მეორემ, მერე მესამემ, მეოთხემ და მეხუთე შვილმა, ცოლმა და ბოლოს ცოლის დედამ დაიჯერა ნაზარეველი ვნახეთო, მერე ამ კაცმა , ამ ჩვენმა თანამშრომელმა თქვენც , ჩვენი მეორე თანამშრომელიც დააჯერა , რომ იესო უნახავს, ესე იგი, თქვენც ნახეთ, ახლა კიდე ოქმს მავსებინებთ , მეუბნებით , რომ , აი, ასე დადის იესო თავისთვის და ვისაც უნდა , კეთილი ინებოს, ადგეს , იაროს, იაროს, იაროს და მოძებნოსო ? - დიახ , ზუსტად აგრეა , როგორც ბრძანეთ. - არა, მაინც ვერაფერი გავიგე, რაო რაო , მაინც, რა ეცვაო ? - ისევ მოგახსენებთ !
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი