ქუჩის ძაღლები
კიდევ ერთი ირლანდიური სკოჩი ! - როგორც ჩანს მიგდებულს ენის გასველება მოგინდა. - დაასხი სულივან, ქუჩის ძაღლები წყალს წყალობით იღებენ ან წვიმის წვეთებით ამოვსებული გუბიდან. - მერედა წვიმა მაგათთვის წყალობა არაა? - მეც ეგ არ ვთქვი ? ზოგჯერ ღმერთიც ტირის მათთვის - შენთვის ვინ ტიროდა ოკონორ ? კიდევ ერთი ირლანდიური სკოჩი! კასპერ ოკონორი ისეთი ყაიდის ნაბიჭვარი იყო, ვისაც ირლანდიის ქუჩებში იშვიათად შეხვდებოდით. ეს ბებერი გაძვალტყავებული ძაღლი , რომელმაც ცალი თვალი გრაფტონის ქუჩაზე ხეტიალის დროს ხულიგნების წყალობით დაკარგა, ახლა ისე ამაყად შეექცეოდა სკოჩს თითქოს თითოეულ სამიკიტნოში შემომსვლელს - ავტორიტეტულ პიროვნებას, როსკიპს , ობოლს, გახუნებული კოსტიუმის მქონე ვექილს , ხელმოცარულ მუსიკოსს გიტარის 2 სიმზე ჟღარუნით თავი რობერტ ჯონსონი რომ ჰგონია, უბრალო გამვლელს , სამიკიტნოს მფლობელს თუ მფლობელის დედას მასზე უნდა ეთქვა : შეხედეთ კასპერს - ის ადამიანია , რომელმაც ეს დაიმსახურა , ადამიანი, რომელმაც ცხოვრების მანძილზე იმდენი შექმნა, რომ ახლა უბრალოდ სკოჩის სასიამოვნო სიმჟავის ენაზე მოფერებით შეუძლია მიწიერ განცხრომაში ღვიძლი დაალპოს და შემდეგ კმაყოფილი ღიმილით გადაეცეს სასუფეველს. ოკონორი კარგი ბუკმეიკერი , ორატორი , სწავლული და უბრალოდ მრავალი საქმის ოსტატი გახლდათ. მეტიც , საფრანგეთის განმანათლებლებსაც კი შეშურდებოდათ , მიუხედავად იმისა, რომ მათსავე აქა - იქ მიმობნეულ ძვლებს ახლა რომელიღაც იღბლიანი მატლი შეექცევა. ზეპირად იცოდა თქვენი მეზობლის ხელმოწერის გაყალბება , იცოდა როგორ უნდა ეყიდა და გადაეყიდა ქვრივი ფრეიას უძრავი ქონება. ჰო, აი იმ ფრეიასი რომლის ქმარსაც წინა დღით ებრაელმა დალაქმა დიდი პაპის დანატოვარი 20 კალიბრიანი კალივერით თავი გაუხია. ოკონორმა ფრეია ქმრის გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო დაამშვიდა და ადამიანური ემპათიით უბრალოდ მისი სახლი აუქციონზე დადო. კიდევ ერთი ირლანდიური სკოჩი ! - აკი ძაღლები მხოლოდ ოც წლამდე ცხოვრობენო კასპერ ? - ყბედობას სჯობს დაასხა სულივან , ჩემსავით ერთგული კლიენტი ამ აყროლებულ სამიკიტნოს არ ყავს. - მართალი ხარ , ცოცხალი უფრო გამოსადეგი იქნები - ასეთი ცივი ზამთარი ჯერ არ ყოფილა - ირლანდია ჯერ ასე არ გაყინულა - სამაგიეროდ, ვინც არ უნდა მოკვდეს, მაცივარი არავის დასჭირდება, რას იზამ დღეს რომ ბოლო სკოჩი გადავკრა სულივან , თავიც აღარ მოგაბეზრო და ხვალიდან თორმეტივე მოციქულთან ერთად უალკოჰოლო ლუდს ვსვავდე? - ბინგო ოკონორ ! უბრალოდ გარეთ დაგაგდებთ და შენი დაჩირქებული კანის შენარჩუნება საყინულით არ მოგვიწევს , ასე ენერგიაც და ფულიც დაიზოგება. როგორც ჩანს , იმ სამყაროშიც მოციქულების კისერზე აპირებ რამდენიმე კათხის მისაკუთრებას. კიდევ ერთი ირლანდიური სკოჩი ! სულივანმა სამიკიტნო დაკეტა , ოღონდ მას შემდეგ ,რაც როგორც იქნა უკანასკნელი გალეშილი ბომჟი გაათრია. რთული გამოსაცნობი არაა ვინ დარჩებოდა კარის ჩარაზვის ბოლო წუთამდე. ოკონორი კართანვე გულაღმა მიაწვინა, როცა დარწმუნდა სუნთქავსო, თუთუნს წაუკიდა და ნელა მიაბოტებდა. - ალისა , გპირდები ბოლო ღერია. მეტი დანაზოგი მჭირდება. საინტერესოა, რა უფრო სასტიკია, მომაკვდავი შვილის მილეულ თვალებში ყურება თუ ჩემსავით ცოცხალი ლეშის ირლანდიის ქუჩებში ხეტიალი. ეგოისტი ვარ ალისა, ისევ ჩემ თავზე და ტკივილებზე ვფიქრობ. სულივანმა სამიკიტნო გააღო , კაცი ორჯერ იბადება. ერთხელ როცა საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ, რომელიღაც უემოციო მედდა დედის საშოდან თუ გაუმართლა პირდაპირ თავით გამოათრევს და მეორედ როცა თავს დატეხილი, ენით აღუწერელი ტრაგედიის დაძლევის გამო ღმერთს იწამებს. აი , სულივანიც ორჯერ დაიბადა. ალისა - მისი ერთადერთი ქალიშვილი გულის მანკით იტანჯებოდა - ესეც ტრაგედია და გულის გადანერგვა არსაიდან გამოჩენილი უცნობი დონორის წყალობით - ესეც სასწაული , რის გამოც სულივანი მეორედ დაიბადა. - სად ხარ ოკონორ , ცალთვალა ძაღლო , დღეს ყველა სასმელი სამიკიტნოზეა, გესმის ? მინდა ! რომ ისე გამოვთვრეთ ბოლოს მარტო მე და შენ დავრჩეთ და ამჯერად შენ გამათრიო. გახსოვს , რომ ამბობდი ყველაზე ცივი ზამთარი დადგაო , ტყუილია კასპერ! წმინდა წყლის ტყუილი! მეც ვტყუოდი, ირლანდია ასეთი თბილი არასდროს ყოფილა! ეს ვეება, მოურჩენელი , დასუსხული ფიფქები შენ რომ გგონია კაცს კანს აგლეჯსო სალბუნივით მედება, არ გჯერა ძაღლო ? დაიჯერებ ! ოღონდ როცა ჩემს სპირტით დამძიმებულ ლეშს გარეთ გაათრევ კარის ჩაკეტვა არ დაგავიწყდეს ! კუთხეში მჯდომი ფრეია სულივანთან მივიდა - ოკონორი მოკვდა , შენი აზრით სასწაულები მართლა ხდება? - არა , სულივან , ოკონორმა თვითონ შექმნა სასწაული , ალისაც ამ სასწაულის ნაწილია. - ფრეია , დამისხი ერთი ირლანდიული სკოჩი . - სწორი მიდგომაა, ხშირად ვერ შეხვდები ქვრივს, რომელსაც ირლანდიელი ოკონორი , უფრო სწორი იქნება - ირლანდიელი მკვდარი ოკონორი სახლს გაუყიდის. აღსანიშნავი ამბავია. - ფრეია, შენი აზრით კასპერისთვის ვინმეს უტირია ? - რეებს როშავ სულივან?! - ფრეია, ასეთი ცივი ზამთარი ჯერ არ ყოფილა არა ? კიდევ ერთი ირლანდიური სკოჩი!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი