იმმორტალისი
უიმედო ,მარტოსული , დაუდგრომელი დავლსასლასებ და ზეცას ვებრძვი ! მომე მახვილი სპეტაკი კეთილმყოფელი აწ მე მარადის ვარ ვით მბორგავ ვეფხვი და განმაშორეთ გვამს საბურველი მაშ მე ვარ , მე ვარ ! შენ კი არ სცდები მო , დამიძახე შავი ღრუბელი მე კვლავ აღვსდგები, მარად აღვსდგები ! გავყინავ ქარებს არა ქარაგმით ავზვირთავ ტალღებს მყისვე ღრიალით დავსჭექ ! მოგართმევ ნიშანს დადაღვით კლდეს მე ვახეთქებ ჩვილებს ფრიალით რამდენი წყლული გადმომდებია თქვენი ტანჯვებით ყოველღამ მართობთ წარსულ ნატყვიარ არ მომრჩენია სული ბობოქარ წარგწყმიდავთ მნათობთ ჰა შეიგრძენი ჩემი გოდება მოკლული გმირის სუნთქე ვარამი ამ ტკივილთ ვფიცავ მსწრაფლ არ მორჩება მიძახო თუნდაც მხეცი , ვარანი ! მალ მომაშორეთ ლეშს საბურველი მე ვარ , მოკვდავო, შენ კვლავ არ სცდები! მეხთამცემელი შავი ღრუბელი კვლავაც აღსვდგები , მარად აღვსდგები ! გესმის რაფაელ? ისმინე ჩემი! მაშ , მე დავბრუნდი ! აქ იმისთვის ვარ, რაც მე მეკუთვნის. რაც მხოლოდ ჩემი ხელის მტევნების 10 ცალ გველს ერგო. გესმის რაფაელ? ისმინე ჩემი ! მეისრეებო! აღმართეთ დალოცვილი მშვილდები , ამ პათეთიკური , სასოწარკვეთილი, პირტიტველა არსებების მიმართ. მიეცით გეზი საბრძოლო სპილოებს. მხედარნო ! იგრგვინეთ თქვენი ცხენებით , გაუმაძღარი მიწა სისხლით მოთხვარეთ , გახდით მსგავსნი ხელმარჯვე ცელ აღმართული ხელოვანი სიკვდილისა . გამართეთ კატაპულტები , დაე აიზვირთოს მათგან ცეცხლმოკიდებული ლოდები , როგორც მყეფარე ზღვის ტალღები მოურჩენელი შტორმისას. ანგრიეთ გალავანნი და გავიხარებთ! და თქვენ დაცემულთ, ზეციდან მწველი სინათლის სვეტი რომ დაეშვება, დაე ზმანებად არ მიიჩნიოთ, მუდამ გახსოვდეთ, რომ სიკვდილის ანგელოზნი მიწას დაეშვებიან , მკვლავებს მოგხვევენ და ცად აგიტაცებენ. და იმეორეთ მარადის ! იმეორეთ ღრიალით! ‘’მიუხედავად იმისა, რომ დავდივარ სიკვდილის ჩრდილის ხეობაში, ბოროტების არ მეშინია,’’ რადგან მე თავად ვარ ყველაზე ბოროტი პირმშო ამ დაწყევლილ ხეობაში ! თქვა ბელიელმა და უმალ ასრულდა. მხედარნი ველზე დაეშვნენ მოღერებული კამკამა მახვილებით უკუნ სიბნელეს ნათელს რომ გვრიდა. ბრძოლის ყიჟინით შეძრულ მიწას თავ-გზა აებნა. ჩიოდა , ამხელა ვარ და სად დავიმალოვო. დგაფუნით მტვერს ყრიდნენ გაწაფულ ცხენთა რკინის ჩლიქები. ცაში ელვარებდნენ მეისართა გატყორცნილი ისრები , რომლებიც კიდევ უფრო გაშლეგებულნი ხაოდნენ ტკივილით ,რადგან ნავთსა და მწველ ცეცხლში იყვნენ გახვეულნი. -დაე მოვკვდე ბელიალისთვის ! -დაე მოვკვდე ბელიალისთვის ! გამაყრუებლად გასძახოდნენ მეომრები- ბოროტების არ მეშინია, რადგან თავად ვარ ყველაზე ბოროტი პირმშო ამ დაწყევლილ ხეობაში ! დიდებულო მეფეო , რაფაელ , მზის მსგავსო პრინცო სიკეთისა, კეთილთმოქმედო, ხალხისთვის საყვარელო ძეო, რა გვეშველება ჩვენ უბედურთ, ურიცხვნი არიან , დასწყევლოს ღმერთმა! მოურჩენელნი როგორც ვარსკვლავნი ცის კამარაზე , რას გვეტყვი , რაფაელ, გვიხსენ.. გვიშველე... ლუღლულებდა ხრინწიანი ხმით ცალფეხზედ თხა გამობმული მრჩეველი. რაფაელი კი მშვიდი იყო, ისეთი მშვიდი, თითქო არც კი სუნთქავდაო. ოქროს ლომის სიმბოლო ერტყა ვერცხლის აბჯარზე. ოქროსფერი კულულები ყურს უკან გადაიყარა, მუხლზე ტორები დაიბჯინა და ფეხზე წამოდგა. თორის ჩაქუჩის სიმძიმის მუზარადი თავზე ჩამოიცვა. მამის დანატოვარი მახვილი ჩამოხსნა , მტვერი გადაწმინდა და წარწერას გულის ყურით დააკვირდა. -იცი რას ნიშნავს immortālis? -უკვდავი. დუმდა რაფაელი , დუმდა და ელოდა თავის ძმას , ბელიალს. -ახსენით კარიბჭე, მომგვარეთ ჩემი ბუცეფალის სადარი კლიდესდალი. განკაცებულ ანგელოზს ჰგავდა რაფაელი, 2 მეტრის სიმაღლისა და 40 სანტიმეტრის კეთილი გოლიათი. ტორებს იფშვნეტდა, მაჯებს ახურებდა, აისხა ასკილოიანი მახვილი მამისა, რომელიც , თვით არქანგელოზი მიქაელის ‘’სიკვდილის ცეცხლის ‘’ მსგავსი გახლდათ. ისე ათამაშებდა ხელებში, როგორც დედა აიტაცებს ხოლმე უმანკო სიყვარულით თავის ერთადერთ ვაჟს. -ეს თქვენი ბრძოლა არაა. ევედრებოდნენ რაფაელს პატივს , პატივს , რომ მასთან ერთად ამოეშვათ უკანასკნელი სუნთქვა, რათა პირნათლად მოეხადათ ვალი მეფის, საკუთარი თავისა და უფლის წინაშე. ყურიც არ ათხოვა რაფაელმა , სხივმფენარი ღიმილით გადახედა თავისსავე ხალხს და გაიმეორა. -ეს თქვენი ბრძოლა არაა. ნირწამხდარნი დამორჩილდნენ ბრძანებას , აიხსნა კარიბჭე. ელვაზე სწრაფად დაჰქროდა კლისდედალი, მარჯვენში ეპყრა რაფაელს იმმორტალისი, ბასრი წვერი უმოწყალოდ სუსხავდა ისედაც მთელი ღამის გავერანებულ მიწას. ბელიალმა შესძახა მეომრებს - შესდექ ! აღსრულდა ბრძანება და უმალ შეჩერდა თითოეული. ამ გასაცოდავებულმა, ფილტვებ დაფლეთილმა მიწამაც ძლივსღა ამოისუნთქა. -ჩემო ,საყვარელო, უგუნურო , ძმაო, მაშ მარტო მეახელი. უდრეკი რაფაელი - არა ? მარტოდმარტო დგას ამ უთავ-ბოლო გველაშაპის წინაშე. ვეფხვისებრ წვერზე კლანჭი ცინიზმით ჩამოისვა ბელიალმა. ცალ მხარეს შუაზე გაპობილი, ჩამოთლილი წარბი აზიდა. ცალყბა ღიმილი დასთამაშებდა სახეზე. რაზმს მედიდურად გადახედა , მიხვდნენ ძმას აქილიკებსო და მათაც უემოციო სიცილი ატეხეს. -ხომ გაგიგია , რაფაელ, მკვდარი არ მოკვდებაო. მდორე სიცრუე, მე ორჯერ მერგება სიკვდილი. კამილა... მხოლოდ ის.. წყეულიმც ვიყო! მხოლოდ კამილა ჰყვარებია ჩემ დანახშირებულ გულს ამ დალახვრულ სამყაროში. მწველ უდაბნოში უწყლო კაცი მირაჟად ანკარა წყაროს ხედავს , მე მხოლოდ მას ვხედავდი. მის კუპრისებრ შავ ნაზსა და სქელ თმას , ნატიფ, ჩამოსხმულ თითებს, ზურმუხტისფრად ელვარე თვალებს , წარბებს მსგავსად მერცხლის ფრთებისა , აფროდიტეს ტანსა და დადუღებულ ბადაგისებრ ტკბილ ტუჩებს. შენ ,რაფაელ, შენ უყვარდი მას. ჩემთვის არ ემეტებოდა სიყვარული. განგერიდეთ, ვიფიქრე ძმაა ჩემი , განდეგილ ვყავ ჩემი თავი. კამილა მოკვდა. აი , რა გავიგე , რაფაელ. არ მოუარეთ , არ მიხედეთ, დამიღუპეთ და დამღუპეთ. შენ იგემებ რისხვას ჩემსას , მრისხანე ბელიალისას, სხეულზე იგემებ ტკივილს სულში რაც განმიცდია, იგრძენი ჩემი მახვილის გემო,უფროსო ძმაო , დაე , ძრწოდე ჩემ წინაშე ! რაფაელი დუმდა,შემდგომ დაეშვა ბედაურიდან. თავაწეული მიუახლოვდა ბელიალს , მუზარადი მოიხსნა. თვალებში უყურებდა ძმას და გრძნობდა , თითქოს კაცს კი არა , გამჭირვალე , უსულო კედელს მისჩერებიაო. ვეღარ სცნობდა , გული დაემდუღრა რაფაელს. ძმის მაგივრად , მხეცი რომ შეიცნო მასშში. -კამილა არ მომკვდარა,ბელიალ, თავი მოიკლა. ზარდაცემულ ბელიალს ხმა ჩაუწყდა, იფიქრებდი როგორც იქნა ნაცემ-ნაგვემმა მიწამ შური იძია და ეს კაცი ქვეყნიერებას თავზარს რომ სცემდა ერთიანად ჩაყლაპაო. სულისშემძვრელი სიჩუმე სუფევდა ერთხანს, შემდეგ რაფაელმა განაგრძო. -როცა მე , როგორც უფროს ვაჟს , ვალდებულება მხვდა წილად , ჩვენი მამისგან, რომ როგორც მომავალ მეფეს, უპირობოდ მასზე უნდა დამეწერა ჯვარი. ჩემი , შენი, სამეფოსა და ხალხის საკეთილდღეოდ, ქალის ერთ გამოხედვაშიც ვგრძნობდი გაშიშვლებულ სიძულვის ჩემ მიმართ და საუკუნო სათნოებას ჩემი უმცროსი ძმისადმი. შედგა თუ არა ქორწილი, განსდექი და გადაიკარგე. აღიგვი პირისაგან მიწისა. ვგრძნობდი თქვენ სიყვარულს , ბელიალ , ვგრძნობდი და ვხედავდი ცოცხლად. ღირსებას ვფიცავ, თითიც აროდეს მიხლია მისთვის, ქალი წყეულია და შვილი არ უჩნდებაო შენი აზრით რად ამბობდა ყოველი. ამის გამო მან შემიყვარა, შემიყვარა მთელი გულით და ვუყვარდი როგორც არა როგორც ქმარი , არამედ ღვიძლი ძმა. და სიყვარული ჩვენ შორის მართალი იყო. მართალი ჩემი უმცროსი ძმის , ბელიალის მიმართ. არ მეშინია სიკვდილის ბელიალ, წრფელი ვარ მის წინაშე. მაშ მკვდარი ორჯერ არ კვდება არა ? თუ გინდ ყოველდღე მოვკვდები , რადგან მართლად მიცხოვრია და მართლადვე წარსვდგები ჩვენივე დედის , სიკვდილის წინაშე. განშორებამ იმოქმედა კამილაზე. ყოველდღე იზრდებობა და ცხელდებოდა მისი გრძნობა შენდამი. ვეღარ აუვიდა ქალი ვეება სიყვარულს . ტკბილსა და მწარეს , საბოლოოდ კი საკუთარი თავი ზღვას გადასცა ძღვნად. ვეძებდი მის სხეულს , ბელიალ , ვეძებდი და ვერ ვპოვე. ერთ რამეს მივხვდი, ვინც ეძიებს ყოველთვის ვერა ჰპოულობს. ცხენიდან ჩამოდის ბელიალი. ძმას ეხვევა. სიჩუმე. ოდესღაც გმირად წოდებული ბელიალი. სიჩუმე. ცალ თვალზე ცრემლმა ლოყა გასერა. იღიმის გაშიშვლებული მახვილი. იღიმის და ბელიალიც საკუთარი ხელებით თავისვე მუცელს ელამუნება. აცრემლდა რაფაელი. აცრემლდა ლაშქარი. აცრემლდა ანგელოზი. კვდება ბელიალი , კვდება. აცრემლდა კამილა. ჩურჩულებდა ოდესღაც გმირად წოდებული მომაკვდავი, ძლივსღა არჩევდა მიწა მის ჩურჩულს : და მომაშორეთ გვამს საბურველი მაშ მე ვარ , მე ვარ ! შენ კი არ სცდები მო , დამიძახე თეთრი ღრუბელი მე კვლავ აღვსდგები, მარად აღვსდგები ! აცრემლდა მიწა. მიწამ აპატია.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი